სპორტს უფრო შთამბეჭდავსა და სანახაობრივს მისი გულშემატკივარი ხდის. გადავსებულ სტადიონზე მატჩის წარმართვა თავად სპორტსმენებისთვისაც დიდი სტიმულია, რომ ბოლომდე დაიხარჯონ და კონკურენტს საკუთარი ძალა დაანახონ.
ქართულ სპორტს განსაკუთრებით დიდი მხარდაჭერა სჭირდება, რადგან მისი მსოფლიოში პოპულარიზაციის საკითხი ჯერ კიდევ მწვავე პრობლემად დგას. დიდი გულშემატკივარი დიდი ძალაა, რომელსაც შეუძლია ქართული სპორტის უკეთესი ფურცელი დაწეროს. კარგ მაგალითად გამოდგებიან ფეხბურთის გულშემატკივრები ინგლისში. ყველას გვინახავს, როგორ აქტიურად არიან ისინი ჩართულნი გუნდების გამხნევებაში და, ფაქტობრივად, ცალკე ბრენდად არიან ჩამოყალიბებული.
საქართველოშიც გვყავს მსგავსი ბრენდი და მათ ქართული სპორტის ქომაგები ჰქვიათ. ის 2010 წელს მოხალისეებთან ერთად შეიკრა და მისი დამფუძნებელია ბექა ნოზაძე. სწორედ ბექა მოგვიყვება უფრო ვრცლად ,,ქომაგების” ისტორიისა და მისიის შესახებ.
M: ბექა, მოდი, თავიდან დავიწყოთ – 2010 წლიდან გაჩნდა „ქომაგების” დაფუძნების იდეა: როგორ გაჩნდა ის, ვინ და ვინ იყავით თავიდან და რა სახის აქტივობებით გამოიხატებოდა თქვენი ქომაგობა?
2010 წელს, საქართველო-ისრაელის შეხვედრის შემდეგ, ერთმანეთისთვის სრულიად უცნობ ადამიანებს გაგვიჩნდა იდეა, რომ შეგვექმნა ადამიანთა ისეთი ჯგუფი, რომელიც ქართველ სპორტსმენებს წარმატების მიღწევაში დაეხმარებოდა. ჩვენი პირველი შეკრება 11 სექტემბერს შედგა, სადაც შევთანხმდით საორგანიზაციო საკითხებზე, ბრენდინგზე და დავსახეთ განვითარების გეგმა. შემდეგ უკვე სოციალური ქსელების მეშვეობით ვავრცელებდით ჩვენს აქტივობებს, რითაც იზრდებოდა ჩვენს რიგებში გაწევრიანების მსურველთა რიცხვი.
M: რამდენი ადამიანია დღეს ქომაგებში და რას აკეთებთ იმისთვის, რომ თქვენი აქტიურობა სასარგებლო იყოს ქართული ნაკრებებისთვის?
ამჟამად ქომაგებში 400-მდე აქტიური ადამიანია გაწევრიანებული. გვაქვს ღია ჯგუფი, სადაც რამდენიმე ათასი ადამიანია და ისინი აქტიურობის მიხედვით ირგებენ ქომაგის სტატუსს. სხვადასხვა სპორტის სახეობებზე სხვადასხვა ტიპის პერფორმანსს ვაკეთებთ, რაც დამატებითი მოტივაციაა როგორც მთლიანი სტადიონისთვის, ასევე სპორტსმენებისთვის. მატჩისწინა მსვლელობებით ვცდილობთ საზეიმო გარემო შევქმნათ ქუჩებში და მოვუწოდოთ ხალხს, რომ მოვიდნენ სტადიონზე და გვერდში დაუდგნენ საკუთარ ქვეყანას.
M: როგორც ვიცით, ქომაგები და ქართული სპორტის მხარდამჭერთა ასოციაცია პარტნიორები გახდნენ. ამ პარტნიორობაზეც გვითხარით: რას გულისხმობს ის და რა შედეგზეა ორიენტრებული?
ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ქართული სპორტის მხარდამჭერთა ასოციაციასთან. მიზნები, რომლებიც აღნიშულ ორგანიზაციას აქვს, თანხვედრაში მოდის ჩვენს გეგმებთან და ხედვასთან. აქედან გამომდინარე, ყველა წინაპირობა არსებობს იმისთვის, რომ ჩვენი თანამშრომლობა წარმატებული და მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანი იქნება ქართული სპორტისთვის.
M: თქვენი აზრით, რა მნიშვნელობა აქვს ქომაგების ასეთი ჯგუფის ორგანიზებულობას ქართველი სპორტსმენებისთვის და თუ გაქვთ ქართველ სპორტსმენებთან ურთიერთობა?
სპორტი და გულშემატკივარი ერთმანეთისთვის განუყოფელი ნაწილია. კარგად გვახსოვს პანდემიის დროს, ცარიელი ტრიბუნების ფონზე თამაშები როგორ ვითარებაში ტარდებოდა. როცა სპორტსმენმა იცის, რომ მისი თამაშის საყურებლად უამრავი ადამიანი ფინანსებს, ენერგიასა და თავისუფალ დროს ხარჯავს, მათთვის ეს დამატებითი მოტივაციაა. მაშინ, როდესაც ქომაგი მაქსიმალურად იხარჯება ტრიბუნაზე, ეს მუხტი მოედანზეც გადაიცემა და შემდეგ წარმატების მიღწევა ბევრად უფრო მარტივია. ქომაგებსა და სპორტსმენებს ერთმანეთთან მჭიდრო კავშირი გვაქვს, რაც განსაკუთრებით გასვლითი თამაშების დროს იგრძნობა. ხშირად ყოფილა შემთხვევა, როდესაც სპორტსმენებს სხვა სპორტის ნაკრებებისთვის ჩვენი ტრიბუნიდან უქომაგიათ.
M: იმისთვის, რომ აქტიური ქომაგობა გაუწიოთ ქართველ სპორტსმენებს, დაესწროთ მატჩებს და ა.შ., ალბათ, მატერიალური რესურსებიცაა საჭირო? რასთანაა ეს დაკავშირებული და როგორ ახერხებს ქომაგების ჯგუფი საქმიანობის ორგანიზებას?
წლების განმავლობაში, ძირითადად, ენთუზიაზმის ხარჯზე ხდებოდა ამ ყველაფრის ორგანიზება. პერიოდულად იყვნენ კომპანიები, რომლებიც ერთჯერადად გვიწევდნენ დახმარებას კონკრეტულ ღონისძიებებზე, ასევე, ძირითადი საკითხებში აქტიურად გვეხმარებიან ფედერაციები და ვფიქრობთ, რომ უახლოეს პერიოდში სპონსორობის კუთხითაც გვექნება სიახლეები, რითაც შევძლებთ ჩვენი ხარისხის უფრო მეტად გაუმჯობესებას.
[R]