მილენიალებს კარგად გვახსოვს ის დრო, როდესაც ქართველი შემსრულებლების მუსიკალური კლიპები ყოველდღიურად ტრიალებდა 2000-იანების დროს პოპულარულ მუსიკალურ გადაცემებში. ვერ ვიტყოდით, რომ ახლა ამ მხრივ ძალიან განებივრებულები ვართ. მიუხედავად იმისა, რომ პერიოდულად გვხვდება ჟანრობრივად საინტერესო ვიდეოკლიპები, მათი რაოდენობა მაინც მცირეა, ამიტომ, ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ყოველ ახალ ნამუშევარს გამორჩეულად ველოდებით ხოლმე.
გიორგი მეშველიანი ის ადამიანია, ვინც აქტიურადაა კლიპმეიქინგით დაკავებული. თუკი ბოლო დროს თანამედროვე შემსრულებლების სიმღერებზე გადაღებული საინტერესო ვიდეოები შემოგხვდათ, თითქმის ყველას გიორგის და მისი გუნდის ხელწერა ეტყობა, ამიტომ გადავწყვიტეთ, სწორედ მისთვის გვეთხოვა, შეეფასებინა აღნიშნული ინდუსტრია და თანამედროვე კლიპმეიქინგის გამოწვევებზე Marketer-თან ესაუბრა. გიორგისთან საუბრისას გამოიკვეთა, რომ მიუხედავად მრავალი სხვა გამოწვევისა, მთავარ პრობლემად მაინც ფინანსური რესურსების მოძიება რჩება.
M: რა რესურსებთან არის დაკავშირებული ერთი მაღალხარისხიანი მუსიკალური კლიპის გადაღება?
პირველი და უმთავრესი არის ადამიანური რესურსი, რომელიც მოიცავს კრეატიულ, ტექნიკურ და სამსახიობო ნაწილს. არსებული კონტექსტიდან გამომდინარე, რაც ფინანსურ საკითხებს გულისხმობს, ადამიანური რესურსის უდიდესი ნაწილი სრულ ენთუზიაზმზე დგას.
მეორე არის ტექნიკური რესურსი: კამერა, ლინზები, განათება და აღსრულებისთვის საჭირო სხვა ატრიბუტები.
მესამე – მხატვრობისთვის საჭირო ელემენტებია: რეკვიზიტები, კოსტიუმები და სხვა.
მე ძალიან გამიმართლა. 1 წლის წინ სანდრო გაბილაია გავიცანი და მას მერე „მეტრო ფროდაქშენისგან” უპირობო ნდობა და მხარდაჭერა მივიღე. შესაბამისად, მიზერული რესურსით მაღალი ხარისხის კლიპების შექმნა უფრო გამარტივდა.
M: უშუალოდ პროცესზეც ვისაუბროთ: თქვენთვის რა არის მნიშვნელოვანი გადაღებების პროცესში, იდეიდან შესრულებამდე?
უმთავრესი არის ის, რომ შემოქმედებით პროცესში ჩართულ ადამიანები სიამოვნებას იღებდნენ იმით, რასაც აკეთებენ. თუ სტრესული ელემენტები მრავლდება, ეს საბოლოო შედეგზეც აისახება. ამასთან ერთად, საჭიროა გარკვეული ქიმიის არსებობა შემოქმედებით ჯგუფში.
M: თქვენი ნამუშევრები ნამდვილად იპყრობს ხოლმე საზოგადოების ყურადღებას. თქვენი აზრით, რა განაპირობებს ამას?
ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ მაქვს. მუსიკალურ კლიპებს ზედმეტად სერიოზულად ვერ აღვიქვამ. ზოგადად, მუსიკალური ვიდოების მთელი ხიბლი მის უპრეტენზიო და არასერიოზულ ბუნებაშია. უამრავ შეცდომას გპატიობს და შესაბამისად, ექსპერიმენტებისთვის დიდ სივრცეს გიტოვებს. შეიძლება კითხვაზე პასუხიც ამას უკავშირდება. რაც უფრო არასერიოზულად აღიქვამ საკუთარ შემოქმედებას, მით უფრო დიდი შანსია ხალხამდე მივიდეს.
M: ყველა პროექტზე მუშაობა ალბათ თავისებურად საინტერესოა, თუმცა ხომ არ გამოარჩევდით რომელიმე ნამუშევარს?
საკუთარი ნამუშევრების გადააზრებას გარკვეული დრო სჭირდება. წლების მერე უფრო მარტივად შევძლებ „ფავორიტების” გამოყოფას. თუმცა, გადაღების პროცესის საინტერესოობის მხრივ, სტეფანეს მუსიკალურ ვიდეოს გამოვყოფდი. სპეციფიკიდან გამომდინარე სცენარი ძალიან მშრალი სახით გვქონდა და კადრების სრული უმრავლესობა იმპროვიზაციის შედეგია. სპონტანურობამ გადაღების პროცესი ძალიან აზარტული და საინტერესო გახადა. ამასთან ერთად, გია სურამელაშვილთან ერთად გადასაღებ მოედანზე გატარებული 16 საათი დაუვიწყარი სიურეალისტური გამოცდილება იყო.
M: რომელია თქვენი ფავორიტი კლიპები, რომლებმაც შეიძლება მოგცეთ შთაგონება?
ჩემს საყვარელ კლიპმეიქერად ჯონათან გლეიზერი რჩება, თუმცა ჩემი საყვარელი მუსიკალური ვიდეო იოჰან რენკის შემოქმედებიდანაა – The Knife – ‘Pass This On’.
მარტივი ტექნიკური გადაწყვეტილებებით სახასიათო პერსონაჟებისა და ატმოსფეროს შექმნა ჩემთვის უდიდესი გამოწვევაა. ახლა შეიძლება სასაცილოდ ჟღერს, იმიტომ, რომ ჩემი კლიპების სრული უმრავლესობა გარკვეული აჯაფსანდალია სარეჟისორო ტექნიკის მხრივ, მაგრამ მსგავს სიმარტივემდე სხვანაირად მისვლა წარმოუდგენელი მგონია. ვფიქრობ, ჯერ ბევრი რამე უნდა დატესტო, რომ მერე თავისით დაღვინდეს.
M: წლების წინ ქართულ მუსიკალურ სივრცეში უფრო მეტი კლიპი იქმნებოდა. თუ გახსენდებათ რომელიმე მაშინდელი ნამუშევარი, რომელიც, თქვენი აზრით, იმ დროისთვის საინტერესო პროდუქტია?
კლიპებში ატმოსფერო ჩემთვის ყველაზე მეტად ფასობს. ამ მხრივ ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია Soft Eject-ის Please Just Carry On. ეს ვიდეო და სიმღერა ბავშვობის ლამაზ საშობაო მოგონებებს მიღვიძებს. ამასთან ერთად, ფირისთვის დამახასიათებელი ტექსტურა და ფერები ვიზუალურადაც ძალიან სოლიდურს ხდის.
ძველ მუსიკალურ ვიდეოებზე საუბარი ბასა ფოცხიშვილის ხსენების გარეშე არ გამოვა. 2000-იან წლებში ბასა ძალიან აქტიურობდა და რაც ყველაზე დასაფასებელია, საკუთარი ხელწერა ჰქონდა. ვფიქრობ, მისი ვიდეოები საუკეთესოდ გამოხატავს ეპოქისთვის დამახასიათებელ სტერილურობას იმდროინდელ კულტურაში. „ქვეყანა აირია” ბასას საუკეთესო ნამუშევრად მიმაჩნია.
M: და ბოლოს, თქვენი აზრით, რა არის იმისთვის საჭირო, რომ ქართული მუსიკალური ინდუსტრია ამ მხრივ უფრო დაიხვეწოს?
თავში აღვნიშნე, რომ გამოწვევების უმრავლესობა ფინანსურ ნაწილს უკავშირდება, მაგრამ ეს თავისთავად შეიძლება იქცეს ახალი ხელწერის საფუძვლად. შესაბამისად, საჭიროა ბევრი ექსპერიმენტი და გარკვეული წნეხის მოხსნა, რომ რაღაც არ ივარგებს. წარუმატებლობის შიში და გარკვეული ადამიანებისგან წამოსული წნეხი ყველაზე რთულად დაძლევადი ბარიერია, მაგრამ ამ შიშის გადალახვის გარეშე შეუძლებელია რამე უკეთესობისკენ შეიცვალოს.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი










