11
May
2017

უნიკოდმა ქართული მთავრული 46 ასონიშანი დაამტკიცა – სრულყოფილი ინტეგრაცია ციფრულ სამყაროში

11 May 2017

გუშინ, 10 მაისს, ღამით, უნიკოდის ტექნიკურმა კომიტეტმა მიიღო ქართული მხარიდან შეთავაზებული წინადადება და 46 მთავრული ასონიშანი დაამტკიცეს უნიკოდში, რაც ნიშნავს იმას, რომ ძალიან მალე, ქართული მთავრული ასოები (სასათაურე ასოები, რომელიც ALL CAPS ფუნქციით გამოიყენება) ხელმისაწვდომი იქნება უნიკოდში. ეს გულისხმობს, რომ ციფრულ სამყაროში, სრულყოფილად შეძლებს ქართული ასონიშნები ინტეგრაციას და შესაძლებელი იქნება აღნიშნული ტიპის – ქართული მთავრულის – გამოყენება არა მხოლოდ დოკუმენტში, წიგნში ან პლაკატზე, არამედ ელ-ფოსტაში, მოკლე ტექსტურ შეტყობინებებში და ა.შ. დეტალებზე მარკეტერი ესაუბრა შრიფტის დიზაინერს – აკაკი რაზმაძეს:

წყარო: Krik Brewing Co. (https://www.facebook.com/krikbrewing/)

„უფრო კონკრეტულად რომ ავხსნათ, რას გულისხმობს ეს ყველაფერი, შეგვიძლია, მარტივი მაგალითები მოვიყვანოთ: მაგალითად, ეს ფოტო ერთ-ერთმა ლუდის ბარმა დაპოსტა, სადაც ვხედავთ, რომ ინგლისური დასახელებები დაწერილია ALL CAPS ფუნქციით, ქართული შესატყვისები კი –  მთავრულით“. ბუნებრივია, დღეს იმის შესაძლებლობა არ გვაქვს, რომ სიტყვაზე, მეილში ან სოციალურ ქსელებში იგივე გავაკეთოთ. მომავალში კი აი, ეს შესაძლებლობა გვექნება“:

M: როდის და როგორ გადაიდგა ნაბიჯები უნიკოდში ქართული მთავრული ასოების არარსებობის პრობლების აღმოსაფხვრელად?
ზუსტად ორი წლის წინ, მაშინ, როდესაც მაგისტრატურის ფარგლებში, პრაქტიკას გავდიოდი კომპანია Monotype-ში, გადავწყვიტეთ, რომ ამ პრობლემას შევჭიდებოდით. მიზეზი მარტივი იყო, ქართველ მომხმარებელს არ ჰქონდა საშუალება, ონლაინ სივრცეში გამოეყენებინა ის ყველაფერი, რაც გამოიყენებოდა ოფლაინ (მაგალითად, პლაკატებზე, გაზეთებში, საბეჭდი მანქანებით აკრეფილ ტექსტებში და ა.შ.)

თავდაპირველად, დავიწყეთ მაგალითების მოგროვება, თუ როგორ გამოიყენებოდა აღნიშნული ასონიშნები ისტორიის მანძილზე. გამოირკვა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მთავრულ ასოებს, ზოგიერთი გამომცემელი, წინადადების დასაწყისში, სიტყვის დამწყებ ასოდაც კი იყენებდა, ზუსტად ისე, როგორც ლათინურ დამწერლობებში, მაგალითად: იაკობ გოგებაშვილის დედა ენა, გაზეთი დროება და ა.შ. ამას, ბუნებრივია, დიდი განვითარება აღარ მოჰყოლია და დღეს, მთავრული ასოები მნიშვნელოვან ტექსტებსა და სათაურებში შემოგვრჩა.
შემდეგ შევიმუშავეთ შეთავაზება, რომელიც გადავუგზავნეთ უნიკოდის კონსორციუმს, ამ დოკუმენტის შემუშავებაში მე, ნიკა გუჯეჯიანი და მაიკლ ევერსონი ვმონაწილეობდით, თუმცა საბოლოოდ, იმდენმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა მთელ ამ პროცესში, მათი ჩამოთვლაც კი ძნელია: „ჯეოლაბი“, Gita, „თიბისი ბანკი“, „საქართველოს ბანკი“, „ქართული შრიფტის ასოციაცია“, “BPG“, „გრაფიკული დიზაინის ასოციაცია“, „ლივინგსტონი“, კულტურის სამინისტრო, განათლების სამინისტრო და სხვა.M: ახლა რა ეტაპია გასავლელი იმისათვის, რომ მომხარებელმა შეძლოს მთავრულის გამოყენება?
პირველ რიგში, სისტემის მწარმოებელმა კომპანიებმა, როგორებიცაა: Apple, Microsft და Google – უნდა განაახლონ ოპერაციული სისტემები, რომ მომხარებელს ერთი მხრივ, ვიზუალურად გამოუჩნდეს ამ მთავრული ასოებით აკრეფილი ტექსტები და მეორე მხრივ, მათ თავად ჰქონდეთ საშუალება, აკრიფონ ის. ამას, ბუნებრივია, დრო სჭირდება და მას მერე, რაც უნიკოდის ტექნიკური კომიტეტის გადაწყვეტილება ოფიციალურ სტანდარტად იქცევა, შეიძლება, 1-2 წელიც დასჭირდეს. ამის მერე კი — ქართველ მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა, ციფრულ რეალობაშიც გამოიყენოს ის ასონიშნები, რაც პრინტში ან ხელნაწერებში ფართოდ გამოიყენება.

M: ქართული ტიპოგრაფიისთვის რა მნიშვნელობისაა უნიკოდის ეს გადაწყვეტილება?
ძალიან მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ამით, რეალურად, არანაირი ცვლილება არ ხდება ჩვენს რეალობაში, ჩვენ, უბრალოდ, შევძლებთ იმის გამოყენებას, რასაც მუდმივად ვიყენებდით ჩვენს ცხოვრებაში – აღნიშნული ტიპის ასოები იყო საბეჭდ მანქანებზე, მას იყენებდნენ ყველა დოკუმენტში, წიგნში ან პლაკატზე, ხვალ მას გამოვიყენებთ მეილებში, მეისჯებში და ა.შ.
ეს, ფაქტობრივად, იყო ბოლო საფეხური ქართული ასონიშნების სრულყოფილად ინტეგრირებისთვის, ციფრულ სამყაროში, რაშიც უამრავი ადამიანი, კერძო და სამთავრობო სტრუქტურები იყვნენ ჩართული და იმედია, მალე გვექნება შესაძლებლობა, ყველა ამ ადამიანს დიდი მადლობა გადავუხადოთ ისე, როგორც ზედა ფოტოზეა.

განხილვა

2 Responses

  1. 16/03/2019

    […] კომიტეტმა გასული წლის 10 მაისს დაამტკიცა ქართული მხარიდან შეთავაზებული […]

  2. 16/03/2019

    […] კომიტეტმა გასული წლის 10 მაისს დაამტკიცა ქართული მხარიდან შეთავაზებული […]