ნიუ-იორკი…როდესაც ამ ქალაქზე საუბრობენ, პირველი ასოციაცია მოდის თავისუფლების ქანდაკებაზე, Times Square-ზე, მაღალ ცათამბჯენებზე, მრავალფეროვან მაღაზიებსა და სხვადასხვა ეროვნების ადამიანზე, რომლის სიჭრელითაც ეს ქალაქი ერთ-ერთი გამორჩეულია. ვინც აქ ერთხელ მაინც არის ნამყოფი, მის სიდიადესა და სილამაზეზე ჰყვება. თუმცა იქ ჩასვლა სულაც არაა საჭირო, რომ მივხდეთ, როგორი დიდებული ქალაქია ის.
მთელ იმ ღირსშესანიშნაობებს შორის, რისი ნახვაც ნიუ-იორკშია შესაძლებელი, ჩვენ ერთ ისეთ სივრცეზე უნდა მოგიყვეთ, რომელიც ჩვენთვის, ქართველებისთვის არის გამორჩეული. დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ ჩვენგანს არაერთგვაროვან ემოციებს გაუჩენს, ზოგს ცრემლს, ზოგს კი ღიმილს მოჰგვრის და აუცილებლად მოგვესურვება, რომ შიგნით შევიდეთ, ვნახოთ, რა ხდება.
ეს სივრცეა Qartulia NYC, რომელიც შუაგულ ნიუ-იორკში ქართულ წიგნებს, სუვენირებსა და აქსესუარებს ყიდის. ეს არის ადგილი, სადაც ყოველი დეტალი ქართულია და შესვლისთანავე საქართველოში გაგრძნობინებთ თავს. მაღაზიის მიზანია, ერთი მხრივ, აშშ-ში მცხოვრებ ქართველებს ჰქონდეთ ისეთი ადგილი, სადაც ქართული პროდუქციის ყიდვას შეძლებენ, მეორე მხრივ კი, უცხოელებმა გაიგონ მეტი ქართული კულტურის შესახებ.
მაღაზია ბრუკლინში მდებარეობს. მისი დათვალიერება ან აქ ქართული ნივთების შეძენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. გაყიდვები ონლაინაც მიმდინარეობს, სოც. ქსელების საშუალებით. მომხმარებელს შეუძლია სასურველი ნივთი ამერიკის ნებისმიერი შტატიდან შეიძინოს და 3-5 დღის განმავლობაში მიიღოს ადგილზე. ცოტა ხანში ონლაინ შეძენა ბრენდის ვებგვერდიდანაც იქნება შესაძლებელი.
როგორ დაიწყო Qartulia-ს ამერიკული ამბავი და რას სთავაზობს ის მომხმარებელს, ბრენდის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, გვანცა ხულუზაური მოგვიყვება:
M: უპირველეს ყოვლისა, დავიწყოთ იდეით – როგორ გაჩნდა Qartulia-ს დაარსების იდეა, ვინ არიან მისი დამფუძნებლები და როგორ მოხვდნენ ამერიკაში?
Qartulia-ს შექმნის იდეა დაიბადა და განხორციელდა ნინო დავლიანიძის, ნათია, იაკო და თეკო ცინცაძეების მიერ. თუმცა, მას წინ უძღოდა კიდევ ერთი ქართული საქმის დაწყება ნიუ-იორკში – Little Georgia (პატარა საქართველო) – ქართული კვების ობიექტი, რომელიც დღემდე ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ქართველ და არამარტო ქართველ მომხმარებლებში.
აღნიშნული სივრცის არსებობამ, ქართველი ემიგრანტების დაინტერესებამ და მოთხოვნამ დაბადა იდეა, შექმნილიყო უფრო მასშტაბური და მრავალფეროვანი ქართული სივრცე, პირველ რიგში ქართველებისთვის და შემდგომ იმ ადამიანებისთვის, ვინც დაინტერესებულია ქართული კულტურითა და ტრადიციებით.
M: რით არის გამორჩეული სივრცის კონცეფცია, რატომაა ის უნიკალური?
Qartulia ნამდვილად არის უნიკალური სივრცე, სადაც ერთდროულად შეგიძლიათ გაეცნოთ გამორჩეულ, ყველასათვის საყვარელ ქართველ თუ მსოფლიო კლასიკოსებს, თანამედროვე ავტორებს. ამავდროულად დაათვალიეროთ და შეიძინოთ ხელნაკეთი ნივთები, ქართული თიხის სუვენირები, ნაქარგობა, ტიხრული მინანქრის სამკაულები, ტრადიციული სამოსი და აქსესუარები, მუსიკალური ინსტრუმენტები, ქართველი დიზაინერების საკოლექციო ტანისამოსი.
Qartulia, ეს არის პირველი და დღეისათვის ერთადერთი სივრცე ნიუ-იორკში, სადაც ქართული წიგნებისა და ქართული საბავშვო ლიტერატურის შეძენა გახდა შესაძლებელი. ამით Qartulia-ს გუნდი განსაკუთრებით ამაყობს.
M: რომელი ქართველი დიზაინერების პროდუქტები იყიდება და კონკრეტულად მათი რა ნაკეთობის შეძენაა შესაძლებელი Qartulia-ში?
Qartulia-ში წარმოდგენილია ავთანდილის კოლექცია, Salle De Mode, მეგი გაბუნიას სამოსი, ჩაცმა, ფაფანაკი, ანანოს ფერადი ნამუშევრები, ასევე ციკოლია-რონიუსის საათების კოლექცია. ექსკლუზიურად „ქართულიასთვის” ზალიკო სულაკაურმა შექმნა საქართველოს თითოეული რეგიონისთვის სახასიათო ბავშვთა და მოზრდილთა კარიკატურები, რომელიც ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს მომხმარებლებში. ასევე, წარმოდგენილია ქართული ბრენდი – ღვინის ალმასი და ღვინის ემოცია, რომელიც უნიკალურ ნივთებს ქმნის ქართული ღვინის თემატიკაზე.
M: რა სირთულეებთან არის აშშ-ში მსგავსი ტიპის სივრცის გახსნა?
სირთულეები, რა თქმა უნდა, ნებისმიერი იდეის, ბიზნესის წამოწყებას ახლავს თან, განსაკუთრებით, თუ ცდილობ ისეთ ქვეყანაში დაიმკვიდრო ადგილი, როგორიც ამერიკაა. აუცილებელია საგადასახადო კანონმდებლობის, ლიცენზიების მიღების საკითხებისა და რეგულაციებს (რაც ხშირად იცვლება) შესწავლა, ენობრივი ბარიერი, მოწოდებასთან დაკავშირებული რისკები. ვფიქრობ მიზანდასახულობის, ძლიერი მოტივაციისა და მუშაობისადმი სწორი დამოკიდებულებით ყველა სირთულის გადალახვა შესაძლებელია.
M: როგორ ხდება გასაყიდი ნივთების მიწოდება საქართველოდან?
როდესაც Qartulia-ს წარმატებაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ქართული მხარის გვერდში დგომა, პროდუქციის შემქმნელების ერთგული მუშაობა. კომპანიის დამფუძნებლებს საქართველოში, ნათია და იაკო ცინცაძეებს, სრულად აქვთ პასუხისმგებლობა აღებული ქართულ კომპანიებთან თანამშრომლობასა და საქართველოდან ნივთების მოწოდებაზე. ასევე უნდა აღვნიშნო მომწოდებელი კომპანიები, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ დროულად ჩამოიტანონ პროდუქცია. ჩვენთან თითოეული ნივთი არის ქართული და შექმნილი საქართველოში. გვყავს პარტნიორი კომპანიები, რომელთა დახმარებითაც ნივთების მოწოდება უპრობლემოდ მიმდინარეობს.
M: რამდენად არის დაინტერესება უცხოელი მომხმარებლისგან?
მიუხედავად იმისა, რომ Qartulia ჯერ მხოლოდ 2 თვეა დაარსდა, უკვე საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს ნიუ-იორკსა და ამერიკის სხვა შტატებში. დღეისათვის ძირითადი მომხმარებლები ამერიკაში მცხოვრები ქართველები არიან, მაგრამ ყოველდღიურად იზრდება დაინტერესება ამერიკელი და სხვა ეროვნების მომხმარებლებისგან. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ტრადიციული სამოსი, აქსესუარები, ქართული დეტალებით გაფორმებული სუვენირები. ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის, მაქსიმალურად მეტ ადამიანს გავაცნოთ საქართველო და ის უდიდესი სიმდიდრე რაც გვაქვს.
M: როგორც ვიცით, ქართული ღონისძიებების დაგეგმვასაც აპირებთ. რა არის ამ მხრივ გეგმაში კონკრეტულად და როგორ აპირებთ დაორგანიზებას?
დიახ, სივრცეში არსებულმა გარემომ მოგვცა კიდევ ახალი მიმართულება და სულ რამდენიმე კვირაში Qartulia უკვე ყველასათვის საყვარელ ქართველ მწერლებს, მხატვრებსა და მუსიკოსებს უმასპინძლებს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებისათვის. ნიუ-იორკში ძალიან ბევრი წარმატებული ხელოვანი ქართველი ცხოვრობს და მოღვაწეობს. ჩვენ გვინდა, ეს სივრცე მათ გამოიყენონ და საკუთარი შემოქმედება ქართულ საზოგადოებას ასეთ ფორმატშიც გააცნონ. ამ ეტაპზე მიმდინარეობას წიგნის პრეზენტაციის დაგეგმვა, რომლის დეტალებიც ძალიან მალე ოფიციალურ გვერდზე განთავსდება.
Qartulia იმ ბრენდად იქცა, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს და ცდილობს, რაც შეიძლება მალე შეუსრულოს მათ ისინი. სწორედ ამიტომ, ბრენდს დიდი სამომავლო გეგმები აქვს. უახლოეს პერიოდში Qartulia-ს კიდევ რამდენიმე ცნობილი და ყველასათვის საყვარელი ქართული კომპანია შემოუერთდება. ქართული წიგნის კითხვის წახალისებისთვის კი, ბავშვებსა და ახალგაზრდებში კითხვის დღეების გამართვას გეგმავს. ასევე, ბრენდი მონაწილეობის მიღებას აპირებს სხვადასხვა გამოფენასა და ღონისძიებაში.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი