in

ღირს თუ არა საქართველოში საკუთარი ონლაინმაღაზიის გაკეთება?

Urbaner.ge, Filmhouse.ge, Amelie flowers გამოცდილებას გვიზიარებენ

ელექტრონულმა კომერციამ ყველა პროდუქტი თუ სერვისი მომხმარებლის ხელის გულზე მოათავსა, ამიტომ მასზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება. თუკი ადრე ონლაინვაჭრობას სიფრთხილით ეკიდებოდნენ, დღეს პირიქით – მომხმარებლებს ბევრად უმარტივდებათ ეს პროცესი და აქტუალურად იქცა კითხვა: „ონლაინმაღაზია არ გაქვთ?”. 

დღესდღეობით პროდუქტის ონლაინშეძენის ორი გზა არსებობს: ერთი, როცა თავად ბიზნესს აქვს საკუთარ ვებგვერდზე ჩაშენებული ელკომერცია და როცა შუამავალი პლატფორმებით სარგებლობს.

გასაგებია, რომ მომხმარებლისთვის ეს სერვისები ძალიან კომფორტულია, მაგრამ რას ფიქრობს მეორე მხარე, როგორია თავად ონლაინმაღაზიათა მფლობელების გამოცდილება, დაკვირვება და შეფასება? ამ კითხვებს ჩვენმა რესპონდენტებმა, ონლაინმაღაზიების წარმომადგენლებმა უპასუხეს. იმისთვის, რომ პასუხები მრავალფეროვანი სექტორიდან მიგვეღო, marketer.ge სამ სხვადასხვა, პოპულარულ სერვისის მიმწოდებელს დაუკავშირდა: urbaner.ge, filmhouse.ge, amelie flowers shop.

ქეთი გოგოძე, ტანსაცმლისა და აქსესუარების ონლაინმაღაზიის, urbaner.ge-ს მარკეტერი:

„2021 წლიდან დავიწყეთ ბაზარზე ოპერირება და თავიდანვე გადაწყვეტილი გვქონდა, რომ ვყოფილიყავით ელექტრონული კომერციის პლატფორმა, რომელიც თავისივე პროდუქტებს თვითონვე გაყიდდა. რა თქმა უნდა, ვიყენებთ სოციალურ მედია არხებსაც, თუმცა, როგორც დამხმარე ხელსაწყოებს, ძირითადად, ჩვენი მომხმარებელი შენაძენს ვებიდან აკეთებს. 

ამ ყველაფრის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ კომპანია თავად აკონტროლებს და ამზადებს შეკვეთებს, განაგებს მიტანის სერვისებს და, ერთი სიტყვით, ყველა პროცესი უშუალოდ პირველი ხელიდან გადის. რა თქმა უნდა, ეს პასუხისმგებლობას მთლიანად ჩვენ გვაკისრებს, ამიტომ ყოველი დეტალი თვითონ უნდა განვსაზღვროთ, როგორიცაა საკურიერო კომპანიებთან თანამშრომლობა, დროული ჩაბარება და სხვა, მაგრამ სწორი მენეჯმენტით, ეს ყველაფერი შესაძლებელია. მაგალითად, რადგანაც თავად ვიღებთ პასუხისმგებლობას, შეკვეთებს იმავე ან მაქსიმუმ მეორე დღეს ვარიგებთ, დამხმარე პლატფორმის შემთხვევაში კი ამის ლავირების საშუალება იკარგება.

სწორედ ამიტომ სტარტაპებს ვურჩევდი, რომ თუნდაც მცირედით დაიწყონ და შექმნან საკუთარი ონლაინპლატფორმა. დღევანდელი ტექნოლოგიები იძლევა იმის საშუალებას, რომ თუნდაც მზა ძრავებზე ნულიდან ააწყო შენი ინტერნეტმაღაზია და არ დაგჭირდეს დიდი რესურსი. ჩვენც მცირე ხარჯებით დავიწყეთ პლატფორმის შექმნა და შემდეგ უკვე განვავითარეთ, გავზარდეთ და დღესდღეობით ელკომერციის სრულ მომსახურებას ვთავაზობთ მომხმარებელს”.

ნუკა-ბარბარე ჩოხელი, Amelie flowers shop-ის დამფუძნებელი:

„ჩვენი ბრენდისთვის ონლაინმაღაზია გაყიდვების მთავარი საშუალებაა. უკვე 9 წელია „ამელი” არსებობს და ელკომერციის კონცეფცია თავიდანვე ჩავდეთ იდეაში, თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ მაშინ ასეთი პოპულარული არ იყო ონლაინშოპინგი. დიდ პლატფორმებს, როგორიცაა, Amazon იყენებდნენ, მაგრამ ქართული ვებსაიტებიდან გამოწერას მომხმარებლები მაინც ერიდებოდნენ. ამიტომ ჩვენი ერთგვარი მიზანი იყო, რომ გვესწავლებინა ის უპირატესობები, რაც ონლაინშოპს აქვს.

საკუთარი ინტერნეტმაღაზიის ქონა ბიზნესს ბევრ საქმეს უმარტივებს. პირველ რიგში, ის, რომ დამოუკიდებელი ხარ და თავად არეგულირებ საპროცენტო-საფინანსო მხარეს, ასევე, თავად ადგენ მიწოდების საათებს, გყავს საკუთარი თანამშრომლები მიწოდებაში, რომლებმაც იციან შენი ბიზნესის მუშაობის სპეციფიკა…

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი უპირატესობაა უკუკავშირი, რომელიც შეგიძლია პირდაპირ მიიღო მომხმარებლისგან და გაიგო, რით არის კმაყოფილი ან უკმაყოფილო. 

მესამე უპირატესობა კი ისაა, რომ საკუთარი ონლაინმაღაზია გიქმნის მომხმარებელთა ბაზას, რომლითაც შეგიძლია, მუდმივად გქონდეს კლიენტებთან კომუნიკაცია, მიულოცო დაბადების დღე, ახალი წელი და ა.შ., რაც ბრენდსა და ადამიანს შორის ლოიალურ დამოკიდებულებას აჩენს. 

დამწყებ კომპანიებს, რომლებიც ფიქრობენ, სჭირდებათ თუ არა ონლაინმაღაზია, ვეტყოდი, რომ თუ გამონახავენ საშუალებას, აუცილებლად გააკეთონ, რადგან ის ძალიან კომფორტული და მოსახერხებელი ხელსაწყოა გაყიდვების განსახორციელებლად. თუმცა, აქვე დავძენ, რომ არაფერი მაქვს საწინააღმდეგო შუამავალი პლატფორმების და თუკი სტარტაპს არ უხერხდება საწყის ეტაპზე საკუთარი ონლაინმაღაზიის შექმნა, ვურჩევდი, რომ მიმართონ უკვე მზა პლატფორმებს, რომლებსაც დალაგებული აქვთ ინფრასტრუქტურა და ადმინისტრაციული საკითხები”.

გიორგი ბერელიძე, Filmhouse.ge-ს დამფუძნებელი:

„თავდაპირველად, როცა მაღაზია გავხსენით, ონლაინშოპინგი არც ისე გავრცელებული იყო, ამიტომ ჩვენც მხოლოდ ფიზიკური სივრცით შემოვიფარგლებოდით. მოგვიანებით, როდესაც მომხმარებლის მხრიდან მოიმატა მოთხოვნა ონლაინშეძენაზე, ჩვენც გადავწყვიტეთ, რომ საკუთარ ვებზე ჩაგვეშენებინა მაღაზია და ადამიანებისთვის მიგვეცა საშუალება, პირდაპირ ვებგვერდზე განეთავსებინათ შეკვეთა. საინტერესო გამოცდილება გვქონდა იმ მხრივ, რომ ადამიანები ონლაინ ათვალიერებდნენ, არჩევდნენ პროდუქტებს და შემდეგ მაინც მაღაზიაში მოდიოდნენ მის შესაძენად, ანუ საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც ფიზიკურად იღებდნენ. 

დღეისათვის ეს ტენდენცია უკვე შეიცვალა და, ჩვენი დაკვირვებით, პროდუქციის ონლაინგაყიდვები ყოველწლიურად დაახლოებით 10-20%-თ არის მომატებული.

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ გარდა საკუთარი ონლაინმაღაზიისა, პროდუქცია Wolt-სა და Glovo-ზეც გვაქვს განთავსებული, სადაც შეკვეთების საკმაოდ დიდი რაოდენობა მოდის და გაყიდვების კუთხით ძალიან კმაყოფილები ვართ”.

როგორც ვხედავთ, სამი გამოკითხული რესპონდენტიდან, რომლებიც სრულიად სხვადასხვა სექტორს წარმოადგენენ, საკუთარ ონლაინმაღაზიაში ინვესტიციის ჩადებას ყველა გვირჩევს. ასე რომ, სტარტაპებო, მეწარმეებო, თავისებური უპირატესობები აქვს როგორც საკუთარ ონლაინმაღაზიას, ისე შუამავალი პლატფორმის დახმარებას, არჩევანი თქვენზეა, თუმცა იდეალურ ვარიანტში, ალბათ, ონლაინვაჭრობის ამ ორივე ფორმატის გამოყენება ყველაზე ოპტიმალური იქნება.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

როგორი გემო აქვს მუსიკას? — God Save The Meal-ის ბარის ბრენდინგი

CAT – ამბავი ორ ბიზნესმენზე, რომლებიც ტექნოლოგიურმა ინოვაციამ გააერთიანა