„სიზმარა”, „ბატი ტასიკო”, „წუნა და წრუწუნა”, თოვლის გუნდას გოგონასთან მეგობრობის ამბავი და მრავალი სხვა ქართული ანიმაცია ყველა ჩვენგანს კარგად ახსოვს. მათზე თაობები გაიზარდა და დღესაც სიამოვნებით უყურებენ პატარები. ეს ჟანრი საქართველოში ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 30-იან წლებში ყალიბდება და მისი სახელი ვლადიმერ მუჯირს უკავშირდება. ის პირველი ქართული ხმოვანი ანიმაციის, „არგონავტების” შემქმნელია.
შინაარსობრივადაც, ვიზუალურადაც და მუსიკალურადაც ქართული ანიმაცია ყოველთვის გამოირჩეოდა. გასული საუკუნის 60-იან და 80-იან წლებში საკულტო ანიმაციური ფილმები შეიქმნა, რომელთა ნაწილიც სწორედ ზემოთ ვახსენეთ. 90-იანებში, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისი დაიწყო და ყველა სფერო მოიცვა, რა თქმა უნდა, ანიმაციის კეთებაც გარკვეული დროით შეწყდა, თუმცა 2000-იანებიდან ნელ-ნელა ისევ გამოჩნდა ახალი ფილმები. ამის მიუხედავად, სხვა სფეროებთან შედარებით, ანიმაციის ჟანრში გამოწვევები და პრობლემები მაინც რჩება, ეს მიმართულება მოწოდების სიმაღლეზე არ დგას და არ ვართ განებივრებულები ქართული ანიმაციური ფილმების მრავალფეროვანი ასორტიმენტით.
რა არის ამის მიზეზი და რა გამოწვევები დგას დღეს ამ სფეროში? ფინანსები, ადამიანური შრომითი რესურსის ნაკლებობა, ნაკლები ინტერესი, დაბალი მოთხოვნა თუ სხვა? ჩვენს რესპონდენტ, მარიამ კანდელაკთან ერთად მოკლედ მიმოვიხილავთ დღევანდელ მდგომარეობასა და მიმდინარე პროექტებს. მარიამ კანდელაკი საქართველოს ანიმაციის ასოციაციის თავმჯდომარე, რეჟისორი და პროდიუსერი გახლავთ.
„პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ანიმაციური სფერო საქართველოში ცოტა მივიწყებულია და კარგია, რომ მედია მის მიმართ იჩენს ყურადღებას. განსხვავებით, მაგალითად, კინოსგან, ანიმაცია თითქოს ცოტა კუთხეში დგას, მოშორებით. გამოწვევები, რაც აქვს ქართულ ანიმაციას, რეალურად მსოფლიო ანიმაციის იდენტურია, უბრალოდ მათი გადაჭრის ფორმებია განსხვავებული. პირველ რიგში, ეს არის ფინანსური პრობლემა, ის, რომ ანიმაციისთვის დაფინანსება მხოლოდ ეროვნულ კინოცენტრს აქვს და ისიც ძალიან მწირია. როცა ამას ვამბობ, უნდა გამოვყო შემოქმედებითი ანიმაცია და არა კომერციული.
გარდა ფინანსური მხარისა, ვფიქრობ, რომ სცენარის კუთხითაც გვაქვს პრობლემა, ანიმაციური ფილმისათვის კარგი სცენარის პოვნა საკმაოდ ჭირს და ეს პრობლემა მხოლოდ საქართველოსთვის არ არის აქტუალური”, – მარიამ კანდელაკი.
ერთი სრულმეტრაჟიანი ანიმაციის შექმნას დაახლოებით მილიონ-ნახევარი ევრო სჭირდება, რაც საქართველოსთვის მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენს. მარიამ კანდელაკი გვიხსნის, რომ კარგი იქნება, თუ ქვეყანაში გამოცხადდება სპეციალური კონკურსი სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმებისათვის, რომელიც დაფინანსდება და ამ გზით გახდება შესაძლებელი ფილმის გადაღება. ადამიანური რესურსის პრობლემა ნაკლებად არის, რადგან არსებობენ კადრები, რომლებსაც შეუძლიათ ამაზე მუშაობა. მნიშვნელოვანია ტელევიზიებთან და კინოცენტრთან მუდმივი თანამშრომლობა იმისთვის, რომ მეტი პოპულარიზაცია მოხდეს და მეტმა ადამიანმა თუ სექტორმა მიაქციოს ამ დარგს ყურადღება.
„არსებობს არაერთი საინტერესო პროექტი, რომლებიც თითქმის მზადაა იმისთვის, რომ ჩაეშვას წარმოებაში, თუმცა როცა ქვეყანაში არ გაქვს თუნდაც მინიმალური ბაზა, გიწევს შენი იდეები გაგზავნო, მაგალითად, საფრანგეთში, სადაც ისინი არაჩვეულებრივ ანიმაციას შექმნიან. ქართველი ავტორები ხშირად უარსაც კი ამბობენ მსგავს თანამშრომლობებზე, რადგან საზღვარგარეთ იდეის გაყიდვის შემთხვევაში ეს აღარ იქნება ქართული პროდუქტი”, – მარიამ კანდელაკი.
ანესის ფესტივალი ანიმაციის დარგში ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელიც ყოველწლიურად იმართება. აღსანიშნავია, რომ მასში მონაწილეობას ხშირად იღებენ ქართული ანიმაციები და გარკვეულ წარმატებებსაც აღწევენ. მაგალითად, 3 წლის წინ 7-წუთიანი ანიმაცია New Look for Lion 631 პროექტთან ერთად იღებდა მონაწილეობს და ამ რაოდენობაში რჩეულთა შორის მოხვდა. 2020 წელს ჯემალ ქარჩხაძის ლეგენდარული მოთხრობის მიხედვით გადაღებული ანიმაცია „იგი” აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ანიმაციის ფორუმის გამარჯვებული გახდა. ანისის ფესტივალზე სხვადასხვა დროს იყო წარდგენილი ასევე სხვადასხვა ანიმაციური ფილმი: „ჯიბის კაცი”, „ჯინო”, თოჯინური ანიმაცია „მეთევზე და გოგონა”, „მიტოვებული სოფელი” და სხვები.

ჩვენ მარიამს ისიც ვკითხეთ, რამდენად მოთხოვნადია დღეს ანიმატორის პროფესია საქართველოში და რამდენად პერსპექტიულად ითვლება ის, რაზეც ასეთი პასუხი მივიღეთ:
„ვფიქრობ, საკმაოდ უპრიანია ამ პროფესიის დაუფლება, რადგან ის კომფორტულიც არის. მაგალითად, შეგიძლია სახლიდან იმუშაო ლოს ანჯელესში და დისტანციამ ხელი ვერ შეგიშალოს. აქვე მინდა ვთქვა, რომ პანდემიის პერიოდში, როცა კინემატოგრაფიას პრობლემები შეექმნა და გადაღებები შეჩერდა, ჩვენთან პირიქით, შეკვეთებმა იმატა, რადგან ანიმაცი ადვილად მოერგო ონლაინ რეჟიმს.
უფრო დიდი გამოწვევა, ჩემი აზრით, არის ამ სპეციალობის სწავლება, რადგან არ არსებობს ანიმაციის მენეჯმენტის კურსი. თვითონ ანიმატორის პროგრამაც მწირია, მხოლოდ სამხატვრო აკადემიასა და თეატრალურ უნივერსიტეტშია შესაძლებელი ამ პროფესიის დაუფლება.

ჩვენი ასოციაცია, „საქანიმა”, წელიწადში ერთხელ ანესის ფესტივალთან ერთად, ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით, მართავს ვორკშოპს, თუ როგორ უნდა შექმნა და წარადგინო ანიმაციის პროექტი. ამ ვორკშოპზე ყოველწლიურად იზრდება აპლიკანტთა რაოდენობა. თუკი 8 წლის 5-6 პროექტი მონაწილეობდა, დღეს 40-მდე პროექტი შემოდის. ამას გარდა, გვაქვს წამახალისებელი ჯილდოები, რომლებიც ეხმარება ახალგაზრდა შემოქმედებს თავიანთი პროექტების უცხოურ პლატფორმებზე გატანაში”, – მარიამ კანდელაკი.

კიდევ ერთი გამოწვევა, რომელიც საუბრის დროს გამოიკვეთა, ტელევიზიებთან თანამშრომლობაა. მარიამი გვიხსნის, რომ ტელევიზიებს ხშირ შემთხვევაში ან ფორმატი არ უწყობთ ხელს, რათა გაუშვან ქართული ანიმაციები, ან არ არიან დაინტერესებულნი, რომ საკმარისი თანხა გადაიხადონ და შეისყიდონ უფლებები. დღეს, როდესაც უმეტესად მოკლემეტრაჟიანი ანიმაციები კეთდება ქვეყანაში, მათი პოპულარიზაციის ადგილი თითქოს ჩაყლაპულია. კინოთეატრებს არ აქვთ 10-15-წუთიანი ფილმების გაშვების ფორმატი, ვერც სეანსის დაწყებამდე ახერხებენ მის გაშვებას, რადგან ეს დრო კომერციული რეკლამებითაა ჩანაცვლებული. ამ გამოწვევებზე თავად ანიმატორები ერთობლივად მუშაობენ და იმედოვნებენ, რომ სამომავლოდ ეს დარგი მეტად განვითარდება.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი