12
Oct
2018

„ქართული შრიფტი გრაფიკული დიზაინერებისთვის“ – ორენოვანი სახელმძღვანელო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე

12 Oct 2018

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სამეცნიერო, სამეცნიერო-პოპულარული და საგანმანათლებლო ლიტერატურაა გამოფენილი, მათ შორის კი, წიგნები: „ქართული შრიფტი გრაფიკული დიზაინერებისთვის“, რომლის პრეზენტაციაც 14 ოქტომბერს გაიმართება წიგნის ბაზრობაზე და „ქართული წიგნის ხელოვნება“.

0.5 ანაბარზე
0.5 ანაბარზე

წიგნის „ქართული შრიფტი გრაფიკული დიზაინერებისთვის“ ავტორები არიან: ნინო ჯიშკარიანი და მერაბ გეწაძე. წიგნი ორენოვანია და განკუთვნილია გრაფიკული დიზაინერებისა და ქართული ანბანის გამოყენებით დაინტერესებული პირებისთვის, როგორც პრაქტიკული სახელმძღვანელო.„ქართული შრიფტი გრაფიკული დიზაინერებისთვის“ 198 გვერდიანია და შედგება ოთხი  ნაწილისაგან: მისი პირველი ნაწილი დათმობილი აქვს ტექსტს, ქართული შრიფტის შესახებ მოკლე მიმოხილვასა და  განვითარების გზის მოკლე ისტორიას.

წიგნის ძირითად ნაწილს წარმოადგენს მეორე, პრაქტიკული სახელმძღვანელო გრაფიკული დიზაინერებისთვის, რომელიც ეხება ქართული ასონიშნების აგებისა და სიბრტყეზე განთავსების წესებს. თითოეული გვერდის შუა ნაწილში მოცემულია მხედრული ანბანის ჩვეულებრივი (პატარა) ასო და მისი აგებისა და გამოყენების წესი, როგორც ქართული თანამედროვე მართლწერის ნორმატიული წესი.  ხოლო გვერდის კიდეში, ლურჯ კვადრატებში მოცემულია ასომთავრული, ნუსხური და მხედრულის მთავრული ასონიშნები.

წიგნის მესამე ნაწილში მოცემულია ფართოდ გავრცელებული ძველი, ხელით შექმნილი ქართული შრიფტების გარნიტურები, ხოლო მეოთხე ნაწილში ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად, მოცემულია ქართული შრიფტი დღეს და მისი გამოყენების მაგალითები პრაქტიკაში.

რაც შეეხება „ქართული წიგნის ხელოვნებას“, მისი ავტორი ნინო ჯიშკარიანია. წიგნში ისეთი მხატვრების ბიოგრაფიებია წარმოდგენილი, რომლებიც უშუალოდ, წიგნის მხატვრობაზე მუშაობდნენ. გარდა ამისა, წიგნში ნახავთ ქართულ შრიფტს, ილუსტრაციებს და ა.შ.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის შემდეგ, თბილისში იგეგმება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პავილიონში გამოფენილი წიგნების პრეზენტაცია.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოვლენაა კულტურის სფეროში, სადაც ავტორები და გამომცემლები წარადგენენ მათ მიერ გამოცემულ წიგნებს, უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, ყიდიან და ყიდულობენ თარგმნისა და გამოცემის უფლებას. წელს, ბაზრობაზე საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგა.

განხილვა