in

ქართული კომპანიები, რომლებიც დისტანციური მუშაობის საშუალებას იძლევიან

პანდემიამ ჩვენს რეალობაში ბევრ სხვასთან ერთად ერთი ახალი ტერმინი დაამკვიდრა და მას ჰქვია „დისტანციურად მუშაობა”. ყველას გვახსოვს, ჯერ კიდევ გუშინ, როგორ ვისხედით სახლებში და ვაკეთებდით ჩვენს საქმეებს. zoom-ში ჩატარებული შეხვედრები, ინტერვიუები, კონფერენციებიც კი ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვეულ ამბად იქცა და უნდა ითქვას, რომ საზოგადოებაცა და თავად ორგანიზაციებიც ადვილად ადაპტირდნენ ამ მიმართულებით. 

პანდემია, ფაქტობრივად, დასრულდა, რეგულაციები მოიხსნა და კომპანიების დიდი ნაწილი ისევ ფიზიკურ სივრცეს დაუბრუნდა, თუმცა არსებობენ ისეთებიც, რომლებიც თავიანთ თანამშრომლებს აძლევენ საშუალებას, ონლაინ რეჟიმში განაგრძონ მუშაობა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ აქვთ შესაძლებლობა, არა უბრალოდ სახლიდან აკეთონ საქმე, არამედ თუნდაც ქალაქგარეთ გავიდნენ და თუნდაც ბუნებაში, სიმშვიდესა და სიმწვანეში მიუსხდნენ თავიანთ ლეპტოპებს. ერთი სიტყვით, როცა დისტანციურად მუშაობ, მთავარია ლეპტოპის დამტენი გქონდეს ყოველთვის თან და არ მოხვდე ისეთ ადგილას, სადაც ცუდი ინტერნეტია, დანარჩენი ყველაფერი შესაძლებელია! 

ჩვენ დავუკავშირდით რამდენიმე ქართულ კომპანიას, რომელსაც თანამშრომლები დისტანციურ რეჟიმში ჰყავს და ვთხოვეთ მათ გამოცდილების გაზიარება:

სილქნეტი

კომპანია სილქნეტში, დისტანციურად, სხვადასხვა დეპარტამენტი 2020 წლის 16 მარტიდან მუშაობს. ეს ეხება როგორც ადმინისტრაციულ და მომსახურებაში ჩართულ რგოლებს, ასევე ტექნიკურ და IT სამსახურებს. თანამშრომელთა  თითქმის 60% ამ ფორმატით განაგრძობენ დღესაც საქმიანობას. 

დისტანციურ მუშაობას, ძირითადად, პოზიტიურად ვაფასებთ, ბევრი პლუსი აქვს. გამართული პროგრამული უზრუნველყოფებითა და შესაბამისი პლატფორმების პირობებში, შეუფერხებლად მიმდინარეობს ყველა რგოლის მუშაობა. თანამშრომელთა მზაობა და გამართული სისტემები საშუალებას გვაძლევს ამ ეტაპზე შევინარჩუნოთ დისტანციური რეჟიმი.  ეს არის პროფესიონალთა გუნდი, რომელსაც ვენდობით, რომლებიც ზედმიწევნით ასრულებენ ყოველდღიურ სამუშაოს, პროექტებს და საბოლოო ჯამში აღწევენ დასახულ მიზანს. სამუშაოს რეჟიმის ამგვარი მოქნილობა, გარვეული ბენეფიტია ჩვენი თანამშრომლებისთვის”, – ნანა თვალაბეიშვილი, სილქნეტის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსი.

ბევრი უპირატესობა აქვს დისტანციურ სამუშაო გრაფიკს: დროის ეკონომია, ბიუჯეტის დაზოგვა და მეტი თავისუფლება, რაც სამუშაო პროცესს უფრო მრავალფეროვანს ხდის. გასული ორი წლის მანძილზე მსოფლიო ადაპტირდა დისტანციურ სამუშაო პროცესზე. არსებობს ყველანაირი პროგრამული უზრუნველყოფა, იმისათვის, რომ დაუბრკოლებლად და რაც მთავარია, დისკომფორტის გარეშე შეძლო ნებისმიერი ადგილიდან მუშაობა. დღევანდელი მდგომარეობით, ისეთი პოზიციების წილი, რომელთა სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე აუცილებელია ოფისში ყოფნა, არის დაახლოებით 40%. სპეციალისტთა დიდი ნაწილი დღესაც დისტანციურ სამუშაო რეჟიმზეა და წარმატებით ასრუბელებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას”, – ვატო მენაბდე, სილქნეტის ტექნიკური დირექტორის მოადგილე.

Sweeft Digital

დისტანციურ რეჟიმზე პანდემიის პერიოდშ გადავედით. დისტანციური მუშაობა ახალი გამოწვევა იყო ჩვენთვის, ამიტომ მუშაობა დაგვჭირდა, რომ ეს მოდელი ეფექტური ყოფილიყო შესრულებული სამუშაოების პროპორციულად.

დისტანციურად მუშაობა საშუალებას იძლევა, დასაქმებული მისთვის კომფორტული გარემოდან ჩაერთოს სამუშაო პროცესში და თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება როდის, რა ლოკაციიდან იმუშაოს.

ვფიქრობ,  დღევანდელ რეალობაში დისტანციური მუშაობა საკმაოდ ეფექტურად შეიძლება გამოიყენოს ბიზნესმა, სწორი დაგეგმარების შემთხვევაში. 

დღევანდელი გამოწვევებიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, კომპანიებმა ხელი შეუწყონ საკუთარი გუნდის წევრებს, იმუშაონ სასურველი ადგილიდან. ჩვენმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ აღნიშნული მიდგომა საკმაოდ ეფექტურია, მაღალია თანამშრომელთა ბედნიერების ინდექსი, მაღალია მათი ჩართულობა, რაც საბოლოო ჯამში პოზიტიურად აისახება ბიზნესის განვითარებაზეც”, – სულხან სახვაძე, ადამიანური რესურსების ხელმძღვანელი.

ფინანსური ჩართულობის კომპანიაკრისტალი

„ბევრი კომპანიის მსგავსად, „კრისტალში“ დისტანციური მუშაობის საჭიროება პირველად  პანდემიის დროს დადგა. ჩვენი კომპანია ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც კრიზისის დაწყებიდან სულ რამდენიმე დღეში სათავო ოფისის თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანა, ამასთან, ეფექტურად შეძლო პროცესების მართვა და მომხმარებლებისთვის სერვისების შეუფერხებლად მიწოდება. 

მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ მათმა ნაწილმა მუშაობა — ოფისში, ხოლო მეორე ნაწილმა კვლავ დისტანციურად გააგრძელა. ბევრისთვის სახლიდან მუშაობა კომფორტული და მოსახერხებელი აღმოჩნდა, რადგან დისტანციურ მოდელთან მარტივად ადაპტირდა. ამავდროულად, გამოკითხვამაც აჩვენა, რომ დისტანციურად მომუშავე თანამშრომლებს სხვადასხვა ტიპის ხარჯი შეუმცირდათ. საერთო ჯამში მუშაობის ჰიბრიდული მოდელი ორმხრივად სასარგებლო აღმოჩნდა როგორც კომპანიისთვის, ისე დასაქმებულებისთვის. 

ამ მიდგომის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კომპანიამ მუშაობა  ჰიბრიდული მოდელით გააგრძელოს. ახლა თანამშრომლები ნაწილობრივ ოფისიდან მუშაობენ, ნაწილობრივ  კი — დისტანციურად.

საერთოდ, ნებისმიერი სამუშაო რეჟიმის წარმატება ორგანიზაციის კულტურაზეა დამოკიდებულია. ნასაში დისტანციურად მართავენ კოსმოსურ ხომალდებს და უშორეს წერტილებში გაგზავნილი ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნავენ. ისინიც, ვინც სრულიად მოწყვეტილები არიან არა მარტო სამუშაო ადგილს, არამედ მთლიანად დედამიწას, თავს გუნდისგან შორს ნაკლებად გრძნობენ, პირიქით: საკუთარი თანამშრომლები სულ ეიმედებათ. ასე რომ, დროსა და სივრცეში დისტანცია  თითქმის არაფერია, თუ კულტურას ეს კარგად აქვს მორგებული და საკუთარ მიზნებთან შეთავსებული.

ცხადია დისტანციურ მუშაობას თავისი ეფექტი აქვს, იზრდება თანამშრომლების კმაყოფილება, პროდუქტიულობა, იზოგება რესურსი და ა.შ. ამიტომ, კომპანიებმა მაქსიმალურად უნდა იზრუნონ  ბიზნესპროცესების დიგიტალიზაციაზე და გამართულობაზე,  დანერგონ შესაბამისი სისტემები და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები, რათა შეუფერხებლად წარიმართოს მათი საქმიანობა  და ამავდროულად,  თანამშრომელებმაც ეფექტიანად იმუშაონ”, – მანუჩარ ჩიტაიშვილი, კრისტალის ადამიანებისა და მარკეტინგის უფროსი ოფიცერი. 

 

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

ვინ გაიმარჯვა Young Lions 2022-ის მსოფლიო ჩემპიონატზე?

რა გავითვალისწინოთ დამკვეთისთვის შეთავაზების პრეზენტაციის მომზადებისას?