სამაგიდო თამაშები ყოველთვის იყო ადამიანისთვის თავის შექცევისა და დროის გაყვანის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება. 90-იანებგამოვლილ ბავშვებს კარგად გვახსოვს, როცა არც სინათლე იყო და არც ინტერნეტი გვქონდა, ჩვენივე გამოგონილ თამაშებთან ერთად დიდ როლს ასრულებდა სამაგიდო გასართობები, როგორებიც იყო ჭადრაკი, შაში, კარტი და სხვა. თუმცა არა მხოლოდ ბავშვები, ამ თამაშებით უფროსებიც მშვენივრად ატარებდნენ თავისუფალ დროს.
ინტერნეტის ეპოქამ და ვიდეოთამაშების ინდუსტრიამ ცოტა ხნით ჩვენი ყურადღება მაგიდიდან ეკრანებზე გადაიტანა, თუმცა ბოლო რამდენიმე წელია, მათი აქტუალობა ისევ დაბრუნდა, მით უმეტეს, რომ ახლა არჩევანი გაცილებით მეტი გვაქვს, საკმაოდ ბევრი სამაგიდო თამაში არსებობს, რომლებსაც ჩამთრევი ნარატივი და ხარისხიანი ილუსტრაციები აფორმებს. ისინი იყიდება როგორც მაღაზიებში, ისე თემატურ ბარებში, სადაც ნაირნაირ სასმელთან ერთად ნაირნაირი თამაშის შემოთავაზებაც შეუძლიათ იმისთვის, რომ ბარში მეგობრებთან ერთად გართობა კიდევ უფრო სახალისო და შემეცნებითი გახდეს.
მრავალ უცხოურ ასორტიმენტთან ერთად, როგორებიცაა: Uno, Monopoly, Risk, Catan, Raiders of Scythia, Dixit და სხვა, საქართველოში ნელ-ნელა ადგილობრივი თამაშებიც ჩნდება, ქართველი შემქმნელების მიერ ქართულ თემატიკაზე შესრულებულები.
თუ რა გამოწვევებია ამ სფეროში და რამდენად რთული ან მარტივია ქართული სამაგიდო თამაშის შექმნა, ჩვენი რესპონდენტი, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული თამაშის, „გორგასლის” შემქმნელი, ვახტანგ ინორიძე გვესაუბრება.
M: პირველ რიგში, თქვენ მიერ შექმნილი თამაშის შესახებ მოგვიყევით: როგორ და როდის გაგიჩნდათ მისი შექმნის იდეა და შემდეგ უკვე როგორი იყო მასზე მუშაობის პროცესი?
გუნდს, რომელმაც „გორგასალზე” ვიმუშავეთ, ერთმანეთთან დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს. ჩვენი ჰობი ყოველთვის იყო სხვადასხვა თამაში და გარკვეული ეტაპის შემდეგ გაგვიჩნდა შეგრძნება, რომ ამოვწურეთ ყველა თამაში და რაღაც ახალი გვსურდა. ფაქტობრივად, სპონტანურად გადავწყვიტეთ, შეგვექმნა რაიმე ახალი, რომელიც ჩვენ თვითონვე მოგვეწონებოდა. ასე დავიწყეთ მუშაობა „გორგასალზე” და იმ მომენტში არ გვქონდა გააზრებული, რომ რამდენიმე წლის შემდეგ მას ითამაშებდნენ როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.
თავდაპირველად სრულიად გამოუცდელები ვიყავით ამ სფეროში, ამიტომ პროცესი, რა თქმა უნდა, რთული იყო. თუმცა თანამედროვე სამყაროში მაინც ახერხებ იმ ინფორმაციის მიღებას, რაც გჭირდება, ამიტომ როგორღაც მოვახერხეთ სირთულეების დაძლევა.
M: რა სირთულეებთან არის დაკავშირებული საქართველოში სრულფასოვანი თამაშის შექმნა, რა მასალა, რა ხარჯებია ამისთვის საჭირო?
სრულფასოვანი თამაშის შექმნა საქართველოში არის ზუსტად იმავე სირთულეებთან დაკავშირებული, როგორც სხვა ნებისმიერ ქვეყანაში.
მთავარი სირთულე არის იდეის შემუშავება და შემდეგ ამ იდეის სისრულეში მოყვანა, რაც გულისხმობს თემატიკის მოფიქრებას, მექანიკის შემუშავებას, ისტორიის შექმნას, მექანიკის დაბალანსებას და სხვა ამ ტიპის დეტალებს, რომლებიც მინიმალურ ხარჯებთან არის დაკავშირებული. გამომდინარე აქედან, ნებისმიერ მსურველს შეუძლია შექმნას სამაგიდო თამაში, რომელიც იქნება ყველასგან განსხვავებული და საინტერესო.
უშუალოდ თამაშის წარმოების კუთხით, სირთულეები თითქმის არ არის, ვინაიდან ადვილად შესაძლებელია მცირეოდენი კვლევის შემდეგ მოიძიო სასურველი საერთაშორისო ქარხანა თუ სტამბა, რომელიც მაღალი ხარისხით და მისაღებ ფასად შეძლებს შენ მიერ შექმნილი თამაშის დაბეჭდვას.
M: სად და როგორ ხდება შემდგომ უკვე შექმნილი თამაშის რეალიზაცია?
არსებობს მრავალი საშუალება, საიდანაც შესაძლებელია მოხდეს შექმნილი თამაშის რეალიზაცია.
მაგალითისთვის, „გორგასლის“ რეალიზაცია ხდება ჩვენი ვებგვერდიდან, სხვადასხვა ადგილობრივ მაღაზიათა ქსელში, ადგილობრივ ონლაინ მაღაზიებში, საერთაშორისო ონლაინ მაღაზიებში და საერთაშორისო მაღაზიების ქსელებში.
ასევე, როცა თამაში შექმნილი გაქვს, რეალიზაცია შესაძლებელია გამოფენებსა და სხვადასხვა ღონისძიებაზე.
ჩვენს გამოცდილებაზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ მიმდინარე მოლაპარაკებები გვაქვს საერთაშორისო გამომცემლებთან, რომლებსაც სურთ თამაშის ლიცენზიის შეძენა, შემდგომ მათი ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციის მიზნით, რომელიც თამაშის დამატებითი რეალიზაციის საშუალებაა.
M: სამაგიდო თამაშის შექმნა საკმაოდ შრომატევადი საქმეა. რამდენად შეესაბამება მასში ჩადებული რესურსები მისგან მიღებულ მოგებას?
დიახ, სამაგიდო თამაშის შექმნა საკმაოდ შრომატევადი საქმეა, რომელიც მოითხოვს დროის დიდ რესურს, თუმცა წარმატებული თამაშის შექმნის შემთხვევაში მიღებული მოგებაც შესაბამისია.
ამ ტიპის თამაშის მთავარი ფასეულობა არის იდეა. შესაბამისად, ეს არის ამ სფეროს ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ფაქტორი, როდესაც შემქმნელი საჩუქრდება ზუსტად იმ იდეის გამო, რომელიც გადმოსცა სამაგიდო თამაშის მეშვეობით.
M: რამდენად არის მოთხოვნა მომხმარებლისგან სამაგიდო თამაშებზე?
სამაგიდო თამაშების ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე მზარდი სეგმენტია საერთაშორისო ბაზარზე და მისი პოპულარობა დღითიდღე იზრდება. საქართველო ამ კუთხით ჯერ საწყის ეტაპზეა, თუმცა საკმაოდ მაღალი ტემპებით ხდება ამ სფეროს პოპულარიზაცია, რაზეც მეტყველებს ის ფაქტები, რომ ბოლო წლების მანძილზე გაიხსნა სამაგიდო თამაშების არაერთი კლუბი და ისტორიულად ყველაზე მაღალ მაჩვენებელზეა. ასევე, სათამაშოების თითქმის ყველა მაღაზიაში არის სამაგიდო თამაშების ფართო არჩევანი, რაც რამდენიმე წლის წინ იშვიათობა იყო. ასევე, მომრავლდა ქართული სამაგიდო თამაშები, სხვადასხვა ჟანრის და სხვადასხვა მექანიკის, რაც ნიშნავს, რომ დაინტერესება იმატებს.
„გორგასლის” შემდეგ გამოვუშვით კიდევ ერთი პროდუქტი, „მეგალომანია“, რომელიც ამჟამად არის ერთადერთი ქართული სამაგიდო თამაში, რომელიც ხელმისაწვდომია მსოფლიოს ყველაზე დიდ სამაგიდო თამაშების ონლაინ პლატფორმაზე, boardgamearena.com-ზე.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი