როგორც ჩვენი წინა სტატიით უკვე გაიგეთ, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება. საერთაშორისო ტურნირი 25 აგვისტოს იწყება და 10 სექტემბერს სრულდება. მასში მონაწილეობას 32 გუნდი იღებს და 16 დღის განმავლობაში 92 თამაში ჩატარდება. კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატი FIBA-ს, კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის ღონისძიებაა და ის ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება.
ქართული ნაკრების მატჩები პირველივე დღეებშია დანიშნული. გულშემატკივარი დიდი ინტერესით ელის მათ გამოსვლას ტურნირებზე. საქართველოს ბანკთან ერთად, რომელიც ნაკრების სპონსორია, გადავწყვიტეთ, გაგვეხსენებინა, როგორია ქართული კალათბურთის ისტორია, საიდან და როდის იწყება ის, რა მიღწევები ჰქონდათ ქართველებს ამ სახეობაში და ა.შ.
ქართული კალათბურთის ადრეული წლები
ეს ყველაფერი მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიწყო. 1922 წელს ქართველი მძლეოსანი, ალექსანდრე ჭელიძე ერთ-ერთი შეჯიბრიდან საქართველოში დაბრუნდა და თბილისში იმ „უცხო სპორტის” პოპულარიზაცია დაიწყო, რომელიც საზღვრებს გარეთ იხილა. ის ფიზკულტურული წრის ხელმძღვანელი იყო და თბილისში პირველი საკალათბურთო მოედნის მოწყობას ჩაუყარა საფუძველი.
ისტორიას შემონახული აქვს ამ მოედანზე პირველი თამაშიც. ის 1923 წლის მარტში გაიმართა და მასში მონაწილეობა მაშინდელი „მუშფაკის”, იგივე ინდუსტრიული ინსტიტუტის გუნდებმა მიიღეს. პირველი გვარები, რომლებიც ამ ისტორიულ ფურცლებზე კალათბურთის მოთამაშეებად ჩაიწერა, მაშინდელი ტანმოვარჯიშეები იყვნენ: მიხეილ ცხვედაძე, გიორგი საყვარელიძე და სხვები. ამის შემდეგ სპორტის ახალმა სახეობამ ქვეყანაში სახელი გაითქვა და შემდგომ წლებში განვითარება გააგრძელა.
მომდევნო წლების ქრონიკა
1924 წელი – თბილისის რკინიგზელთა გუნდმა ტურნირი 6 გუნდის მონაწილეობით დააორგანიზა. გუნდებს შორის გაიმარჯვა „სინათლემ”, რომელიც ბაქოში გაემგზავრა მატჩზე. ეს იყო საქართველოს პირველი მონაწილეობა საერთაშორისო ტურნირზე.
1925 წელი – საერთაშორისო ასპარეზზე მონაწილეობის შემდეგ პირველი ოფიციალური ჩემპიონატი თბილისშიც ჩატარდა, სადაც გუნდმა „სინათლე” გაიმარჯვა და ის იქცა პირველ გამორჩეულ საკალათბურთო გუნდად საქართველოში.
1927 წელი – საინტერესო გარდატეხა მოხდა. მე-20 საუკუნის 20-იანი წლების საქართველოში კალათბურთით ქალებიც დაინტერესდნენ და ვაჟებთან ერთად ქალთა გუნდებიც ჩამოყალიბდა.
ამ წელს ჩემპიონატი ქუთაისში ჩატარდა და მასში მონაწილეობა ქალებმაც მიიღეს და კაცებმაც. გამარჯვებული ისევ „სინათლე” გახდა.
კალათბურთის, როგორც სპორტის ოფიციალურად ჩამოყალიბება
ზემოთ ჩამოთვლილმა თარიღებმა გარდამტეხი როლი ითამაშა ქართული კალათბურთის განვითარებაში. თბილისში მომრავლდა მოედნები, გუნდებმა ჩამოყალიბება დაიწყეს სხვადასხვა ორგანიზაციაში, იქნებოდა ეს სპორტული ინსტიტუტები თუ პროფკავშირები. კალათბურთის გუნდებს ქმნიდნენ ქართული დივიზიის ნაწილებიც და მაშინდელი სასწავლო დაწესებულებებიც.
სპორტის ეს სახეობა განვითარდა რეგიონებშიც. განსაკუთრებით აქტიური ქალაქები, თბილისის შემდეგ, იყო ქუთაისი, ბათუმი და სოხუმი, სადაც მაშინდელმა საბჭომ საქართველოში კალათბურთის პირველი ფუძემდებელი, ალექსანდრე ჭელიძე გააგზავნა, რათა მას იქ ამ სპორტისთვის პოპულარობა გაეწია.
ამ ყველაფერმა დიდი გავლენა მოახდინა ქართულ კალათბურთზე და 1930-იანი წლებისთვის აქ უკვე რამდენიმე ძლიერი გუნდი იყო ჩამოყალიბებული, რაც იმის ფონზე, რომ ეს სპორტი ქვეყანაში 20-იანებში შემოვიდა, საკმაოდ სწრაფი შედეგი იყო.
პირველი ცნობადი სახელები ამ სახეობაში
პირველი ცნობადი სახელები და გვარები, რომლებმაც განსაკუთრებული კვალი დატოვეს ამ სფეროში, იყვნენ: ლევან ფალავანდიშვილი, ვლადიმერ და რობერტ მდივნები, ვახტანგ ციციშვილი, არჩილ წერეთელი და სხვები. ვახტანგ ციციშვილმა შეიმუშავა კალათბურთის პირველი სასწავლო პროგრამის. მანვე ჩამოაყალიბა პირველი საკალათბურთო სკოლა, სადაც შემდგომ პერიოდებში არაერთი ცნობილი სპორტსმენი გაიზარდა.
გამომდინარე იქიდან, რომ იმდროინდელი საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობა ხელს არ უწყობდა გუნდებს, დამოუკიდებელი ქვეყნის სახელით ეასპარეზათ, მათ სსრკ-ის სახელით უწევდათ სხვადასხვა ჩემპიონატში მონაწილეობა. ამ პერიოდის ქართული გუნდებიდან ყველაზე დიდ წარმატებებს აღწევდა „ლოკომოტივი, თბილისის ოფიცერთა სახლის გუნდი და თბილისის დინამო. ეს უკანასკნელი 50-იანი წლებიდან უპირობო ლიდერი იყო. მან 5-ჯერ მოიგო საბჭოთა კავშირის თასი და 1962 წელს ევროპის ქვეყნების შეჯიბრის გამარჯვებულიც გახდა.
ქართული კალათბურთის ისტორია ორ პერიოდად იყოფა: დამოუკიდებლობამდე და მის შემდეგ. 90-იან წლებამდე, როგორც ვხედავთ, სპორტის ამ სახეობამ ფეხი მყარად მოიკიდა: იმართებოდა როგორც ოფიციალური, ისე ამხანაგური მატჩები, ჩვენი სპორტსმენები მრავალ წარმატებას აღწევდნენ, თავის მხრივ, ძლიერდებოდა ქალ კალათბურთელთა ნაკრები. ქალებს შორის ყველაზე ცნობილი სახე ალისა ასიტაშვილი იყო, რომელმაც ორჯერ გაიმარჯვა სსრკ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატში.
სპორტსმენთა მზაობა, თამაშის ხარისხი, წარმატებები – ქართველ კალათბურთელებს ეს ყველაფერი ჰქონდათ. ვითარებას დაღს ასვამდა ერთადერთი რამ – ისევე როგორც ქვეყანა, სპორტი არ იყო დამოუკიდებელი, მას არ შეეძლო დამოუკიდებლად მიეღო გადაწყვეტილებები და ნებისმიერი გამარჯვება სსრკ სახელს უკავშირდებოდა. ეს ვითარება 90-იან წლებამდე გაგრძელდა და ამის შემდეგ უკვე ახალი ისტორიის წერა დაიწყო.
საქართველოს კალათბურთის ნაკრების მთავარი პარტნიორია საქართველოს ბანკი.