in

რა სტრატეგიას ირჩევენ ქართული კომპანიები თანამშრომელთა განვითარებისთვის?

სანამ უშუალოდ იმ ქართული კომპანიების გამოცდილებას გაგიზიარებთ, რომლებიც თავიანთი თანამშრომლების განვითარების შესახებ მოგვიყვებიან, მოდი, არ დავარღვიოთ ტრადიცია და მცირე შესავლით დავიწყოთ – რა არის ზოგადად თანამშრომლის განვითარებაზე ზრუნვა, როგორი სტრატეგიები არსებობს და ა.შ.

თანამშრომლების განვითარება ყოველთვის იყო ბიზნესის მდგრადი ზრდის მნიშვნელოვანი ნაწილი. კომპანიებს, რომლებსაც სურთ, რომ გააძლიერონ მუშახელი, შემუშავებული უნდა ჰქონდეთ შესაბამისი სტრატეგიები. იმისდა მიუხედავად, რომ ბევრი იდეა შეიძლება გაუჩნდეს თავად დამსაქმებელს, ჩამოგითვლით რამდენიმე პროგრამას, რომელიც საკმაოდ აპრობირებულია.

  • სტრატეგია ახალწვეულებისთვის

არსებობს სხვადასხვა კვლევა, რომელიც ადასტურებს, რომ ხშირად ადამიანები სამსახურს ტოვებენ მისი დაწყებიდან პირველი 6 თვის განმავლობაში. ამის მიზეზად კი სახელდება ის, რომ კომპანიამ არ იზრუნა ახალ თანამშრომელზე, მისთვის არ შექმნა ისეთი სივრცე, სადაც ის ზრუნვას იგრძნობდა. გამომდინარე იქიდან, რომ ყოველ ახალ თანამშრომელს, როგორი გამოცდილი და ჭკვიანიც არ უნდა იყოს, სჭირდება ახალ კომპანიაში კულტურასთან და პროცესებთან ადაპტირება, ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს სტრატეგია ახალწვეულებისთვის, რაც მათ თავს კომფორტულად აგრძნობინებს ახალ გარემოში.

  • კურსები

განმავითარებელი კურსების დამენეჯმენტება თანამშრომლებისათვის, შესანიშნავი ხერხია მათი უნარების გაუმჯობესებისთვის. პროფესიულად კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები იქნება ეს თუ შიდა, განმავითარებელი, ორივე მათგანი დადებითად აისახება გუნდზე, ამაღლებს მოტივაციას წევრებში და ზრდის მათ ეფექტურობას.

  • სამუშაო შეხვედრები და კონფერენციები

კონფერენციები და სამუშაო შეხვედრები ახალ გამოცდილებას, შესაძლებობებს აძლევს თანამშრომლებს. ასეთი თემატური ღონისძიებები, რომლებიც შეეფერება მათ ინდუსტრიას, ყოველთვის საინტერესოა ადამიანისთვის და წამახალისებელიც არის, რომ სამსახურებრივი ამოცანების გარდა, კიდევ სხვა აქტივობით დაკავებაც შეუძლია.

ახლა ვნახოთ, როგორი დამოკიდებულება აქვთ ამ საკითზე ქართულ კომპანიებს და დავიწყოთ საკონსულტაციო სააგენტო „ჯეპრათი”.

ჯეპრაში გვაქვს კომპლექსური მიდგომა ადამიანური რესურსების განვითარების მიმართულებით. შემუშავებულია კონკრეტული გეგმა, რომელიც მოიცავს კომპანიისთვის სტრატეგიულ მიმართულებებს კადრების განვითარების კუთხით. კომპანიის სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე გვაქვს როგორც გენერალური გეგმა, ასევე ინდივიდუალურად მორგებული კომპეტენციის ამაღლების გეგმები ყველა თანამშრომლისთვის. დიდი დრო დასჭირდა ჩამოგვეყალიბებინა ის მოდელი, რომლის განხორციელებაც ახლა უკვე პროცესშია. მსგავსი  კომპლექსური მიდგომები, უფრო დიდ კომპანიებშია დანერგილი, მაგრამ ჩვენ შევძელით ჩვენი მოთხოვნებიდან გამომდინარე, ადაპტირებული, ჰიბრიდული მოდელის ფორმირება, რომელსაც ჯეპრას კომპეტენციის მოდელი ვუწოდეთ. 

ჯეპრაში ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ თანამშრომელთა კმაყოფილების ინდექსს, სწორედ ამ ინსტრუმენტს ვიყენებთ ცვლილებების დაგეგმვისა და მართვის დროს. კვლევას ვატარებთ წელიწადში 2-ჯერ და ამით მუდმივად გვიდევს ხელი თანამშრომელთა კმაყოფილების პულსზე. მათი ხმა არის გადამწყვეტი და ეს ფაქტიც ახდენს მათ განწყობებზე გავლენას. სწორედ ამ გზით ვახდენთ მათ განვითარებაზე, შენარჩუნებაზე და კმაყოფილებაზე ზრუნვას. განვითარების ინდივიდუალური  გეგმების მეშვეობით თანამშრომლებს შესაძლებლობას ვაძლევთ  განვითარდნენ მათთვის საინტერესო კომპეტენციების მიმართულებით, გაიღრმავონ ცოდნა შიდა და გარე ტრენინგების მეშვეობით და კომპანიაში შემოიტანონ ახალი უნარები, რომლის საფუძველზე ვქმნით ახალ სერვისებს და მუდმივად მივიწევთ წინ! კომპანიაში დანერგილია მენტორინგის შიდა სისტემა, რომელიც ყველა რანგის თანამშრომელს აძლევს საშუალებას ასწავლოს და ისწავლოს მაქსიმალურად უსტრესო გარემოში. ძალიან კარგი გამოცდილება მივიღეთ მენტორინგის სისტემის გამოყენებით, როდესაც კომპანიაში გამოვაცხადეთ ინოვაციების თვე. თანამშრომლებთან ერთად ეს ასევე მოიაზრებდა იმ ეტაპზე ჯეპრაში სტაჟირების პროგრამაში მონაწილე პირების ჩართულობას ყოველდღიურ 20-30 წუთიან მოხსენებებში. ყველა მონაწილე ირჩევდა მისთვის საინტერესო ინოვაციურ თემას და აკეთებდა თემის მოკლე პრეზენტაციას. ასე გავეცანით ბევრ ახალ ტექნიკასა თუ მიდგომას საკომუნიკაციო და საკონსულტაციო სფეროდან. ინოვაციების თვე ყველასთვის სახალისო, საინტერესო და ეფექტიანი პროექტი აღმოჩნდა”, – ეკატერინე ჟვანია, „ჯეპრას“ აღმასრულებელი დირექტორი

მაკდონალდს საქართველო

მოგეხსენებათ, მაკდონალდს საქართველო – მაკდონალდს გლობალის დიდი გუნდის წევრია და ბევრი სასწავლო და განსავითარებელი პროექტი, რაც მიმდინარედ გვაქვს დანერგილი მსოფლიოს სხვადასხვა მაკდონალდსში, არაერთგზით დატესტილი და აღიარებულია, როგორც საუკეთესო. სასწავლო პროგრამებიდან გამომდინარე, კომპანიის ადგილობრივი ტრენერების გადამზადება და პროფესიონალ, სერტიფიცირებულ ტრენერებად ჩამოყალიბება მაკდონალდს გლობალის „Hamburger University”-ში ხდება. 

რესტორნებში ნებისმიერ პოზიციაზე დასაქმებული თანამშრომლისათვის განსაზღვრული და წინასწარ ჩამოყალიბებულია განვითარების გეგმები, სადაც დეტალურადაა გაწერილი ამ პოზიციაზე მომუშავე თანამშრომლების თეორიული, საკვების უსაფრთხოების, პრაქტიკული და პიროვნული უნარ-ჩვევების სწავლების პროცესი. თითოეული თემატიკის სწავლება კი მოწმდება ტესტებითა და სადგურზე მუშაობის პროცესში დაკვირვებებით. თანამშრომელს, მხოლოდ და მხოლოდ დადებითი შედეგის მიღების შემდეგ შეუძლია დამოუკიდებლად მუშაობა.

მენეჯერულ პოზიციაზე მომუშავე თანამშრომლები პოზიციების მიხედვით მონაწილეობენ მაკდონალდს გლობალის სასერტიფიკატო ლიდერობის პროგრამებში, რომელიც მათ ეხმარებათ უფრო მეტად განივითარონ ლიდერული უნარ-ჩვევები და ეფექტურად მართონ სამუშაო პროცესი. 

ასევე, ადგილობრივად დანერგილი გვაქვს მაღალი რგოლის მენეჯერებისათვის ეფექტური ლიდერობის სხვადასხვა ეტაპიანი პროექტები, რაც მათ აძლევთ ფიქრის, ანალიზის, პირადი ღირებულებების და საკუთარი მენეჯერული უნარების გადაფასება-შეფასების საშუალებას. ეს კი, მათი ზრდა-განვითარების წინაპირობაა.

გარდა ჯგუფური ტრენინგებისა, სისტემატურად ვგეგმავთ ადმინისტრაციული გუნდის პროფესიული განვითარების ინდივიდუალურ ტრენინგებსაც, კონკრეტული მიმართულებით მეტი ცოდნის შეძენისა და სამუშაო ხედვების გამრავალფეროვნებისათვის”, – მარიამ სირბილაძე, მაკდონალდს საქართველოს ადამიანების სწავლებისა და განვითარების ხელმძღვანელი.

ისი პარი

„ჩვენ უკვე 27 წელია ბაზარზე ვართ და ამ ეტაპზე 330 თანამშრომელი გვყავს დასაქმებული. ერთ-ერთი პრიორიტეტი ყოველთვის იყო და არის თანამშრომელთა განვითარება. ორგანიზაციული თუ ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე, კომპანიაში მუდმივად ხდება თანამშრომელთა სწავლებისა და განვითარების ხელშეწყობა. საჭიროებიდან გამომდინარე დაინერგა ონლაინ გადამზადების სისტემაც,  თანამშრომლებისთვის ხელმისაწვდომია ვიდეო თუ აუდიო მასალა. 

კომპანიას აქვს თანამშრომელთა განვითარებისა და სწავლების შესაბამისი სტრატეგია. კონკრეტულად ამ მიზნით კომპანიაში არსებობს ტრენერთა გუნდი, რომელიც დაკომპლექტებულია მრავალწლიანი და საერთაშორისო დონის გამოცდილების მქონე თანამშრომლებით. აღნიშნული გუნდი ყოველდღიურად ახორციელებს მაღაზიებში დასაქმებულთა სწავლებას და განვითარებას კომპანიის მრავალფეროვანი ბრენდის პროდუქციის ცოდნის, მომსახურების თუ გაყიდვის ტექნიკაში. შესაბამისი ინსტრუქციები და სწავლების მასალები მოგვეწოდება საერთაშორისო ბრენდების წარმომადგენლებისგან, რომლებიც მსოფლიოში არსებულ ყველა სიახლეს მუდმივად აცნობენ ბრენდის ტრენერებს.

ისი-პარის თანამშრომლები წლების განმავლობაში ხდებიან პარფიუმერიის სფეროს ექსპერტები, აქვთ შესაძლებლობა საზღვარგარეთ მოგზაურობის, ლუქს ბრენდების წარმომადგენლებთან შეხვედრის და გამოცდილების გაზიარების. აქვე წარმოდგენილია პარაფარმაციული ბრენდები. თანამშრომლებს შესაძლებლობა აქვთ შეისწავლონ კანის მოვლისა და დიაგნოსტიკის ტექნიკები, რათა პროფესიული რჩევები მისცენ მომხმარებელს”, – ნათია სირაძე, ისი პარის ადამიანური რესურების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

როგორც ვხედავთ, ცნობილი ქართული კომპანიები აქტიურად არიან ორიენტირებულები თავიანთი თანამშრომლების განვითარებაზე. ამ საქმეში მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ მოტივირებული გუნდი ბევრად უფრო ხარისხიანად აკეთებს საქმეს და მეტი უპირატესობა მოაქვს კომპანიისთვის. სწორად შემუშავებული სტრატეგია არა მხოლოდ პროდუქტის გაყიდვას, არამედ შიდა სამზარეულოსაც სჭირდება.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

CRISPR თერაპიით პაციენტების განკურნება შეძლეს

რეკლამების შეგროვების ბავშვური ჰობიდან მარკეტერობამდე – მურთაზ ფუტკარაძის ამბავი