ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის მხარდაჭერით, ქართული მთის ღვინო მსოფლიოში ყველაზე ინტელექტუალურ გამოფენაზე London Wine Fair–ზე იყო წარდგენილი.
„ღვინის ქვეყანა“ – ასე მოიხსენიებენ მსოფლიოში საქართველოს და სრულიად სამართლიანადაც, რადგან აქ ღვინის კულტურა 8000-წლიან ტრადიციას ითვლის. მრავალწლიანი ტრადიციის კიდევ უფრო ფართო მასშტაბით წარსადგენად, დონორების ხელშეწყობით, საქართველოს მაღალმთიანი რეგიონიდან 6 მცირე მარანს მიეცა ფანტასტიკური შესაძლებლობა, მსოფლიოში ყველაზე დემოკრატიული ღვინის ბაზრისთვის, როგორიც არის ბრიტანეთი, შეეთავაზებინა უნიკალური, ენდემური ყურძნის ჯიშისგან დამზადებული ღვინის სხვადასხვა სახეობები.
London Wine Fair ეს არის ყოველწლიური მასშტაბური გამოფენა ღვინის ინდუსტრიისთვის, რომელიც ტარდება ინგლისში. ეს მოვლენა აერთიანებს ღვინის მწარმოებლებს, ექსპერტებს, დისტრიბუტორებს, იმპორტიორებს და მყიდველებს მთელი მსოფლიოდან, განსაკუთრებული ტიპის ღვინოების წარდგენა-გაცნობისთვის და ახალი ბიზნეს პარტნიორული კავშირების დამყარებისთვის.
„ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის მხარდაჭერა, გამოხატული არის არა მხოლოდ ამ კონკრეტულ გამოფენაზე მონაწილეობაში ხელშეწყობით, არამედ რამოდენიმე წლის განმავლობაში სისტემური დახმარებით, რაც გამოიხატება: ცოდნის შეძენაში, ღვინის მარკეტინგის შესწავლაში, წარმოების ძირითადი საშუალებების დაფინანსებაში და სწორედ ამ სისტემური მიდგომების შედეგად, მათ შეძლეს, რომ თავისი უნიკალური, მცირე მარნის პროდუქცია შესთავაზონ ბრიტანულ ბაზარს“, – გვიამბობს ბრენდის და მარკეტინგის ექსპერტი ლევან კობერიძე.
“ხომლის მარანი“, „პატარიძის რაჭული“, „ღვინუკა“, „ოყურეშული მეღვინეობა“, მეღვინეობა „პერევისა“ და „ლომთაძის ოჯახის ღვინო“ – ეს ის ქართული მცირე მარნებია, რომლებმაც გამოფენაზე მიიღეს შესაძლებლობა, პირდაპირი კონტაქტი დაემყარებინათ ღვინის უცხოელ პროფესიონალებთან, სომელიეებთან თუ პოტენციურ კლიენტებთან. ამ შესაძლებლობის მნიშვნელობაზე გვიყვება მეღვინე პაატა შარაშენიძე.
„პირველი გამოცდილებაა ჩემს ცხოვრებაში ასეთი გამოფენა, როცა არავინ არ დომინირებს, საოცრად დემოკრატიული გამოფენაა, აქ ყველას აქვს თავისი თავის წარდგენის და დამკვიდრების უფლება, რა თქმა უნდა, თუ ხარისხიანი ღვინო აქვს. დღეს თითქმის შეუძლებელია პატარა მეღვინისთვის აქ მოხვედრა, არა მარტო ფინანსურად, არამედ ისედაც, უბრალოდ ლოჯისტიკურად, ჩვენთვის ეს არის უზარმაზარი შანსი“.
აღსანიშნავია, რომ გამოფენის ფარგლებში, ბრიტანული კომპანიის Swirl Wine Group ხელმძღვანელმა და ღვინის მაგისტრმა, სარა ებოტმა, ღვინის პროფესიონალებისთვის ქართული ღვინის პრეზენტაცია–დეგუსტაცია გამართა, ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით. ამასთანავე, ღვინის ექსპერტებმა, ღირებული რჩევები გაუზიარეს პროექტ GRETA-ს პარტნიორ 6 მცირე ღვინის მარანს საერთაშორისო შეფუთვისა და ეტიკეტირების სტანდარტების გათვალისწინებაზე.
„ქართველი მეღვინეებისთვის აქ ყოფნა, ეს არის შანსი, რომ მსგავს გამოფენებზე შევხდნენ ღვინის მყიდველებს, ჟურნალისტებს ღვინის სფეროში, მწერლებს, ღვინის მოვაჭრეებს მთელი ბრიტანეთიდან, და მოგეხსენებათ ბრიტანეთი არის ერთ-ერთი უდიდესი ღვინის ბაზარი მსოფლიოში“ -გვიყვება სარა ებოტი.
ღვინის სამშობლოდან დიდი პასუხისმგებლობით შერჩეული ქართული ენდემური ვაზის ჯიშებისგან წარმოებული ღვინოების სახეობებისთვის ისეთ მასშტაბურ ასპარეზზე გასვლა, როგორიც London Wine Fair -ია, სწორი მიდგომებისა და თანმიმდევრული სტრატეგიის შედეგია, რომელსაც პროექტ GRETA-ს გუნდი, ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის მხარდაჭერით ახორცილებს.
„ჩვენ დავასრულეთ წარმატებული მონაწილეობა მსოფლიოში ყველაზე ინტელექტუალურ გამოფენაში – London Wine Fair 2023-ზე. ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის მხარდაჭერით, საქართველოს მაღალმთიანი რეგიონებიდან 6 ღვინის მწარმოებელმა შეძლო წარმოედგინა უნიკალური ღვინოები და შეექმნა ბაზრის კავშირი ღვინის ერთ-ერთ ყველაზე აყვავებულ საერთაშორისო ბაზართან, რაც პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო“, – განაცხადა რიკარდო მონტანარიმ, პროექტ GRETA-ს გუნდის ხელმძღვანელმა.
ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის მხარდაჭერით, პროექტ GRETA-ს ფარგლებში, საქართველოს მაღალმთიანი რეგიონის მცირე მეღვინეებისთვის საერთაშორისო ფესტივალზე მონაწილეობა და ახალი გლობალური ბიზნეს კავშირების დამყარება ნიშნავს განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას და ქმნის სამეწარმეო საქმიანობის მდგრადი განვითარების საფუძველს. რამდენიმე წლის წინ, თუ ამ ყველაფერზე ფიქრიც კი წარმოუდგენელი იყო, ახლა ეს რეალობად იქცა.
***
პროექტი GRETA | „მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა“ ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით, საქართველოში ავსტრიის განვითარების სააგენტო ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას და დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობის გაზრდას საქართველოს ეკონომიკის ორ ისეთ მნიშვნელოვან სექტორში, როგორებიცაა სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა. დამატებითი ინფორმაცია პროექტ GRETA-ს შესახებ: www.gretaproject.ge
ეს მასალა მომზადებულია ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის თანადაფინანსებით, პროექტ GRETA-ს ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ავსტრიის განვითარების სააგენტო და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის შეხედულებებს.