in

ქართული უპილოტო საფრენი აპარატი, 5 კგ ტვირთის გადაზიდვის ფუნქციით – Unmanned Air Technologies

Startauperi
Startauperi

„პრობლემატიკა, რისი გადაჭრაც ჩვენს პროდუქტსა და შესაბამის სერვისებს შეუძლია, საკმაოდ ვრცელია. ეს შეიძლება, იყოს სამაშველო ოპერაციების მხარდაჭერა (მაგალითისთვის, პირველადი დახმარების მიწოდება რთულად მისასვლელ ადგილას), კრიზისების მართვის მხარდაჭერა, ტყის ხანძრების დროული აღმოჩენა, რაც 10-ჯერ და ზოგ შემთხვევაში, 1000-ჯერაც ამცირებს გარემოზე მიყენებულ ზარალს, ადამიანებსა თუ კერძო საკუთრებაზე; ასევე, გარემოსდაცვითი მონიტორინგი, სამედიცინო ტვირთების (სისხლი, ორგანოები) ტრანსპორტირება. უფრო ზოგადად, შესაძლებელია ყველა იმ ამოცანის გადაჭრა, სადაც საჰაერო დაკვირვებასა და მცირე ზომის (5 კგ) დიდი მნიშვნელობის ტვირთის მიწოდებას გადამწყვეტი ფუნქცია აქვს“, – გვიყვება ივანე მაისაია, Unmanned Air Technologies-ის თანადამფუძნებელი.

თავის მხრივ, Unmanned Air Technologies არის კომპანია, რომელიც კომერციული/სამოქალაქო უპილოტო საჰაერო სისტემების განვითარებასა და მათ პრაქტიკაში დანერგვაზე მუშაობს, რაც მოიცავს როგორც ბიზნეს, ასევე სამეცნიერო საქმიანობას.

კომპანიის შექმნის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც დამფუძნებლებმა გაიაზრეს ის, რომ რაც მსოფლიოში მსგავსი სისტემების განვითარების მიმართულებით ხდებოდა, ამის გაკეთება საქართველოშიც შეიძლებოდა და რომ მათაც ჰქონდათ რესურსი, საავიაციო ინდუსტრიის გამოწვევების გადაჭრაში მონაწილეობის მისაღებად.

შევჯერდით იმაზე, რომ საქართველოში ავიაციის განვითარებისთვის, უპილოტო საჰაერო სისტემებზე ორიენტირება საუკეთესო მიმართულება იქნებოდა, რადგანაც იმ მოცულობის ეკონომიკას არ მოითხოვს, რასაც ავიაციის სხვა განხრები. შემდეგ პრობლემატიკას მივყევით და ის მიმართულებები განვსაზღვრეთ, რაშიც ყველაზე ფართო და ეფექტიანი გამოყენება შეიძლებოდა, ჰქონოდა მაღალტექნოლოგიურ ვერტიკალური აფრენისა და დაფრენის ხანგრძლივი მოქმედების უპილოტო საფრენ აპარატებს. დიზაინი შევიმუშავეთ, თუმცა მისი სრული მასშტაბით აწყობა დიდ ხარჯებს მოითხოვდა. გადავწყვიტეთ, სადემონსტრაციოდ, მცირე ზომის პროტოტიპი მოგვემზადებინა, თუმცა კი, იმ ტექნოლოგიების გამოყენებით, რომელიც საბოლოო მოდელის ასაწყობად იქნებოდა საჭირო. თავდაპირველად, ჩემს აგარაკზე დავიწყეთ ფიუზელაჟის (თვითმფრინავის კორპუსი) დამზადება. ფრთების დასამზადებლად გვჭირდებოდა სპეციალური დანადგარები (კერძოდ, ყალიბების მისაღებად), რაშიც „საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო“ დაგვეხმარა და რამდენიმე კვირაში ჩვენს პროტოტიპს ფრთებიც შევასხით, – ივანე მაისაია

პროცესშივე მიხვდნენ, რომ თბილისშიც უნდა ჰქონოდათ სამუშაო სივრცე. იქაურობა თავიანთი ხელით შეალამაზეს და სარემონტო სამუშაოები ნახევრადსარდაფში განაგრძეს. 

შემდეგი გამოწვევა მცირე პროტოტიპის დასრულება იყო ოღონდ, მისი არა მხოლოდ სადემონსტრაციო სახით, არამედ ფუნქციონალური დატვირთვაც რომ ჰქონოდა, ანუ ეფრინა. ამ დროს, „საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს“ პროტოტიპის გრანტი ჰქონდა, ეს შესაძლებლობა გამოიყენეს, საჭირო ნაწილები ჩამოიტანეს, დაახლოებით, ორ თვეში დაასრულეს მუშა პროტოტიპი და საცდელი ფრენებიც შედგა.

ვფიქრობ, რომ პროტოტიპის დასრულება და სატესტო ფრენები საკვანძო მომენტი იყო, რაც ჩვენი იდეის მკაფიო დასაბუთებაში დაგვეხმარა, – ივანე მაისაია. 

საფრენი აპარატის ზოგადი ხედი ასეთია:

1 – ფრთა, 2 – ფიუზელაჟი, 3 -“V”-ს ფორმის კუდი, 4 – ამწევი მოტორების ანაწყობი, 5 – შიდაწვის ძრავა, 6 – თერმული და ვიზუალური სენსორების ანაწყობი, 7 – ავარიული ფრენის შეწყვეტის პარაშუტი, 8 – აკუმულატორი, 9 – საწვავის ავზი, 10 – ავტოპილოტი.როგორც ზემოთ ნაჩვენებ სურათში ხედავთ, უპილოტო საფრენ აპარტს 4 ელექტრომოტორი აქვს, რომლებიც ამწევ ანაწყობშია განთავსებული. თითოეული მოტორის საჰაერო ხრახნს დამფარავი ზედაპირი აქვს, რომელიც ვერტიკალური აფრენა-დაფრენისას იხსნება და კრუიზის რეჟიმში იხურება, რომ საფრენი აპარატის საერთო აეროდინამიკური მახასიათებლები გააუმჯობესოს. კრუიზის ფრენის რეჟიმისთვის გამწევი ძრავა არის შიდა წვის, ვანკელის ტიპის (ფელიქს ვანკელი – თვითნასწავლი მექანიკოსი – მბრუნავი დგუშის ძრავის გამომგონებელი), რომელიც მსუბუქია, დაბალი ამპლიტუდის ვიბრაციებით ხასიათდება და ასევე, ფრენის ხანგრძლივობას ზრდის.

საფრენი აპარატი ფრენის ავარიული შეწყვეტისთვის უზრუნველყოფილია პარაშუტით. ფიუზელაჟის შიგნით არის სივრცე 5 კგ ტვირთის გადასატანად. ყველა სისტემა ავტოპილოტის მიერ კონტროლდება და შედეგად, უზრუნველყოფილია ავტონომიური ფრენა. ამავდროულად, მთელი ფრენის განმავლობაში, ავტოპილოტთან რადიოკავშირი შენარჩუნებულია, რადგანაც საჭიროების შემთხვევაში, უსაფრთხოებისთვის, პილოტმა მართვა სრულად ან ნაწილობრივ გადაიბაროს.

M: ივანე, ტექნოლოგიურად როგორ წყვეტთ Unmanned Air Technologies-ის საფრენ აპარატს?
ჩვენ დიზაინის ოპტიმიზაციის, აეროდინამიკური და კონსტრუქციის სიმტკიცეზე გაანგარიშებებისთვის სასრულ ელემენტთა მეთოდს (სემ) ვიყენებთ. აღნიშნული მეთოდი ეკონომიური და ეფექტიანია საინჟინრო ნაწარმის კვლევის, განვითარების, ტესტირებისა და შეფასებისთვის.

ასევე, ანალიტიკურ და კლასიკურ მეთოდს ვიყენებთ შედეგების გადასამოწმებლად, დიზაინში დაშვებული შეცდომები რომ ავიცილოთ თავიდან. სემ სტრუქტურის სიმტკიცის გაანალიზებაშიც გვეხმარება – უფრო ზუსტად, უსაფრთხოების ფაქტორი რომ განვსაზღვროთ და საფრენი აპარატის დასამზადებლად, სხვადასხვა ტიპის მასალა გამოვცადოთ. 

ფიუზელაჟის აეროდინამიკური გაანგარიშება სასრულ ელემენტთა მეთოდით. ნაჩვენებია ნაკადის შემოვლა სხეულის გარშემო.
ფრთის პროფილის გაანგარიშება სასრულ ელემენტთა მეთოდით.

საფრენი აპარატის ასაწყობად, ჩვენ შრეობრივი წარმოების პროცესებსა და კომპოზიციურ მასალებს გამოვიყენებთ. ასევე, ცალკეული ნაწილები დამზადებული იქნება 3 განზომილებიანი ბეჭდვის ტექნოლოგიით. ყალიბების დასამზადებლად, ციფრული საჭრელი დანადგარები გამოგვადგება, რომლებიც ასევე, დაგვეხმარება, სხვადასხვა კონსტრუქციული ნაწილის მაღალი სიზუსტით გამოჭრაში. 

იმისთვის, რომ მაღალტექნოლოგიური საავიაციო ხარისხის კომპოზიტები ვაწარმოოთ, როგორიცაა: ნახშირბად ბოჭკოვანი კომპოზიტი და მინაბოჭკოვანი კომპოზიტი, ჩვენ რეზინით გაჯერების ტექნიკას გამოვიყენებთ, ვაკუუმ ჩანთებთან ერთად.

ჩვენი მიზანია, სრულად არამეტალურ სტრუქტურას მივაღწიოთ და პოლიმერული კონსტრუქცია შევქმნათ, რომელსაც მაღალი სიმტკიცის წონასთან ფარდობის კოეფიციენტი ექნება.

M: ამბობთ, რომ თქვენი საფრენი აპარატების დახმარებით, „შესაძლებელი იქნება ყველა იმ ამოცანის გადაჭრა, სადაც საჰაერო დაკვირვებასა და მცირე ზომის (5 კგ) დიდი მნიშვნელობის ტვირთის მიწოდებას გადამწყვეტი ფუნქცია აქვს“… შეგიძლიათ, განსაზღვროთ, ვისი ჩართულობა და მხარდაჭერა გჭირდებათ, თქვენი მისიის შესასრულებლად?

როექტის განხორციელებისთვის სასურველია შემდეგი ორგანიზაციების ჩართულობა:

საჯარო სექტორი:

  • სატყეო დეპარტამენტი;
  • გარემოს დაცვა (დაცული ტერიტორიები), საქართველოს მთლიანი ტერიტორიის 8%-ს შეადგენს და ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, ქვეყანამ ვალდებულება აიღო, დაცული ტერიტორიების მასშტაბი განავრცოს, გააფართოვოს  და უახლოესი 4-5 წლის განმავლობაში, ის 16%-ს მიაღწევს;
  • კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო;
  • საგზაო დეპარტამენტი;
  • კრიზისების მართვის სამსახური;
  • უნივერსიტეტები და პროფესიული სასწავლებლები.

კერძო სექტორი:

  • ბანკები, დაცვისა და უსაფრთხოების კომპანიები;
  • კომპანიები, რომლებიც ნავთობსადენების, გაზსადენების, ელსადენების ოპერირებას ახორციელებენ;
  • სამედიცინო და სადაზღვევო სექტორი.

არასმთავრობო სექტორი:

  • გარემოს დაცვითი ორგანიზაციები…

M: როგორ ხედავთ სტარტაპის განვითარების პერსპექტივებს?
გვსურს, შევქმნათ მცირე საწარმო, რომელიც საფრენ აპარატებს ევროპისა და ამერიკის ბაზრისთვის გამოუშვებს და მათ რეგულაციებს დააკმაყოფილებს. ასევე, გვინდა, ამ საქმეში სტუდენტები – მომავალი ავიაკონსტრუქტორები, ტექნიკოსები და იმ სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები ჩავრთოთ, რომელთა ტექნოლოგიებიც აუცილებელია მსგავსი სისტემების განვითარებისთვის. მაგალითისთვის, ოპტიკა, რობოტექნიკა, ელექტრონიკა, ალტერნატიული ენერგიები და უამრავი სხვა დარგი.მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენს საბოლოო მიზანს რომელიმე კონკრეტული პროდუქტის შექმნა არ წარმოადგენს. გრძელვადიან პერსპექტივაში ვფიქრობთ, შევქმნათ სტრუქტურა და მეთოდები, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით, უპილოტო საჰაერო სისტემების მიმართულებით, ჩვენს კონკურენტუნარიანობას უზრუნველყოფს. 

Unmanned Air Technologies სამმა ადამიანმა დააფუძნა: ივანე მაისაია, ამირან ანანიაშვილი, ნიკოლოზ ცუცქირიძე

ივანე მაისაია სპეციალობით ავიაკონსტრუქტორია. 12 წლის განმავლობაში, სხვადასხვა ინდუსტრიაში, განსხვავებულ საინჟინრო და ტექნიკურ პოზიციაზე მოუწია მუშაობა. ბოლო 10 წლის განმავლობაში, სხვა სამსახურების პარალელურად, უპილოტო საფრენი აპარატების დაპროექტებასა და მათ განვითარებაზე იმუშავა, კერძოდ, „მაღალი ფრენის ჭერის ხანგრძლივი მოქმედების უპილოტო საფრენი აპარატი“ (სამაგისტრო ნაშრომი), ვერტიკალური აფრენისა და დაფრენის მცირე ზომის უპილოტო საფრენი აპარატი Airbus Cargo Drone Challenge-სთვის, რისთვისაც Airbus Defence and Space და Local Motors Inc.-ის მიერ აღიარებული ტექნიკური პროფესიონალიზმის სერტიფიკატი მიიღო. ამჟამად, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში, საერთაშორისო სტუდენტებს საჰაერო ხომალდების წარმოების ტექნოლოგიას ასწავლის. ასევე, სადოქტორო ნაშრომის ფარგლებში ჰიპერბგერითი უპილოტო საფრენი აპარატის დიზაინის შემუშავებაზე მუშაობს. ბოლო სამსახური BP-ში იმიტომ შეწყვიტა, რომ მთელი ენერგია Unmanned Air Technologies განვითარებაზე მიემართა.

ამირან ანანიაშვილს განათლება სახელმწიფო მართვაში აქვს მიღებული. ბოლო 10 წლის განმავლობაში, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფინანსურ მენეჯერად მუშაობს. განხორციელებული აქვს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო პროგრამები. Unmanned Air Technologies ფინანსური მენეჯერია და ასევე, უპილოტო საფრენი აპარატების კომერციული გამოყენების კონცეფციის ჩამოყალიბებაზე ზრუნავს.

ნიკოლოზ ცუცქირიძე განათლებით ელექტროინჟინერია. მას მრავალწლიანი გამოცდილება აქვს პრაქტიკული ელექტრული ინჟინერიის კუთხით. ამჟამად, ელექტროობას ასწავლის წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივ კოლეჯში. ის Unmanned Air Technologies წარმოებისა და აწყობის ხელმძღვანელია და საფრენი აპარატების წარმოების გზების გაუმჯობესებაზე მუშაობს.

ასევე, Unmanned Air Technologies გუნდში არიან: ვიტალი ღოღობერიძეფიზიკოსი, გიორგი თიკარაძეელექტროინჟინერი, გიორგი ნავდარაშვილიფინანსური ანალიტიკოსი.

ავტორი: თიკა გეგენავა

ფრენა 4 საათში, ლონდონიდან სიდნეიში – მსოფლიოს პირველი კოსმოსური ხიდი

NASA-მ შავი ხვრელის მიერ ვარსკვლავის შთანთქმა გადაიღო