მეოცე საუკუნის დასაწყისში წარმატებული სტარტის მიუხედავად, ქართული კალათბურთი არ იყო დამოუკიდებელი, რადგან მას სსრკ-ის ქოლგის ქვეშ უწევდა არსებობა. სსრკ სახელით ტიტულების მოხვეჭა, სსრკ სახელით გამარჯვება, სსრკ სახელით დაჯილდოებული ქართველი კალათბურთელები საქართველოს ნამდვილ წარმატებას თითქოს ჩრდილს აყენებდა. როდესაც 1991 წლის 25 დეკემბერს საბჭოთა კავშირი დაშლილად გამოცხადდა, როგორც მთელი საქართველოს, ისე კალათბურთის ისტორიაში ახალი ფურცლის წერა დაიწყო.
პირველი გამოწვევა
დამოუკიდებელი ნაკრების პირველ გამოწვევად საერთაშორისო ასპარეზზე გასვლა და თავის დამკვიდრება იქცა. გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში საკმაოდ რთული პერიოდი იყო, ნაკრების სრულად შეკვრა გაჭიანურდა და 1994 წლამდე ვერ მოხერხდა. მანამდე იყო მოსამზადებელი ეტაპები, რომლებიც არანაკლებ მნიშვნელოვან როლს ასრულებდა სამომავლო განვითარებაში. ეს ეტაპები მოიცავდა ფედერაციის არჩევნებს, FIBA-ს წევრობას და სხვა.
ფედერაციის არჩევნები
ეს ის პერიოდი იყო, როდესაც, სახელმწიფო გადაწყვეტილებით, აუცილებელი გახდა სპორტის ყველა სახეობას ქვეყანაში დამოუკიდებელი ფედერაცია ჰქონოდა. ფედერაციის ჩამოსაყალიბებლად აუცილებელი იყო არჩევნების ჩატარება, რომელიც მმართველ პირებს გამოავლენდა.
პირველი არჩევნები 1991 წლის 4 ივნისს გაიმართა. მას საგანგებოდ მოწვეული 98 დელეგატი ესწრებოდა. პირველი პრეზიდენტი გახდა ალეკო ჩხეიძე, ვიცე პრეზიდენტი კი როლანდ ხომერიკი. ფედერაციის გენერალურ მდივნად არჩეულ იქნა აკაკი მეგრელაძე.
შემდგომი გამოწვევები
ფედერაცია ოფიციალურად კი ჩამოყალიბდა, თუმცა მის წევრებს საკმაოდ ბევრი სირთულის გადალახვა უწევდათ დასახული მიზნების შესასრულებლად. ეკონომიკური კრიზისი, რომელიც იმ ეპოქის საქართველოში მძვინვარებდა, სპორტის განვითარებაზეც აისახებოდა. როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ნაკრების შექმნაც პრობლემურ საქმედ იქცა.
ეროვნული გუნდის მწვრთნელები იყვნენ ბესიკ ლიპარტელიანი და ნოდარ ქორქია. მათ, ჯამლეტ ხუხაშვილთან ერთად, სპორტის სასახლეში ერთი ოთახი მოიძიეს, ძლივს შეკოწიწებულმა ნაკრებმა კი ვარჯიში დაიწყო. ახლოვდებოდა ევროპის ჩემპიონატი, რომლის შესარჩევ ტურშიც საქართველოს ნაკრები 1995 წლიდან ჩაერთო. დამოუკიდებელი გუნდის პირველი მცდელობა წარმატებული გამოდგა – ნაკრები სამეულში მოხვდა და შესარჩევ ტურნირზე გაემგზავრა.
ევრობასკეტი, FIBA და პრობლემები, რომლებიც ნაკრებს ხვდებოდა
FIBA-ს, ანუ კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატისა და „ევრობასკეტის” გარეშე საერთაშორისო არენაზე მოხვედრა რთული საქმე იქნებოდა, ამიტომ ჩვენი ნაკრები დიდი მონდომებით ცდილობდა ამ ტურნირებში მონაწილეობას. 1997 წელს ევრობასკეტის შესარჩევ ტურში გუნდმა გაიარა საკვალიფიკაციო ეტაპი, თუმცა შუა პროცესში, სამი მატჩის შემდეგ, მწვრთნელი შეეცვალა.
ნაკრების ხელმძღვანელობა ლევან მოსეშვილმა გადაიბარა. ეს დადებითად ვერ აისახა იმდროინდელ მდგომარეობაზე. აქ პრობლემა კონკრეტულ პიროვნებებში კი არა, ზოგად სირთულეებში იყო. ხელმძღვანელობას სურვილი არ აკლდა, რომ პირობები შეექმნა მოთამაშეებისთვის, თუმცა ეს შეუძლებელი იყო. ზოგჯერ ტურნირებზე გასამგზავრებელი თანხაც კი არსაიდან იყო საშოვნელი. რომ იტყვიან, კაპიკს კაპიკზე ადებდნენ და ისე აგროვებდნენ, თუკი რაიმეს შეგროვება ხერხდებოდა. სურათი იმდენად მძიმე იყო, რომ წარმოიდგინეთ, ზოგჯერ კალათბურთელები მატჩის წინა დღეს იგებდნენ, შეძლებდნენ ტურნირზე გამგზავრებას თუ ვერა. იმ წელს ჩვენმა ნაკრებმა შესარჩევი ეტაპი ვერ გაიარა.
ამ წლებში აქტიურად მიმდინარეობდა გუნდური ცვლილებები. ყველაზე მნიშვნელოვანი აქედან ის იყო, რომ ნაკრებს დიდი სიხშირით ეცვლებოდა მწვრთნელები. 1999 წლიდან დაემატნენ ახალი კალათბურთელებიც. მათ შორის იყვნენ შემდგომში ძალიან პოპულარული სპორტსმენები, ვლადიმერ ბოისა და ნიკა ცქიტიშვილი.
2000-იანი წლები
2000-იან წლებში სიტუაციამ გამოსწორება დაიწყო. 2003 წლიდან გუნდს უცხოელი მწვრთნელები გამოუჩნდნენ. როგორც ვთქვით, ამ დრომდე ნაკრებს არათუ შეკრებების გამართვა არ შეეძლო, არამედ საერთაშორისო მატჩებზე წასასვლელი ფულიც არ ჰქონდა. 21-ე საუკუნის დადგომასთან და ქვეყნის საერთო ეკონომიკური ფონის ოდნავ გაუმჯობესებასთან ერთად კი, სახსრები ნელ-ნელა გამოჩნდა.
2004 წელს გუნდს სათავეში ჩაუდგა ხორვატი დრაჟენ ბრაიკოვიჩი, რომლის ხელმძღვანელობის დროსაც ქართველებმა სამიდან ორი მატჩი მოიგეს. ის მხოლოდ ერთი წელი იყო მწვრთნელის პოზიციაზე, შემდგომ კი ეს როლი კანადელმა გორდონ ჰერბერტმა მოირგო, ასევე ერთი წლით. ის ევროპაში საკმაოდ მაღალი დონის მწვრთნელად მიიჩნეოდა, თუმცა, სამწუხაროდ, იმ ეტაპზე არც ეს სიახლე აღმოჩნდა დადებითი შედეგების მომტანი. ნაკრები დიდ ტურნირებზე მაინც ვერ ხვდებოდა.
ევრობასკეტზე მოხვედრა და FIBA
პირველად საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე 2011 წელს მოხვდა და მას შემდეგ კიდევ ოთხჯერ მიიღო მონაწილეობა. აქედან უკანასკნელის, 2021 წლის ევრობასკეტის მასპინძლადაც კი მოგვევლინა.
რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონატს, საქართველომ მასში მონაწილეობის უფლება 2023 წელს პირველად მოიპოვა, ამიტომ ეს მისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა. იმის მიუხედავად, რომ ნაკრებს უკვე აქვს NBA-ში თუ ევრობასკეტზე თამაშის გამოცდილება, მსოფლიო ჩემპიონატი მაინც ახალი ეტაპია, სადაც ის დებიუტანტია. მისი პირველი თამაში 26 აგვისტოსაა ჩანიშნული და ის კაბო ვერდეს ნაკრებთან გაიმართება. ჯამში გუნდი სამ განსხვავებულ ნაკრებს შეხვდება. მოლოდინები საკმაოდ მაღალია, ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, რომ დაველოდოთ და ჩვენს კალათბურთელებს ვუგულშემატკივროთ. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი 25 აგვისტოს დაიწყება და 10 სექტემბრამდე გაგრძელდება.
საქართველოს კალათბურთის ნაკრების მთავარი პარტნიორია საქართველოს ბანკი.