ქართული პლაკატის ხელოვნება უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია კულტურული თვალსაზრისით, რადგან მასში თანადროული ტენდენციები, მიმდინარე მოვლენები, მსოფლმხედველობა და იდეოლოგიაა ასახული. გარდა ფუნქციური და იდეური მახასიათებლებისა, საინტერესოა მისი ვიზუალური მხარეც, რადგან მაგალითად, XIX-XX საუკუნეებში მათზე ცნობილი მხატვრებიც მუშაობდნენ…
სწორედ ამ პერიოდის ქართული პლაკატის ხელოვნების ჩასახვისა და განვითარების ისტორიას ეხება ხელოვნებათმცოდნე მარიამ გაჩეჩილაძის ახალი წიგნი, რომელიც გამომცემლობა „არტანუჯმა“ გამოსცა, პირდაპირი და მარტივი სახელწოდებით: „ქართული პლაკატი“. ამ უკანასკნელში თავმოყრილია როგორც პოლიტიკური და სარეკლამო ხასიათის პლაკატები, ისე კინოფილმების, თეატრისა და სხვა ტიპის წარმოდგენებისთვის შექმნილი აფიშები. ეს არის გამოცემა, რომელშიც აშკარად იკვეთება გრაფიკული ხელოვნების ამ ერთ-ერთი წამყვანი დარგის გავლენა ადამიანის აღქმებსა და კოლექტიურ ცნობიერზე — მით უმეტეს მაშინ, როცა სარეკლამო ხელოვნებას ათწლეულების განმავლობაში გამორჩეული მხატვარ-გრაფიკოსები ემსახურებოდნენ.
უშუალოდ წიგნსა და ქართული პლაკატის მნიშვნელობაზე, მისი განვითარების მრავალფეროვან პროცესზე თავად ავტორი, მარიამ გაჩეჩილაძე გვესაუბრება.
M: მარიამ, რატომ გადაწყვიტეთ აღნიშნული საკითხის კვლევა და შემდგომ უკვე წიგნის გამოცემა?
ძალიან დიდი ხანია, პლაკატზე ვმუშაობ და ზოგადად ხელოვნების ისტორიით ვარ დაკავებული. 80-იანი წლებიდან ვიკვლევ ქართული პლაკატის თემას და სიმართლე გითხრათ, ძალიან დიდი მასალა დამიგროვდა… შესწავლის თვალსაზრისით, ეს დროში გაწელილი პროცესი კი კიდევ უფრო საინტერესოს ხდის პლაკატის განვითარების მონაკვეთს — XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან, XX საუკუნის ბოლომდე. პირველი ქართული პლაკატი 1863 წელს შეიქმნა, უფრო მეტად აფიშის ხასიათის, რომელიც გრიგოლ ტატიშვილის საცირკო წარმოდგენას ეხებოდა. მთელი ამ წლების განმავლობაში მიმდინარე პროცესები ზუსტად აისახა პლაკატის ხელოვნებაში, რაც მას კულტურული თუ ისტორიული თვალსაზრისით უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს — თვალნათლივ წარმოგვიდგენს, რომელ ათწლეულში რა ინტერესები იყო, როდის რა აინტერესებდათ, როდის რას „აიძულებდნენ“ და კარნახობდნენ საზოგადოებას და ა. შ.
როდესაც პლაკატებს ვუყურებთ, ცხადად წარმოგვიდგება, რა რეალობა იყო მოცემულ მომენტში და როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები — იქნება ეს 20-იანი, 30-იანი, 40-იანი წლები თუ სხვა. ფაქტობრივად, ნებსით თუ უნებლიედ, ათწლეულებად ხდება ეს ცვლილებები, რაც განსაკუთრებით პოლიტიკურ პლაკატში იგრძნობა. ამასთან, ზოგად ხასიათზე თუ ვისაუბრებთ, ზოგადად ქართული პლაკატები აგიტაციური და დამრიგებლური ხასიათით გამოირჩეოდა, ასე ვთქვათ, ლოზუნგების კონას წარმოადგენდა. შესაბამისად, ადვილი მისახვედრია, მოცემულ მომენტში რა იყო საზოგადოებისთვის აქტუალური და როგორ ხდებოდა ფიქრების ფორმირება.
M: საინტერესოა, რა ნაშრომებს ეფუძნება წიგნი და რა გამოარჩევს მას სხვა თემატური გამოცემებისგან?
ჩემ მიერ ჩატარებული სახელოვნებათმცოდნეო კვლევა მრავალ ნაშრომს მოიცავს, მაგრამ როდესაც წიგნის გამოცემაზე მიდგა საქმე, საჭირო გახდა სამეცნიერო ძიებების პოპულარულ ენაზე „გადმოთარგმნა“. მასში ათწლეულებადაა წარმოდგენილი ქართული პლაკატის განვითარების ხაზი — აქ გამოკვეთილია პოლიტიკური პლაკატები, თეატრისა და კინოს აფიშები. ასევე, 1958 წლის საბჭოთა დეკადის ქართულმა პლაკატებმა გრაფიკული ხელოვნების ამ დარგს მარტივი ენა აპოვნინა, მინიმალიზმით მაქსიმალიზმის მიღწევის რელსებზე გადაიყვანა… ამგვარი ანალიზის პარალელურად, ხაზგასმულია თითოეული ეტაპის მნიშვნელობა, ფონური ვითარებები, მხატვრული ღირებულებები და ა. შ.
ვფიქრობ, ეს გამოცემა დიდი მნიშვნელობის მატარებელია, რადგან პირველი შეკრული კვლევაა მსგავსი სახით, უხვადაა წარმოდგენილი ილუსტრაციებიც და ზოგად აღქმას გვაძლევს აღნიშნული დარგის შესახებ.
M: თქვენ ახსენეთ ქართული პლაკატის აგიტაციური და დამრიგებლური ხასიათი — ეს უფრო მეტად რომ განვაზოგადოთ, რამდენად მძლავრი მექანიზმია გრაფიკული ხელოვნების აღნიშნული დარგი მასების სამართავად? და როგორი სინთეზით მოქმედებს სიტყვები და ვიზუალური ხატები ადამიანებზე?
ოციანი წლების პერიოდის პლაკატებში განსაკუთრებით იკვეთება ეს აგიტაციური ხასიათი, რაც საკმაო „წარმატებით“ მოქმედებდა ხალხზე. ზოგადად, პლაკატს იმდენად მძლავრი ემოციური და იდეური ძალა აქვს, რომ ფაქტობრივი ისტორიის გადატრიალებაც კი შეუძლია… მაგალითად, 1921-ში დამოუკიდებლობის დაკარგვასთან ერთად, თემატური სიყალბის შემცველი პლაკატები შეიქმნა — თითქოს, საზოგადოებაში სიხარულმა და ბედნიერებამ დაისადგურა, რადგან ქვეყანა გათავისუფლდა… მაგრამ რისგან ან ვისგან? ეს სიცრუე იყო, მაგრამ ვიზუალურად იმდენად დამაჯერებლად იქმნებოდა, რომ ისტორიულ განწყობას აყალბებს. სხვა საქმეა, ჩვენ რამდენად ვიჯერებთ ამას ნამდვილ ფაქტებზე დაფუძნებული წყაროების ფონზე. უბრალოდ, იმის თქმა მინდა, რომ პლაკატს დიდი გავლენა აქვს მასებზე. ეს იყო წმინდა წყლის პროპაგანდა, რომელსაც არაფერი საერთო არ ჰქონია ქართულ რეალობასთან.
გავლენას ამძაფრებს ვიზუალური დამუშავებაც — მაგალითად, ემოციური ნიუანსების დამატება, სარკასტული მინიშნებები, სწორად შერჩეული პერსონაჟები, სიმბოლურად განსაზღვრული ხასიათები და ა. შ. დღესაც ქალაქი სავსეა პლაკატებით, ყველა სადღაც გეპატიჟება, ყველა რაღაცას მოგიწოდებს… გამძაფრებული შეფასებით, „აზროვნების განსაზღვრის“ ძალის მატარებელია.
M: ერთია ეს აგიტაციური ლოზუნგები, მაგრამ მეორე მხარეს დგას ვიზუალური მხარე, რომელზეც ცნობილი ქართველი მხატვრები მუშაობდნენ — შესაბამისად, მხატვრული თვალსაზრისითაც ძალიან ღირებულია… დღეს რა ხდება თქვენი შეფასებით?
ძალიან სწორი შენიშვნაა მხატვრულ ღირებულებაზე ხაზგასმა, ვინაიდან ზოგიერთი მათგანი განსაკუთრებული ფერადოვნებით, ლაკონიური ხასიათით დამუშავების ხარისხითა და შესაძლებლობებით გამოირჩეოდა — თუკი მათ იდეურ მხარეზე დავხუჭავთ თვალს. დღეისათვის კი ბეჭდური პლაკატი ციფრულმა ხელოვნებამ დაიკავა, შესაბამისად, ძირითადი აქცენტიც მისკენაა მიმართული. ზოგადად, 90-იანების წლების თანმდევმა პროცესმა მილევად რეჟიმში გადაიყვანა გრაფიკული ხელოვნების ეს დარგი, უფრო მეტად საარჩევნო დატვირთვა შეიძინა და მხატვრობა სტანდარტულმა ფოტოებმა ჩაანაცვლა…
ვფიქრობ, ამჟამად პლაკატის კულტურა გარდამტეხ პერიოდს გადის — ძიების პროცესია და ეს ზოგადად თანამედროვე ხელოვნების გამოწვევას წარმოადგენს… ახლა ის დროა, როცა ახლებური ხედვით უნდა გადაიაზრონ პლაკატის ხელოვნება, თანამედროვე ტენდენციების ჭრილში მოაქციონ მისი დამუშავების შესაძლებლობები.
რა თქმა უნდა, წიგნი, რომელზეც დღეს ვისაუბრეთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც მარკეტინგის, პიარის და სარეკლამო სივრცეში მოღვაწეობს — ეს არის ინფორმაციული და ვიზუალური პალიტრა იმისა, თუ როგორ იქმნებოდა, ვითარდებოდა და იცვლებოდა ქართული პლაკატი დროსთან ერთად.
ავტორი: ქეთია ბელქანია