in

ქართულ პოეზიაზე დაფუძნებული სამაგიდო თამაში სტუდენტებისგან

Startauperi
Startauperi

სამაგიდო თამაშები ყველას გვიყვარს. საოჯახო, სამეგობრო ან გუნდური შეკრებების ერთ-ერთი გამორჩეული ატრიბუტია ხოლმე, რომელიც ყველას ახალისებს, განურჩევლად ასაკისა. 

ქართულ ბაზარზე ნელ-ნელა იზრდება ადგილობრივი სამაგიდო თამაშების რაოდენობა და მათ რიცხვს კიდევ ერთი შეემატა. „პოკერატურა” იმითაც ექცევა ინტერესის ქვეშ, რომ ის სტუდენტური პროექტის ნაწილია, მისი შემქმნელები GIPA-ს ციფრული მედიისა და კომუნიკაციის მეორე კურსის სტუდენტები არიან. მათი მიზანი ლიტერატურისა და გართობის გაერთიანება იყო, ამიტომ შექმნეს ისეთი თამაში, რომელიც ერთდროულად შემეცნებითიც არის და მასთან ერთად დროის გაყვანაც სახალისოა. 

თამაშის შემქმნელებმა, აღმოვაჩინეთ, რომ ლიტერატურა ბევრად მეტია, ვიდრე ტექსტი.

ყველაზე მომხიბვლელი და საინტერესო უშუალოდ თამაშის შექმნის პროცესი იყო. გაჩნდა არაერთი იდეა, რომლებსაც ვახარისხებდით და ვხვეწდით. ყველაზე საინტერესო აზრების ერთმანეთში გაცვლა იყო, რა მოგვწონდა, რა – არა; რა და როგორ იქნებოდა მომხმარებლისთვის უფრო იოლი და ოპტიმალური. საბოლოოდ კი, მივიღეთ პროდუქტი, რომელმაც უნდა აცოცხლოს ლიტერატურა და ინტერესი ადამიანში.

ლექსის ნაწყვეტები და თამაშის მთელი კონცეფცია გიბიძგებს, რომ მეტი ეძიო, არ გაჩერდე, ისწავლო. თამაშის მთავარი სლოგანიც ესაა – „შესძინე შენს ინტელექტს აზარტი”. ჩვენი ჩანაფიქრი შედგა და პროექტმა საგანმანათლებლო, სამაგიდო თამაშის სახე მიიღო”, – გვიყვება პროექტის ერთ-ერთი ავტორი, ანი სხირტლაძე.

თავად სამუშაო პროცესს შემქმნელები მარტივად არ იხსენებენ. მნიშვნელოვანი იყო ყველა დეტალის განსაზღვრა, როგორიცაა:  აღქმადი წესების შემუშავება, დიზაინი, მასალის ხარისხი…მსგავსი ტიპის პროდუქტის შექმნისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა შეფუთვასაც, ლოგოსა და ბარათებს. რაც შეეხება სამიზნე აუდიტორიას, ის მოიცავს ყველა იმ ადამიანს, ვისაც უყვარს და აინტერესებს ლიტერატურა, განსაკუთრებით, პოეზია. 

სამაგიდო თამაში ფიზიკურად უკვე განთავსებულია რამდენიმე თემატურ სივრცეში, სადაც დაინტერესებულ მომხმარებელს შეუძლია მისი პოვნა. გარდა ამისა, მისი შეძენა ონლაინ, სოციალური ქსელის მეშვეობითაც არის შესაძლებელი. 

მოგეხსენებათ, დღეს ციფრული მედია ყველაზე აქტიური და პოპულარული ადგილია ხალხთან კომუნიკაციისთვის. ამიტომ ამ ეტაპზე სწორედ სოციალური ქსელებია ჩვენსა და ხალხს შორის კავშირის დამყარების მთავარი საშუალება. ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს პოკერატურის შესახებ, ამას კი მუდმივი კონტენტზე მუშაობით,  სოციალური ქსელებით და სხვადასხვა დაწესებულებასთან თანამშრომლობით ვცდილობთ”, – გვიზიარებენ გუნდის წევრები.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

McDonald’s-მა მომხმარებელთა შეკვეთები მაისურზე განათავსა

GT Motors ციფრულ ტრანსფორმაციას იწყებს