in

როგორ შეიქმნა Bagana – ქართული წარმოების ბავშვის ჩასასმელი

Startauperi
Startauperi

2017 წლის თებერვალში Think Young-ის მიერ ორგანიზებულ პროექტში გაიმარჯვა საქართველოში ბავშვის სატარებელი/ჩასასმელის (სლინგი) წარმოების ინიციატივამ, რომლის ავტორებიც თინათინ გახოკიძე, ანნა ტაბატაძე, ვერიკო მიქელაშვილი, ნიკოლოზ ნადირაშვილი, დავით ზარანდია იყვნენ. საპრიზო თანხის (2000 აშშ დოლარი) მიღების შემდეგ, მათ დაიწყეს ბიზნეს საქმიანობა და დღეს Bagana-ს პროდუქციის შეძენა საქართველოს მასშტაბითაა შესაძლებელი. სტარტაპმა მარტში დაიწყო ფუნქციონირება და მისი მისიაა ხელი შეუწყოს 0 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს, მონაწილეობა მიიღონ სოციალურ აქტივობებში შვილებთან ერთად. „ბაგანა” აწარმოებს ბუნებრივი ქსოვილისგან დამზადებულ ბავშვის ჩასასმელს, რომელიც უზრუნველყოფს გადაადგილების თავისუფლებას და ახალისებს მშობლების ყოველდღიურ ცხოვრებას. Bagana-ს წარმოების სპეციფიკაზე, საჭიროებებსა და სამომავლო გეგმებზე იდეის ავტორსა და თანადამფუძნებელს – თინათინ გახოკიძეს ვესაუბრეთ:

M: რამ განაპირობა საერთაშორისო კონკურსში თქვენი გამარჯვება და როგორ შექმენით Bagana?
სოციალური მეწარმეობის სკოლაში, საერთაშორისო ორგანიზაცია Think Young-ის მიერ ორგანიზებულ კონკურსში 20-მდე ქვეყნის წარმომადგენელი ვმონაწილეობდით. დაგვაკომპლექტეს ქვეყნების მიხედვით და ხუთი ქართველი მოვხვდით ერთ გუნდში, ხუთივეს გვქონდა სხვადასხვა იდეა. ჯგუფის შიგნით, ჩემი იდეა გახდა პრიორიტეტული და ჩვენ შევქმენით ბიზნეს გეგმა, რომელმაც გაიმარჯვა კონკურსში. გამარჯვების განმაპირობებელი ერთ-ერთი ფაქტორი იყო ის, რომ კონკურსის მიმდინარეობისასვე მოვახერხეთ პროდუქტის შექმნა, მარკეტინგული სამუშაოც გავწიეთ და გავყიდეთ კიდეც. „ბაგანა” იგივე ბაღანაა. გუნდის წევრების უმრავლესობა დასავლეთ საქართველოდან ვართ. დავფიქრდით რა იქნებოდა საუკეთესო სახელი ქართული საბავშვო პროდუქტისთვის და დათა ზარანდიამ შემოგვთავაზა ბაღანა – ნაცნობი, ჟღერადი და საყვარელი. საერთაშორისო ბაზრისთვისაც რომ მოგვერგო “ღ” “გ”-თი შევცვალეთ და ასე მივიღეთ ეს დასახელება. თვითონ კონკურსი არ იყო პროექტების, ეს იყო იდეების კონკურსი სოციალური მეწარმეობის განვითარებისთვის და ჩვენი მთავარი სოციალური მიზანი მშობლების ბავშვების ერთად გატარებული დროის ხანგრძლივობის გაზრდა, ასევე, მათი გადაადგილების თავისუფლებისთვის ხელის შეწყობაა.

M: ქართულ ბაზარზე, მსგავსი, უცხოური წარმოების პროდუქტი არსებობს, რა საჭიროებები იყო Bagana-ს შექმნისათვის და რა არის თქვენი უპირატესობა?
იდეა გამიჩნდა იქიდან, რომ მსგავსი ბავშვის ჩასასმელი მაჩუქეს, გამოყენებული მქონდა და კმაყოფილი ვიყავი. შემდეგ, უკვე დავინტერესდი რა ქსოვილით მზადდებოდა და სრული ინსტრუქტაჟი მივიღე. ამ მოკვლევის შედეგად, ვიფიქრე, რომ არც ისე რთული იქნებოდა ამ საქმის დაწყება, თუკი სპეციალისტებს ჩავრთავდი. უცხოური ანალოგი არსებობს, თუმცა ისინი ძვირადღირებულია, იმავე ხარისხის პროდუქცია, რომელსაც ჩვენ უკვე ვაწარმოებთ საქართველოში, ჯდება საშუალოდ 150 ლარი. ჩვენ დავთვალეთ წარმოების ხარჯები, გადავწყვიტეთ, რომ მცირე მოგებაზე გავსულიყავით, ამჟამად, ჩვენი პროდუქტის ღირებულებაა 70 ლარი. ჩვენი ძირითადი უპირატესობა არის ხელმისაწვდომი ფასი მაღალი ხარისხის პროდუქტისთვის და ფერების არჩევანი. ამჟამად გვაქვს 5 ფერის Bagana.

M: რა ეტაპები გაიარა Bagana-მ წარმოებამდე მისასვლელად და ახლა რა ეტაპზე ხართ?
მას შემდეგ, რაც რამდენიმე კომპანიასთან დავამყარეთ ურთიერთობა, შესაბამისი ქსოვილების მოსაძიებლად, ნაჭრები ჩამოგვაქვს თურქეთიდან. ჩვენ მივაწოდეთ კონკრეტული ინფორმაცია, რა ტიპის ქსოვილი გვჭირდებოდა და ვიპოვეთ პარტნიორი, რომელიც გვამარაგებს ამ მასალით. ჯერჯერობით, გვაქვს 5 ფერი, მაგრამ სამომავლოდ ვგეგმავთ ფერების დამატებას. წარმოების პირველ ეტაპზე, ვითანამშრომლეთ წეროვანში, ერთ-ერთ სამკერვალო ქარხანასთან, შემდგომში, ეს თანამშრომლობა გაართულა ტრანსპორტირების პრობლემამ. ამჟამად, თბილისში ვაწარმოებთ ჩვენს პროდუქციას, მასიურად. მარტივად რომ ვთქვათ, ვყიდულობთ 5 ფერის ქსოვილს და ვაკერინებთ. ყოველთვიურად ეს კოლექციები განახლებადია, ქსოვილის ფერის მხრივ. თუ მომხმარებელს აქვს სურვილი კონკრეტული ფერის შეგვიკვეთოს, ამას ვათანხმებთ მომწოდებელთან და შეძლებიდაგვარად ვასრულებთ თხოვნას.


M: სად შეუძლია მომხმარებელს თქვენი პროდუქციის შეძენა და რა სამომავლო გეგმები გაქვთ ამ მიმართულებით?
შეკვეთა შესაძლებელია facebook გვერდის მეშვეობით. ადგილზე მიტანის მომსახურება გვაქვს, საკურიერო მომსახურების ღირებულებაა 3 ლარი, თბილისში. ქვეყნის მასშტაბით შეკვეთის შემთხვევაში საკურიერო მომსახურების თანხა იზრდება. ასევე, მსურველებს შეუძლიათ ადგილზე მობრძანდნენ და წაიღონ. ვაპირებთ ექსკლუზიური შეკვეთების მიღებას, რომლის მიხედვითაც, მომხმარებელს შეეძლება ინდივიდუალური დიზაინის შემუშავება. გვინდა სტენდების დადგმა სხვადასხვა სუპერმარკეტში, გვინდა გვქონდეს შოურუმი და გავიტანოთ ქართული პროდუქტი საზღვარგარეთ, ჩვენი აზრით, ეს პროდუქტი არის იმ ხარისხის, რომ გაუწიოს კონკურენცია ცნობილ ბრენდებს.

როგორ გავუშვათ ნათესავი სამსახურიდან?

სულ მწვანეზე გვევლოს! „მადლობის ეკიპაჟის“ პირველი ეპიზოდი