მანჰეტენის გულში მდებარეობს ნიუ-იორკის ხელოვნების აკადემია, რომელიც მომავალ არტისტებს მთელი მსოფლიოდან აერთიანებს. ის 1982 წლიდან არსებობს და მის დაფუძნებაში თავის დროზე მრავალმა ხელოვანმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის, ენდი უორჰოლმაც კი. აკადემიის მისია ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების შერწყმა იყო. ათწლეულების განმავლობაში მან საკმაო რეპუტაცია მოიპოვა და დღესდღეობით აქ სწავლა ნამდვილად პრესტიჟულ ნაბიჯად მიიჩნევა. ის აყალიბებს მხატვრების მომავალ თაობას და მათ შორის არიან ნიჭიერი ახალგაზრდა ქართველებიც, რომელთა რაოდენობაც აკადემიაში საკმაოდ დიდია სხვა ერებთან შედარებით.
პიტერ დრეიკი, ნიუ-იორკის აკადემიის პრორექტორი იხსენებს, რომ პირველი მხატვარი, რომელიც აკადემიაში მოვიდა, ლევან სონღულაშვილი იყო. ის თავიდანვე გამოირჩეოდა, როგორც პერსონა და ჰქონდა საკმაოდ დიდი ტალანტი.
„ლევანმა შეძლო და ნამუშევრების გაყიდვა აკადემიის ღონისძიებებზე დაიწყო. მისი ნახატები ბრუკ შილდსისა და ამერიკული პოპკულტურის სხვა წარმომადგენელთა კოლექციებში მოხვდა. აკადემიის დამთავრების შემდეგ ლევანმა შესანიშნავი კარიერა და არაჩვეულებრივი ნამუშევრები შექმნა.
ლევანის აკადემიაში გამოჩენის შემდეგ, სტაბილურად გვყავდა საუკეთესო აპლიკანტები თბილისიდან და ვფიქრობ, ვიცი, რატომაც. ტრადიციული სწავლების დიდი ნაწილი, რომელიც ადრე ნებისმიერი ვიზუალური ხელოვნების პროგრამაში შედიოდა, მოდერნისტულ ეპოქაში, ფაქტობრივად, გაქრა. ის მოძველებულად ჩაითვალა.
თუმცა, ამის პარალელურად, საბჭოთა კავშირში სწავლების ეს მიდგომა ისევ იდგა დღის წესრიგში და 1989 წელს ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ, ისეთი ქალაქები, როგორიცაა ლაიფციგი, პეკინი და თბილისი, პროგრესული, არტიკულარული ფიგურული ხელოვნების კერები გახდნენ.
აკადემია ყოველთვის მიესალმებოდა ამ ცოდნით მოსულ მხატვრებს ჩვენს საზოგადოებაში, რადგან ჩვენი ფილოსოფიაა: „ტრადიციული უნარები და თანამედროვე დისკურსი“, – ამბობს პიტერ დრეიკი.
ნიუ-იორკის აკადემიაში ამჟამად არაერთი ქართველი სწავლობს და თითოეული მათგანი ინდივიდუალური სტილით გამოირჩევა. Marketer-ის მკითხველს მივცემთ საშუალებას, გაიცნონ ეს წარმატებული სტუდენტები და მათ ნამუშევრებსაც გადახედონ.
გიორგი პოპიაშვილი:

„მას შემდეგ, რაც გამონაკლისის გარეშე, ყველამ მირჩია სასწავლებლად არ წავსულიყავი, ჩავაბარე ნიუ-იორკის არტაკადემიაში და ერთი წელია, რაც ვსწავლობ ფერწერის სამაგისტრო პროგრამაზე.
სწავლის დაწყებიდან 3 თვეში, აკადემიის საახალწლო გამოფენაზე ჩემი 2 ნახატი გაიყიდა. ამ გამოფენაზე ზოგადად ბევრი სტუდენტი ყიდის ნამუშევარს, თუმცა ჩემთვის ეს პირველი პრეცედენტი იყო. წლის ბოლოს აკადემიის მთავარ ღონისძიებაზე – Tribeca Ball, ჩემი ოთხი ნახატი შეიძინეს კერძო კოლექციონერებმა. ჯერ კიდევ წინ არის თეზისზე მუშაობა. ვფიქრობ, გამიჭირდებოდა ამ შედეგების მიღწევა აკადემიის გარეშე.
ყველა სიკეთესთან ერთად ჩემთვის სასიხარულო აღმოჩენა იყო, რომ აკადემიაში ქართველი სტუდენტები, ჩინელების მერე ყველაზე დიდი პროცენტით იყვნენ წარმოდგენილი. ძალიან სასიხარულო იყო ისიც, რომ ცალსახად ვიგრძენი კარგი განწყობა და რეპუტაცია, რომელიც ჩემმა წინამორბედმა ქართველებმა დატოვეს. ისიც უნდა აღვნიშნო, როგორი ყურადღებით, სიყვარულითა და მხარდაჭერით მიგვიღეს ქართველების ახალი ნაკადი იმ ქართველებმა, რომლებიც აკადემიაში დაგვხვდნენ. ეს სტატია მცირედია იმ მადლიერების გამოსახატად აკადემიის და ჩემი უკვე ძალიან კარგი მეგობრების, უნიჭიერესი ქართველი არტისტების მიმართ, ვისთან ერთადაც მაქვს ბედნიერება, ერთად მესწავლა”.
ლიზი ბუდაღაშვილი – მხატვარი თბილისიდან:

„უკვე ექვსი წელია, ამერიკაში ვცხოვრობ. ჩემი ნამუშევრები სამშობლოსა და ბავშვობის ნოსტალგიას, მათგან გაუცხოებას და სიზმრად ქცეული ბუნდოვანი მოგონებების გარშემო ტრიალებს. გამჭვირვალე საღებავის ფენებისა და ლაქების მეშვეობით გადმოვცემ შორეული მოგონებების გაფერმკრთალებისა და გამოგონილ ამბებთან შერწყმის პროცესს.
ამჟამად ვცხოვრობ ნიუ-იორკში. ბაკალავრიატი ფლორიდაში დავამთავრე და აქ ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში სამაგისტრო პროგრამაზე სასწავლებლად გადმოვედი.
ამ ორ გარდამტეხ წელიწადში ნიუ-იორკის აკადემია თავისი კათედრით, მაგიური ატმოსფეროთი და სტუდენტების საოცარი გუნდით ჩემს მეორე სახლად იქცა და ყოველთვის მადლიერი ვიქნები იმ პროფესიული და ცხოვრებისეული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისა, რაც ამ საოცარმა ადგილმა მომცა”.
გიორგი ტოგონიძე:
„დღეს ვცხოვრობ ქალაქში, რომელიც სავსეა კულტურული და არტისტული შესაძლებლობებით და საბოლოოდ გადავწყვიტე, ცხოვრების იმ გზაზე დავმდგარიყავი, რომელიც შინაგანად მაბედნიერებს. ამჟამად ვსწავლობ ნიუ იორკის სამხატვრო აკადემიაში და გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი და ღირებული ეტაპია. აკადემიამ მომცა როგორც ტექნიკური უნარების განვითარებისთვის საჭირო პლატფორმა, ასევე შემოქმედებითად მდიდარი და მხარდამჭერი გარემო, სადაც ჩემი არტისტული ხმა ნელ-ნელა ყალიბდება.
ამჟამად ვმუშაობ ტექსტურულ ზედაპირებზე და იმ ფაქიზ კავშირზე, რაც ადამიანის არსებობასა და მატერიალურ აბსტრაქციას შორის არსებობს. განსაკუთრებულად მხიბლავს დედამიწის ფერები — თიხის, ქვიშის, ნაცრის, ხის და ქვის ტონები — რომლითაც ვცდილობ ადამიანის დედამიწასთან კავშირი გადმოვცე. ამ ბუნებრივ ფერთა პალიტრას შრიანი ტექსტურები ემატება. მჯერა, რომ ნიუ იორკის სამხატვრო აკადემია არის იდეალური ადგილი ჩემი შემოქმედებითი პრაქტიკის გასაღრმავებლად, როგორც ტექნიკურად, ისე კონცეპტუალურად. დიდი სურვილით ველოდები შესაძლებლობას, გავაღრმავო ჩემი უნარები და იდეები, გავიზარდო და ჩემი წვლილი შევიტანო ამ დინამიკურ არტისტულ საზოგადოებაში”.


თაკო ბართიშვილი:
ნიუ-იორკის აკადემიაში მაგისტრატურაზე, ფერწერის სპეციალობით ვსწავლობ. თბილისიდან ნიუ-იორკის რიტმზე გადასვლა ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა აღმოჩნდა. პირველი კურსის ინტენსიურმა პროგრამამ ბევრი რამ შეცვალა ჩემში, როგორც არტისტში – იქნება ეს ტექნიკური უნარები თუ ხედვა. ეს დინამიკა, რაც ამ ქალაქსა და სკოლას ახასიათებს, ქმნის იმ გარემოს, სადაც შეგიძლია, გაიზარდო როგორც ხელოვნებაში, ასევე პიროვნულად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო პროფესორებთან და თანაკურსელებთან ურთიერთობა. დიდი მოტივაციაა იმ სივრცეში ყოფნა, სადაც დროის დიდ ნაწილს ატარებ და ხედავ, რომ ყველა ადამიანს ერთი მიზანი ამოძრავებს.
ჩემს ნამუშევრებში ხშირად ჩანს პეიზაჟები და მცენარეები, როგორც შინაგანი მდგომარეობების მეტაფორული გამოსახულებები. ვიკვლევ ისეთ ფსიქოლოგიურ თემებს, როგორებიცაა შფოთვა, შიში და არაცნობიერი ემოციური მდგომარეობები, რომლებიც ხშირად ჩუმად იკვეთება ადამიანის ყოველდღიურობაში”.

Oil on canvas
99x88cm 2023
Private collection

88x70cm 2024
Acrylic, oil on canvas
Private collection
მარიამ კვაშილავა:
„ვარ ქართველი ხელოვანი და ხელოვნებათცოდნე. წელს მივიღე ხელოვნების მაგისტრის ხარისხი (MFA) ნიუ იორკის ხელოვნების აკადემიიდან, სადაც ამჟამად ასევე ვასწავლი კულტურულ კვლევებს.
აკადემიამ ბევრი ახალი გზა მაჩვენა საკუთარ ხელოვნებასთან ახალი ურთიერთობის დასამყარებლად. ჩემი ნამუშევრები ეხმიანება მეხსიერების, იდენტობისა და ემოციური ენის თემებს და მოიცავს ფერწერას, პრინტმეკინგს, ვიდეოს და ტექსტურ კომპოზიციებს. პარალელურად ვქმნი „დაგეგმეს” სამოტოვაციო დღიურს ქართულ და ინგლისურ ენებზე”.



ქეთა შაშიაშვილი:
ნიუ-იორკის აკადემიაში პირველად გავეცანი გავეცანი ფიგურალურ მხატვრობასა და ტრადიციულ აკადემიურ სწავლებას. ამ ცოდნამ და აქ მყოფმა ადამიანებმა ჩემს ხელოვნებას ახალი სული შესძინეს და საშუალება მომეცა, გარდამექმნა და დამეხვეწა ჩემი ნამუშევრები.
ჩემი მიზანია, ვემსახურო ხელოვნებას და ამ პროცესით დავუკავშირდე დავიწყებულ ღმერთსა და რწმენას. ჩემი ნახატებიც ამ თემატიკის გარშემო ტრიალებს, ხოლო ამ ღვთიურ ჰარმონიასთან და უმანკოებასთან დამაკავშირებელ ხიდად მხოლოდ ბუნება და ცხოველები მევლინება.
აკადემიაში მომეცა შესაძლებლობა, ფერწერის გარდა შემესწავლა სკულპტურა და ანატომიაც, რამაც ახალი ექსპრესიის ჩემთვის აქამდე უცნობი გზა გამიხსნა და სრულიად შეცვალა ჩემი აღქმა, როგორც ადამიანის, ასევე სამყაროს მიმართ”.


დავით ნიკოლოზიშვილი

„ვიზუალური ხელოვნება ყოველთვის იყო ჩემი მთავარი ინტერესის სფერო, თუმცა პროფესიულ გზაზე სხვადასხვა მიმართულება გამოვცადე. საქართველოში ფილოსოფიურზე სწავლის პერიოდს და შემდგომ მრავალწლიან პედაგოგიკურ საქმიანობას მუდმივად თან ახლდა შემოქმედებითი თვითგამოხატვის მოთხოვნილებაც. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, სწავლა გამეგრძელებინა ნიუ-იორკის ხელოვნების აკადემიის სამაგისტრო პროგრამაზე მხატვრობაში, რომელიც წელს უკვე წარმატებით დავასრულე. აკადემიამ თავისი ძლიერი აკადემიური საფუძვლითა და ფიგურატიული მხატვრობისადმი თანამედროვე მიდგომით, ხელი შემიწყო, რომ უფრო დამეხვეწა ჩემი ხელოვნების რეალისტური გამომსახველობა და აღმომეჩინა საკუთარი ვიზუალური ენა.
ჩემს ნამუშევრებში ადამიანის ფიგურა ყოველთვის კონკრეტულ გარემოშია ჩაწერილი, სადაც მეხსიერება, სოციალური კონტექსტი და ინდივიდის ფსიქოლოგიური მდგომარეობა ემოციურ შრეებად იშლება. მხატვრობა ჩემთვის არის საშუალება, დავაფიქსირო ყოველდღიურობის ის შეუმჩნეველი დეტალები, რომელთა გადმოცემა მხოლოდ გამოსახულებით არის შესაძლებელი და ეს თუ წარმატებით გამომივიდა, მჯერა, რომ დამთვალიერებელიც შეიცნობს გამოსახულებაში რაღაც საკუთარ, პირად ისტორიას, ერთ ჟესტს, მზერას ან თუნდაც სიჩუმეს, რომელიც ნაცნობ გამოცდილებას გაახსენებს ან დააფიქრებს ისეთ რამეზე, რაზეც მანამდე არ დაფიქრებულა.


ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი
განსაკუთრებული მადლობა გიორგი პოპიაშვილს
















