ალბათ ბევრს გვაქვს ის ერთი საყვარელი გასტრონომიული მოგონება, რომელიც საქართველოს ამა თუ იმ კუთხეში მოგზაურობას უკავშირდება. მაგალითად, კახეთისკენ მიმავალ გზაზე, ბადიაურში შეჩერება და ცხელი თონის პურის, გუდის ყველისა და პომიდვრის დაგემოვნება ბევრისთვის ტრადიციად ქცეული რიტუალია. თუმცა, რა ხდება მაშინ, როცა თანამედროვე, სწრაფი რიტმის გამო ამ შეგრძნებების განცდა ყოველდღიურობაში გვენატრება და ქალაქიდან გასვლის დრო არ გვაქვს? ამ ნოსტალგიის საპასუხოდ, სუპერმარკეტების ქსელმა „სმარტმა“ სენდვიჩების ხაზი გამოუშვა. კოლექცია ბრენდ-შეფ ავთანდილ ცეცხლაძის ავტორობით შეიქმნა და საქართველოს სხვადასხვა კუთხის ავთენტურ გემოებს ერთ, კომფორტულ და ყოველდღიურ „სტრიტ-ფუდ“ ფორმატში აერთიანებს. „სმარტში“ კახური, სვანური და გურული სენდვიჩები დაგხვდებათ, რომლებიც ზუსტად იმ ნაცნობ და საყვარელ ინგრედიენტებს ინახავს, რაც კონკრეტული რეგიონის გასტრონომიულ იდენტობას ქმნის. რეცეპტურისთვის სააგენტო „კრაკენის“ არტ-დირექტორმა, ვიქტორია ცინცაძემ, დიზაინერების გუნდთან ერთად, შეფუთვას სახასიათო დიზაინი მოარგო. თითოეული პროდუქტის დიზაინი კონკრეტული კუთხისთვის ჩვეული ორნამენტებითა და სპეციალურად შექმნილი ტიპოგრაფიით საუბრობს. როგორ იქცა ბადიაურის ნოსტალგია კახურ სენდვიჩად და როგორ გარდაიქმნა საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხასიათი თანამედროვე ვიზუალურ ენაზე? დეტალებზე იდეის ავტორს, შეფ ავთანდილ ცეცხლაძეს, „კრაკენის“ არტ-დირექტორს ვიქტორია ცინცაძეს და „სმარტის“ მარკეტინგის დირექტორის მოადგილე ქეთი ნიკოლიშვილს ვესაუბრეთ.
M: პირველ რიგში, გვიამბეთ იდეაზე – როგორ გადათარგმნეთ საქართველოს კუთხეებისთვის დამახასიათებელი გემო სენდვიჩებად და როგორი იყო რეცეპტების შექმნის პროცესი?
ავთანდილ ცეცხლაძე: დიდი ხანია მინდოდა, რეგიონული სენდვიჩები შემექმნა. როგორც „გემო ფესტის“ ორგანიზატორი შეფი, ფესტივალის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ვქმნით რეგიონულ „სტრიტ-ფუდ“ კერძებს. ეს ავთენტური გემოების შენარჩუნებასა და მათ უფრო კომფორტულ, ყოველდღიურ ფორმატში გარდაქმნას გულისხმობს.
სწორედ „სმარტთან“ თანამშრომლობის შემდეგ მომეცა შესაძლებლობა, ამ იდეისთვის ხორცი შემესხა და რეგიონული სენდვიჩები მთელი ქვეყნის მასშტაბით ხელმისაწვდომი გამეხადა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ქართულ კულინარიაში ახალი სიტყვაა – „სმარტს“ ქართულ გასტრონომიულ ისტორიაში აქამდე არარსებული, სრულიად ქართული სენდვიჩები აქვს. ეს არის ვაკუუმში შეფუთული, მზა პროდუქტი, რომელსაც დახლიდან მარტივად გაიყოლებთ.
M: რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროცესში, რათა თითოეულ სენდვიჩში კონკრეტული კუთხის ხასიათი ნამდვილად წარმოჩენილიყო?
ავთანდილ ცეცხლაძე: პროდუქტის შექმნისას ჩემი მთავარი მიზანი იყო, თითოეული რეგიონისთვის დამახასიათებელი და გამორჩეული ინგრედიენტი გამომეყენებინა – მაგალითად, სვანური მარილი, გურული სუნელი და ქართული ყველი. სვანურ სენდვიჩში მთავარი აქცენტი სწორედ სვანურ მარილზეა გაკეთებული, რადგან ეს ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი არომატი სვანეთის გასტრონომიულ კულტურას განსაკუთრებულად წარმოაჩენს.
ამ ეტაპზე „სმარტის“ ქსელში სამი კუთხის: კახური, გურული და სვანური სენდვიჩებია წარმოდგენილი, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. პარალელურად ვმუშაობ საქართველოს სხვა რეგიონების სენდვიჩებზეც და მომხმარებელს მალე მათ დაგემოვნებასაც შევთავაზებთ.

M: თუ არის ამ სენდვიჩების შექმნის უკან რაიმე პირადი მოგონება ან გამოცდილება, რომელმაც რეცეპტებზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა?
ავთანდილ ცეცხლაძე: რა თქმა უნდა. მაგალითად, ბევრს უკვირს, რატომ არ არის კახურ სენდვიჩში ხორცი. ამ შემთხვევაში ჩემი შთაგონების წყარო ბადიაური იყო. ალბათ, ყველას გაგვიჩერებია იქ მანქანა, ცხელი თონის პური, გუდის ყველი და პომიდორი რომ გვეყიდა. სწორედ ეს მოგონება და ნოსტალგიური გემო გახდა კახური სენდვიჩის შექმნის მთავარი ინსპირაცია. ასე რომ, ჩათვალეთ, ბადიაურის ნოსტალგიას ახლა ნებისმიერი მიმართულებით მგზავრობისას დაიკმაყოფილებთ.
გარდა ამისა, გურია ჩემი მშობლიური მხარეა და გურული სუნელის გარეშე გურულ გემოზე საუბარი წარმოუდგენელია. ვინც არ იცის, გეტყვით, რომ გურული სუნელი საერთოდ არ არის სუნელი – ეს მწვანილისა და თხილისგან მომზადებული შესქელებული მასაა, ამიტომ მისმა სახელმა არ დაგაბნიოთ.
M: როგორ უკავშირდება „სმარტის“ ახალი პროექტები იმ საერთო გამოცდილებას, რომლის შექმნაც მომხმარებლისთვის გსურთ და რა როლს ასრულებს ამ პროცესში შეფ ავთანდილ ცეცხლაძე?
ქეთი ნიკოლეიშვილი: „სმარტისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს მუდმივად შევთავაზოთ სიახლე და შევქმნათ გამოცდილება, რომელიც სცდება მხოლოდ ყოველდღიურ სწრაფ კვებას. ჩვენი მიზანია, თითოეული პროდუქტი იყოს საინტერესო, ხარისხიანი და შესაბამისობაში თანამედროვე ტემპთან, სადაც კომფორტი და გემო ერთნაირად მნიშვნელოვანია.
ამ პროცესში განსაკუთრებული როლი აქვს ჩვენს გუნდს და, რა თქმა უნდა, შეფ ავთანდილ ცეცხლაძეს, რომლის პროფესიონალიზმი და ხედვა დიდ შესაძლებლობას გვაძლევს ექსპერიმენტისთვის და ახალი იდეების განხორციელებისთვის.
ჩვენთვის სიახლე არ არის ახალი signature პროდუქტის დამატება – ეს არის მუდმივი პროცესი, რომელიც გულისხმობს როგორც გემოების განვითარებას, ისე ვიზუალურ და ემოციურ გამოცდილებაზე ზრუნვას. სწორედ ამიტომ, „სმარტი“ ყოველთვის ცდილობს ერთი ნაბიჯით წინ იყოს და მომხმარებელს შესთავაზოს მეტი, ვიდრე ის ელოდება.

M: როგორ გაჩნდა საქართველოს სხვადასხვა კუთხის გემოებით შთაგონებული სენდვიჩების იდეა და რატომ მიანიჭეთ ასეთი დიდი მნიშვნელობა მათ შეფუთვასა და ბრენდინგს?
ქეთი ნიკოლეიშვილი: როდესაც შეფ ავთანდილმა ქართული სენდვიჩების კონცეფცია წარგვიდგინა, მივხვდით რომ სტანდარტული ბრენდინგი აქ არ გამოგვადგებოდა. ბრენდინგი შეფუთვაში ზოგადად არის პირველი შეხების წერტილი მომხმარებელთან – ხშირად სწორედ ის წყვეტს, აიღებს თუ არა ადამიანი პროდუქტს ხელში. კარგი შეფუთვა არა მხოლოდ ვიზუალურად მიმზიდველია, არამედ ქმნის მოლოდინს გემოსა და ხარისხის მიმართ. ამ მიმართულებით წარმატებული ქეისი უკვე გვქონდა – ჩვენი კეცილი ხაჭაპურის შეფუთვა ისეთი მარტივია, რომ ოთხად გადაკეცილი იმერული ხაჭაპურის მირთმევა იმაზე კომფორტული ჯერ არსად ყოფილა, ვიდრე „სმარტშია“.
ქართული სენდვიჩების შეფუთვაზე მუშაობა ძალიან საინტერესო და ერთდროულად პასუხისმგებლობით სავსე პროცესი იყო. სახელის შერჩევაზე ბევრი არ გვიფიქრია, ქართულ ბაზარზე არ არსებობს გურული, კახური ან სვანური სენდვიჩი, ამიტომ პირდაპირ კუთხის სახელი დავარქვით. თავიდანვე გვინდოდა, რომ პროდუქტი არ ყოფილიყო უბრალოდ საკვები – მას უნდა ჰქონოდა საკუთარი ხასიათი და იდენტობა.
ტიპოგრაფიული მიმართულება ავირჩიეთ, რადგან ის საშუალებას გვაძლევს პირდაპირ და მკაფიოდ გადმოვცეთ ბრენდის ხმა. ტიპოგრაფია ამ შემთხვევაში არ არის მხოლოდ ტექსტი – ის არის ემოცია, ხასიათი და კომუნიკაციის მთავარი ინსტრუმენტი მომხმარებელთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ შეფუთვა ყოფილიყო ისეთი, როგორიც მომხმარებელს პირველივე შეხედვიდან უქმნის დადებით ემოციას და ამზადებს პროდუქტის გასასინჯად.
M: ვიქტორია, როგორ გადმოიტანეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხასიათი თანამედროვე ვიზუალურ ენაზე და როგორია ამბავი შეფუთვებზე გამოყენებული ფორმებისა თუ ორნამენტების მიღმა?
ვიქტორია ცინცაძე: სამუშაო პროცესს ძალიან სიღრმისეულად მივუდექით. თავდაპირველად კომპანიას რამდენიმე მიმართულება შევთავაზეთ, საიდანაც არჩევანი კუთხეების ორნამენტებისა და ინდივიდუალური ტიპოგრაფიის სტილიზებულ ვერსიებზე შეჩერდა. მთავარი ვიზუალური ინსპირაცია მარინა თევზაიას წიგნი – „ქართული ორნამენტი“ გახდა, რის შემდეგაც თითოეული სენდვიჩისთვის, მისი ინგრედიენტებისა და წარმოშობის მიხედვით, შესაბამისი გრაფიკული ელემენტები შევქმენით. პროექტის დიზაინერები არიან: ალექსანდრე ვართაპეტოვი, მარიამ დარჯანია, ნინო ბახტაძე, ზურა ლეკვეიშვილი.
ყველაზე რთული და შრომატევადი კუთხეების ტრადიციული იდენტობის შენარჩუნება და მისი თანამედროვე, მარტივ სისტემაში დაბალანსება იყო. შრიფტების ფორმები, ფერები და კომპოზიციები კონკრეტული მხარის თავისებურებებმა განსაზღვრა: მაგალითად, სვანეთის შეფუთვაზე კოშკების მოტივები და ლანდშაფტის პალიტრაა ასახული, გურული კი გურული ოდის დეკორატიული ელემენტებითა და რბილი, დინამიკური შრიფტით არის შთაგონებული.
აღსანიშნავია, რომ თითოეული ტიპოგრაფია თუ ორნამენტი სრულიად უნიკალურია და სპეციალურად ამ პროექტისთვის ხელით შეიქმნა.
[R]











