in

ქართული კინოინდუსტრია და მარკეტინგული გამოწვევები

ქართული კინოინდუსტრია უკვე მრავალ წელს ითვლის. ცნობილი ქართული კინოშედევრები, რომლებიც ჯერ კიდევ წინა საუკუნეში იქმნებოდა, ჩვენთვის დღესაც ძალზე საყვარელი და ახლობელია, თუმცა თანამედროვე ქართული კინოსამყაროც არანაკლებ მიღწევებს გვთავაზობს, იმის მიუხედავად, რომ ძალიან დიდი ინდუსტრია არ არის და როგორც ამ სფეროში მოღვაწეები გვეუბნებიან, მეტი ხელშეწყობა და გაზრდა სჭირდება. 

ბოლო წლებში არაერთი საინტერესო ნამუშევარი ვიხილეთ: ზოგიერთ მათგანს დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა, ზოგი სხვადასხვა ქვეყანაში იქნა ნაჩვენები, წარდგენილი იყო კინოფესტივალებზე და წარმატებებიც მოიპოვა. თუმცა ისევე როგორც სხვა დანარჩენს, კინოს სფეროსაც სჭირდება მუდმივი განვითარება, სწორი სარეკლამო გზების მოძიება და სხვა. ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებმა, ჯერ პანდემიამ და წელს რუსეთ-უკრაინის ომმა, ცხადია, მოახდინა ზეგავლენა ქართულ კინობიზნესზეც, თუმცა, როგორც ამ სფეროს წარმომადგენლებმა გვითხრეს, ხელოვანები მუშაობენ ფილმების შექმნაზე და საქართველოში ეს პროცესი მაინც აქტიურად მიმდინარეობს. ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც კინოინდუსტრიაში ვლინდება, ეს არის არა კარგი რეჟისორების, სცენარისტების, მსახიობებისა და სხვა ხელოვანთა სიმცირე, არამედ ფილმების მარკეტინგის ნაწილი, რომელსაც მეტი ყურადღების დათმობა არ აწყდენდა.

რა სჭირდება ქართულ კინოინდუსტრიას ან როგორ ხდება მისი მარკეტინგული შეფუთვა და დიდ ბაზარზე გასვლა? ეს კითხვა, ალბათ, ბევრ ჩვენგანს აინტერესებს, ამიტომ დღევანდელ რესპონდენტთან ერთად ვეცდებით, გამოგზაუროთ თანამედროვე ქართულ კინოსამყაროში…

Marketer-ის კითხვებს კინორეჟისორმა, გიორგი ვარსიმაშვილმა უპასუხა. გიორგი არაერთი ფილმის რეჟისორი, მემონტაჟე და სცენარის ავტორია. მას კინორეჟისურის მაგისტრის ხარისხი საფრანგეთში აქვს მიღებული. მის ფილმებს შორისაა: „ახდენილი ოცნება”, „ორმაგი სტანდარტი”, „Je t’aime” და სხვა. რამდენიმე წლის წინ ის შვეიცარიაში მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადასაღებადაც იყო მიწვეული.

M: რა გამოწვევებთან უწევს შეჭიდება ქართულ კინოინდუსტრიას დღეს მარკეტინგის კუთხით?

დავიწყოთ იმით, რომ რაოდენ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ხშირად მარკეტინგულ გათვლებს თავად რეჟისორებიც არ აკეთებენ. ისინი უფრო ორიენტირებულნი არიან ფილმის შინაარსზე, მის გატანაზე რომელიმე ფესტივალზე და იქ თუ რამე ჯილდოს აიღებენ, ეს არის მათთვის მთავარი. ის, რომ ფილმს შეფუთვა სჭირდება, სწორად დასახული გეგმა და პიარი სჭირდება, არ არის ხოლმე ნაფიქრი. 

მეორე პრობლემა, რაც ქართულ კინოს უდგას ამ კუთხით, ის მგონია, რომ ზოგადად ქართულ სივრცეში კულტურისთვის ძალიან ცოტა ადგილია გამოყოფილი. მაგალითად, როცა ტარდება ფილმის, წიგნის და მსგავსი პრეზენტაცია, შეიძლება მარტო 1 მედიის წარმომადგენელი მოვიდეს ან 2; ზოგმა იმიტომ შეიძლება შეიკავოს თავი, რომ რაღაცას უფრო პოლიტიკური გადმოსახედიდან უყურებს; 

მესამე პრობლემა კინოთეატრების ნაკლებობაა. რატომღაც არ არსებობს რწმენა, რომ ქართულ კინოს დიდი თანხების მოტანა შეუძლია. მე მახსენდება, მაგალითად, ჯერ კიდევ 10 წლის წინ, როდესაც ჩემი ფილმი „პარიზული ოცნება” გამოვიდა კინოგაქირავებაში, მითხრეს, რომ მარტო ტრეილერს გავუშვებთ კინოთეატრში და შეიძლება აფიშაც დავკიდოთო. ეს აფიშა კი დაკიდეს, მაგრამ ისეთ ადგილზე, რომ არც ჩანდა წესიერად. მოხდა ისე, რომ ფილმი თვენახევარი გადიოდა და საკმაოდ დიდი დასწრება ჰქონდა. ეს რომ დაინახეს, ჩამოხსნეს აფიშა და უკვე ნორმალურ ადგილას დაკიდეს. 

კიდევ ვფიქრობ, პრობლემა მაყურებლის კულტურაშიც არის, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი დღეს თავს არიდებს კინოთეატრში წასვლას და ფილმი როცა გამოდის, კითხულობს, თუ როდის დაიდება ინტერნეტში. ეს არ არის სწორი დამოკიდებულება, რადგან უფრო ნორმალურ ქვეყნებში ხალხი დადის კინოში და მის კომპიუტერში ნახვას არ ელოდება. აქ მარტო ქართულ ფილმებზე არ არის ლაპარაკი. თუნდაც, ძალიან ცნობილი ფილმი რომ გამოდის, რომელიც კინოთეატრებში შემოვიდა, როცა ვეკითხები ნაცნობებს, მეუბნებიან ხოლმე, რომ არ მინახავს, ველოდები, როდის დაიდება. 

ეს არის ძირითადი გამოწვევები. რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი სხვაც არსებობს, მაგრამ რაც მე პირადად ყველაზე მეტად მომხვედრია თვალში ან საკუთარ თავზე გამომიცდია, ესენია. 

M: არსებობს თუ არა საქართველოში მარკეტინგული კომპანიები, რომლებიც ეხმარებიან ფილმმეიკერებს ამ საქმეში? ვინ ზრუნავს ფილმის მარკეტინგულ ნაწილზე?

ასე, კონკრეტულად, ისეთი კომპანიები, რომლებიც კინოს მარკეტინგზე მუშაობენ, არ არის. შეიძლება დაგიმზადონ პოსტერი, მაგრამ ის, რომ ვიღაცამ სტრატეგია გაწეროს, იზრუნოს ამის გაყიდვაზე და ა.შ., ეს კულტურაც არ არის დანერგილი. ამის მიზეზი მგონია ის, რომ ზოგადად, ქართული კინოს ბაზარი არ არის დიდი. ძალიან რთულია, რომ ამ სფეროში დიდ მოგებაზე გახვიდე. სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და მარკეტინგული მომსახურება კი საკმაოდ ძვირადღირებული სერვისია, რასაც ვერ უზრუნველყოფენ თავად ფილმის შექმნელები, ამიტომ თვითონ უწევთ მისი გარეკლამებაც და გაყიდვაზე ფიქრიც, რაც უკვე მერე იმ შედეგს იწვევს, რომ ზოგს უკეთ გამოსდის და კარგად იყიდება, ზოგი კი ვერ იყიდება, იმის მიუხედავად, რომ შეიძლება ფილმი მართლაც კარგი იყოს. 

მარკეტინგული კუთხით, დღეს კარგად მუშაობს სოციალური ქსელები. თუ სწორად დაგეგმავ და გამოიყენებ, თუნდაც Facebook-ზე კარგი კამპანიისა თუ რეკლამის გაკეთება შეიძლება. ამიტომ, თუ იცი მისი ამ კუთხით გამოყენება, არის საშუალება, რომ აქედან გაყიდო შენი პროდუქტი და აქედან გახადო ის პოპულარული. მით უმეტეს, კინოში ძირითადად სულ შემომედებითი ხალხია და არ უჭირთ ფანტაზიებში, არ უჭირთ შთაგონებაში, უმეტესობა ახერხებს იმას, რომ ციფრული არხებით მაინც გავიდეს რაღაც შედეგებზე.

M: თამაშობს თუ არა მარკეტინგულ როლს საერთაშორისო კინოფესტივალები და რომელი მათგანი ითვლება ამ მხრივ უფრო პრესტიჟულად?

გააჩნია, ამას ვისი კუთხიდან შევხედავთ. თუ მაყურებლის კუთხით ვუყურებთ, მაშინ კანის კინოფესტივალზე თუა მოხვედრილი ქართული ფილმი, მას მეტი ადამიანი უყურებს და მეტი ადამიანი ინტერესდება. მაყურებლისთვის შეიძლება არაფრისმომცემი იყოს ის, რომ ფილმი ლოკარნოს ფესტივალზეა ნამყოფი, რადგან მასზე ისეთი გავრცელებული ინფორმაცია არ არის, თუმცა კინოუნდუსტრიის წარმომადგენლებისთვის ის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. 

ფესტივალები A, B და C ფესტივალებად იყოფა და მაყურებლისთვის მნიშვნელოვანია კანისა და ვენეციის ფესტივალი, რომლებზე მოხვედრაც გარკვეულწილად მართლა უწყობს ხელს იმას, რომ არა მარტო საქართველოში, არამედ ბევრ ქვეყანაში ფილმი წარმატებით გაყიდო. 

რადგან ფესტივალებზე ვსაუბრობთ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ზოგიერთი, მაგალითით, ბერლინის ფესტივალი ხშირად არჩევს ფილმს იმის მიხედვით, თუ რა თემატიკაა იმ პერიოდში აქტუალური. აქედან გამომდინარე, შეიძლება მართლა ძალიან კარგი ფილმიც იყოს, მაგრამ იმის ალბათობაცაა, რომ უბრალოდ თემას ეხმიანებოდა და იმიტომ აირჩიეს. ბერლინალეზე მოხვედრილი ფილმები ყოველთვის შედევრები არ არის, თუმცა სახელი აქვს და ხშირად ხალხზე ეს სახელი კარგად მუშაობს.

რაც შეეხება ჯილდოებს, როგორებიცაა ოსკარი და ოქროს გლობუსი, ძალიან დიდი წონა აქვთ პოპულარულ საზოჰგადოებაში. მაგალითად, როდესაც „მანდარინები” წარადგინეს ოსკარზე, როგორც მახსოვს 30,000 ადამიანი მივიდა ფილმის პრემიერაზე, რაც საქართველოს გამოცდილებისთვის ძალიან დიდი რიცხვია. 

კიდევ ერთსაც დავამატებდი აქ, რომ ფესტივალებში მონაწილეობა კარგია იმ მხრივაც, რომ აქ შეიძლება გაყიდვების აგენტის პოვნა, რომელსაც შეიძლება ისეთ დიდ კომპანიებთანაც კი ჰქონდეს თანამშრომლობა, როგორებიც Paramount Pictures ან Warner Bros. Pictures არიან. 

M: რა აკლია, თქვენი აზრით, ქართულ კინოინდუსტრიას მარკეტინგის მიმართულებით და რა უნდა გაკეთდეს ამისთვის?

პირველ რიგში, გვაკლია კინოთეატრები. ძალიან რთულია, რომ ფილმის პრემიერა კრეატიულად გააკეთო საქართველოში. გვაკლია წითელი ხალიჩები და მასშტაბური ღონისძიებები ამ მიმართულებით. 

ზოგადად რომ შევაჯამო, ვფიქრობ, რომ კრეატივი აკლია ამ ყველაფერს, რადგან მარტო ფილმის გადაღება და კარგი სცენარი არ  მუშაობს ფილმის მარკეტინგულ ნაწილზე. საჭიროა შესაბამისი ღონისძიებები. მაგალითად, Top Gun რომ გამოვიდა, პრემიერაზე რეაქტიულმა თვითმფრინავებმა გადაუფრინეს კინოთეატრს. ეს სულ რამდენიმეწამიანი ამბავია, მაგრამ ვინც იქ იყო და ნახა, ყველამ ილაპარაკა ამაზე და დაამახსოვრდათ. ჩვენთან კინოს კულტურა რომ იყოს განვითარებული, შეიძლება არა მაინცდამაინც ასეთი, მაგრამ მსგავსი აქტოვობების დაგეგმვა და ფილმების ისე მიწოდება, რომლებზეც მეტი ხალხი გაიგებს და ილაპარაკებს. 

სხვათა შორის, ვთვლი, რომ ქართულ კინოთეატრებს კონკურენციის შეგრძნებაც არ აქვთ, რადგან როგორც კი გამოჩნდება ვინმე, ვინც უფრო კრეატიულ ნაბიჯს გადადგამს და ყურადღებას მიიქცევს, ამან შეიძლება დანარჩენებზეც იქონიოს გავლენა და გამოაცოცხლოს. 

კარგი იქნება, რომ არსებობდეს კრიტიკოსების ინსტიტუტი. საფრანგეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში ჯერ დახურული ჩვენებები იმართება, კრიტიკოსების ნააზრევი გამოდის, რომლებსაც ხალხი ეცნობა, მთელი პროცესია ეს ყველაფერი და შემდეგ უკვე პრემიერისთვის მომზადებული აუდიტორია მიდის. ჩვენ ესეც გვაკლია და ამაზე მუშაობა, ამ კულტურის დანერგვა მნიშვნელოვანია. 

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

ფორმულა 1-ის განვლილი გზა დღევანდელობამდე

4 გზა, თუ როგორ უნდა შეწყვიტოთ „კატასტროფირება“