სათბური გაზების ემისიისა და გარემოზე ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირების მიზნით, „ქართულმა ლუდის კომპანიამ“ საკუთარი ავტოპარკის ელექტრომობილებით სრულად ჩანაცვლების გადაწყვეტილება მიიღო. ლუდისა და არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია პირველია საქართველოში, ვინც ამგვარი ინიციატივით გამოვიდა და მისი განხორციელებისთვის ქმედითი ნაბიჯები უკვე გადადგა.
„დიზელზე მომუშავე ავტომობილების ნულოვანი ემისიის ელექტრომობილებით ჩანაცვლების პირველი ეტაპი უკვე დაასრულა. თბილისში 20 ელექტრომობილი „ზედაზენის“ სადისტრიბუციო ქსელს უკვე ემსახურება. სექტემბრის ბოლომდე მათი რაოდენობა გაორმაგდება და 2024 წლის ბოლომდე მხოლოდ თბილისის სადისტრიბუციო ავტოპარკი 80%-ით განახლდება. პარალელურად გავაგრძელებთ რეგიონების სადისტრიბუციო ავტომობილების ჩანაცვლებასაც. არსებული გეგმით, 2025 წლის ბოლომდე ჩვენი ავტოპარკი 100%-ით ეკომეგობრული გახდება“, – ამბობს „ქართული ლუდის კომპანიის“ დირექტორი, კახაბერ კოტრიკაძე.
საწარმოს ტერიტორიაზე დამონტაჟდა ელექტრომობილების დამტენი სადგურებიც, რომელთა რაოდენობაც ავტოპარკის განახლების პარალელურად ეტაპობრივად გაიზრდება.
„უნდა აღვნიშნო ისიც, რომ პროექტი საკმაოდ მომგებიანი აღმოჩნდა ფინანსურადაც. საქმე ისაა, რომ კომპანიის ხარჯების დიდი წილი დისტრიბუციაზე მოდის, ელექტრომობილების მოხმარებასთან ერთად კი ეს ხარჯები უკვე საგრძნობლად შემცირდა. გამოდის რომ, ჩვენი ინიციატივა არა მხოლოდ გარემოსდაცვის კუთხითაა მნიშვნელოვანი, არამედ სარგებელი მოაქვს კომპანიისთვისაც“, – გვითხრა კახაბერ კოტრიკაძემ.
როგორც „ქართული ლუდის კომპანიაში“ ამბობენ, მწვანე პოლიტიკის გატარებას და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას მომავალშიც აქტიურად გეგმავენ.
„ქართული ლუდის კომპანია“ ცდილობს ყოველთვის სწრაფად და ადეკვატურად უპასუხოს გლობალურ გამოწვევებს. ამ ეტაპზე, ჩვენი მიზანია, მინიმუმამდე შევამციროთ გარემოზე ზემოქმედება და მოვიპოვოთ ეკომეგობრული კომპანიის სტატუსი, რისთვისაც უკვე გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები. იმედი გვაქვს, ჩვენი ინიციატივები სხვა კომპანიებსაც მისცემს ბიძგს მსგავსი სასიკეთო ნაბიჯების გადასადგმელად“, – ამბობს კახაბერ კოტრიკაძე.
[R]