28
Jun
2019

ძალა ერთობაშია! – ინიციატივები ქართული ტურიზმის მხარდასაჭერად

28 Jun 2019

რუსეთის მხრიდან, საქართველოსთვის ტურისტული ემბარგოს დაწესებას ქართული საზოგადოება გაერთიანებული ძალებით პასუხობს. შეიქმნა კამპანია, ჰეშთეგით #spendyoursummeringeorgia, რომელიც ქართველებს მოუწოდებს, საზღვარგარეთ დასვენების ნაცვლად, საშვებულებო დღეები სამშობლოში გაატარონ. ამავე სახელწოდებით, შეიქმნა ფეისბუკ ჯგუფიც, რომელსაც ერთ კვირაზე ნაკლებ დროში, 200 000 ადამიანი შემოუერთდა. #spendyoursummeringeorgia აქტიურად ეხმიანება საერთაშორისო ბაზარსაც და უცხოელებს “პუტინის ყველაზე საძულველ ქვეყანაში” ქართული სტუმართმოყვარეობის გასაზიარებლად იწვევს. კამპანიის ფარგლებში, დაიწერა არაერთი სტატია საერთაშორისო მედია პლატფორმაზე, მეგობარი ქვეყნები ოფიციალურად მოუწოდებენ თავიანთ მოქალაქეებს, ეწვიონ საქართველოს. აქ ნამყოფი ტურისტები წერენ საკუთარ შთაბეჭდილებებს და ინტერნეტით აზიარებენ. ადგილობრივად, კამპანიაში ათიათასობით ადამიანი ჩაერთო აქტიურად. მათი აქტივობა და რიცხვი ყოველდღიურად იმატებს. ინტერნეტ სივრცეში არ წყდება გამამხნევებელი განცხადებები, სადაც ცალკეული ადამიანები თუ კომპანიები სურვილს გამოთქვამენ, შეიტანონ წვლილი ქართული ტურიზმის განვითარებაში. უამრავმა ადამიანმა გამოთქვა სურვილი, უფასოდ უმასპინძლოს ტურისტებს რეგიონში, საკუთარ სახლში. ზოგმაც უფასო იურიდიული მომსახურება შესთავაზა მსურველებს. გაგაცნობთ რამდენიმე ინიციატივას:

Folker Wrage

“ეწვიე საქართველოს და ვახშამი ჩემზე იყოს” – ასე ეპატიჟება კრეატიული სააგენტო Leavingstone-ის დირექტორი, ფოლკერ ვრაგე სტუმრებს საქართველოში. ამის შესახებ, ფოლკერი Medium.com-ზე წერს:

“სულ ოთხი თვეა, რაც შვეიცარიიდან საქართველოში გადმოვედი და ძალიან მომწონს თბილისში ცხოვრება. ვფიქრობ, ეს ზაფხული იდეალურია საქართველოს სანახავად. დაიკავეთ რუსი ტურისტების ადგილი, რომელთაც წელს აქ ჩამოსვლა აუკრძალეს. გეპატიჟებით ყველა მეგობარს. უკლებლივ, ყველა მეგობარს, რომელიც ამ ზაფხულს თბილისში ჩამოვა და “ლივინგსტონში” მეწვევა, ვახშმით გავუმასპინძლდები. გამონაკლისების გარეშე. არავითარი სწრაფი კვება, მხოლოდ ნამდვილი ქართული. გპირდებით…”

ბლოგის სრულად წასაკითხად, ეწვიეთ ბმულს.

სააგენტო Elliot-მა ვიდეოსადღეგრძელოების ჩელენჯი დაიწყო. ქართული ტურიზმის მხარდასაჭერად, სააგენტომ, თავის კლიენტ Georgia Starts Here-თან ერთად მოძებნა კრეატიული გზა საქართველოში ტურისტების მოსაწვევად  და წამოიწყო ახალი კამპანია #HostInGeorgia #GoingInGeorgia. ალავერდი – ქართული სუფრის და სადღეგრძელოების განუყოფელი, სახალისო ნაწილია, რომელიც გავს ჩელენჯს, რომ გააგრძელო, განავრცო წინამთქმელის იდეა და ამ ტრადიციის დაცვით ფეისბუქ მომხმარებლებმა უნდა ჩაწერონ ვიდეო-სადღეგრძელო საქართველოზე, დაპატიჟონ და უმასპინძლონ უცხოელ მეგობრებს და ალავერდით გამოწვევა გაუგზავნონ სხვებს.

სააგენტო Betterfly DDB გამოდის ინიციატივით, საქართველოდან სამუშაოდ მოვიზიდოთ უცხოელები, რომლებიც მოგზაურობენ და დისტანციურად მუშაობენ. ამისთვის, Betterfly DDB სააგენტოებს ოფისებში არსებული თავისუფალი სივრცეების ასეთი ადამიანებისთვის უფასოდ დათმობას ურჩევს. ინფორმაციის გასავრცელებლად, საქართველოში შესაბამისი ადგილის მოსაძიებლად და დასაჯავშნად კი, ციფრული პლატფორმის შექმნას ისახავს მიზნად. კამპანია გავრცელდება ჰეშთეგით #workfromgeorgia.

სტარტაპ კომპანია Tripcars, ტურიზმის ხელშესაწყობად, უარს ამბობს საკომისიოზე:

ალექსანდრე ჯეჯელავა უფასო ტრენინგებს ჩაატარებს: მეგობრებო, შემომყვანი ტურისტული კომპანიების ხელმძღვანელებს მინდა შევთავაზო (უფასოდ) ერთდღიანი სტრატეგიული ვორქშოფი, რომელიც დაეხმარებათ შეცვლილ გარემოში სწრაფად ორიენტირებაში.

ორგანიზაციამ “ჩართე” შექმნა ონლაინ პლატფორმა Sharegeorgia.org, სადაც თავი მოუყარა საქართველოს შესახებ დაწერილ სტატიებს, რომლებიც ცნობილ საერთაშორისო გამოცემებში დაიბეჭდა.

ენების ლაბორატორია Language Lab ინგლისურს უფასოდ შეასწავლის. მათ, ვისაც აქვს საოჯახო სასტუმრო, აქირავებს ბინას ან აწარმოებს ქართულ პროდუქტს და უჭირს კონტაქტი ინგლისურენოვან ტურისტებთან.

კრეატორების გაერთიანება BIRD. ორგანიზაცია საქართველოში 2019 წლის ივნისში შექმნილ მოვლენებთან დაკავშირებით ჩამოყალიბდა. ესაა დიზაინერების ჯგუფი, რომელიც ტურიზმზე ორიენტირებულ ბრენდებს ვიზუალურ ბრენდინგში დაეხმარება. გუნდს, ასევე, შეუერთდნენ ქოფირაითერები, არტ-დირექტორები, სოციალური მედიის მენეჯერები და სხვა პროფესიის წარმომადგენლები. ამჟამად, კომპანია ითვლის 30-ზე მეტ წევრს. ,,BIRD” არის აბრევიატურა (Birth of Inspirational Responsible Designers) და ყოველი სიტყვა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ასევე BIRD ნიშნავს ჩიტს და ერთმანეთს ჩიტებსაც ვეძახით, იმიტომ რომ აუცილებლად გავფრინდებით” – ამბობენ ორგანიზაციაში.

“პალიტრა მედია” სა­რეკ­ლა­მო სივ­რცეს უსას­ყიდ­ლოდ და­უთ­მობს სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო­ებ­სა თუ სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო­ებს. კამ­პა­ნი­ა­ში #ქარ­თუ­ლი­ზა­ფხუ­ლი “პა­ლიტ­რა მე­დი­ის” რამ­დე­ნი­მე პლატ­ფორ­მა ჩა­ერ­თვე­ბა, მათ შო­რის: ტე­ლე­კომ­პა­ნია “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სი”, ვებგვერ­დი AMBEBI.GE, გა­ზე­თი “კვი­რის პა­ლიტ­რა”. შე­სა­ბა­მი­სად, სას­ტუმ­რო­ე­ბის მფლო­ბე­ლე­ბი შეძ­ლე­ბენ სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სის შე­სა­ხებ გა­ავ­რცე­ლონ ინ­ფორ­მა­ცია და მეტ ქარ­თველს მი­აწ­ვდი­ნონ ხმა, იმის­თვის რომ შიდა ტუ­რიზ­მით მეტი ად­გი­ლობ­რი­ვი და­ინ­ტე­რეს­დეს.

“ორიგამი” Polo&Pan-ის ბილეთებს უფასოდ გადასცემს იმ 20 ტურისტს, რომლებიც ღონისძიების პერიოდში საქართველოში დაისვენებენ.

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სტუდენტების ინიციატივით ტურიზმის სფეროში მოღვაწე კომპანიებისთვის ივლისის განმავლობაში უფასო ტრენინგები და ვორქშოპები მოეწყობა, რაშიც უნივერსიტეტს ორი მეგობარი ორგანიზაცია, ჯეოლაბი და „პარტნიორები საქართველო“ შეუერთდებიან. ცოდნის გაზიარება მოხდება რამდენიმე ძირითადი თემატიკის გარშემო, რომელიც შექმნილ ვითარებაში ყველაზე სასარგებლო შეიძლება იყოს. ესენია: სტრატეგია და კრიზისების მართვა, სერვისი+, სოც. მედია მენეჯმენტი, გრაფიკული დიზაინი, ვებ-გვერდის შექმნა და ინგლისურის საბაზისო ტერმინოლოგია. მონაწილეობისთვის, საჭიროა რეგისტრაციის გავლა (http://bit.ly/GAUforTourism). #GAUზიარე

​ნიკორა“, ქვეყნის მასშტაბით, გასვლით ტურებს გეგმავს. ზაფხულის განმავლობაში, კომპანიაში დასაქმებული 1 000-მდე ადამიანი მოინახულებს მარტვილს, ვარძიას, ოკაცეს კანიონს, წინანდალს, ილიას ტბას… ტურის ფარგლებში ისინი ადგილობრივი, საოჯახო რესტორნებისა და კვების ობიექტების მომსახურებით ისარგებლებენ.

Mothercare თბილისის გუნდის ყველა თანამშრომელი ამ ზაფხულს საქართველოში დარჩება დასასვენებლად: “მომდევნო კვირაში, ყველა თანამშრომელი მარტვილში გაემგზავრება რამდენიმე დღით დასასვენებლად. ვფიქრობ, ასობით ქართულ კომპანიას შესწევს ძალა საკუთარი გუნდი დაასვენოს საქართველოში და ეს კარგ საქმესთან ერთად სასარგებლოც იქნება ქართული ტურიზმის განვითარებისთვის. მადლობა გვინდა ვუთხრათ ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ ინიციატივას ჩაუყარა საფძველი და თავადაც საქართველოში რჩება ამ ტურისტულ სეზონზე” – ამობს Mothercare-ის ფრანჩაიზ კომპანიის, “საბაჰ გრუპ ჯორჯიას” დირექტორი, ოთარ ქირია.

GIPA უფასო მასტერკლასებს აცხადებს: „+20% შენს ცოდნას“. კურსის ხელმძღვანელების თქმით, ამით ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანებიან და მთავარი მიზანია, მხარი დაუჭირონ ადამიანებს, რომელთა საქმიანობასაც, შესაძლოა, შეეხოს არსებული გამოწვევები.

Forbes Georgia-ს სურს, საკუთარ ციფრულ პლატფორმებზე უფასო სარეკლამო სივრცის შეთავაზებით, საქართველოს ტურიზმის სექტორის მოთამაშეებს გაუფართოოს შესაძლებლობა, რაც შეიძლება მეტ ტურისტს მისწვდნენ და ამით რუსული დარტყმა ქართულ ეკონომიკაზე შეარბილონ.

დიზაინ სააგენტო BRID მზადყოფნას გამოთქვამს ახალი გამოცდილების მისაღებად და საქართველოს უმოკლეს ვადებში შესაყვარებლად, კომპანიაში სტაჟირება-პრაქტიკაზე მოიწვიოს უცხოეთის ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც კარგად ფლობს დიზაინ-სტუდიისათვის საჭირო რომელიმე უნარს (გრაფიკული დიზაინერი, ილუსტრატორი, 3D, ანიმაცია და სხვა) ამ დროის განმავლობაში, აპლიკანტი უზრუნველყოფილი იქნება საცხოვრებელი ბინით.

ინიციატივას გამოხატავენ გიდებიც. მაგალითად, ნანუკი მიხანაშვილი წერს: “ტურისტულ კომპანიებს ან რიგით ადამიანებს, რომლებსაც სტუმრად გეყოლებათ უცხოელი ტურისტები, უსასყიდლოდ ჩავუტარებ ტურს შიდა ქართლის მასშტაბით, რომელმაც უშუალოდ განიცადა 2008 წლის ომი. გავაცნობ რეგიონის როგორც ისტორიულ-კულტურულ ადგილებს (გორს, ატენის ხეობას, ატენის სიონს, უფლისციხეს), ასევე მოვუთხრობ ომისა და რუსული ოკუპაციის შესახებ ინგლისურ, რუსულ და ებრაულ ენებზე.”

ციფრული ინდუსტრიის აკადემია, 1 თვის განმავლობაში, უფასო კონსულტაციებს გაუწევს ტურიზმის სფეროს ბიზნესის მფლობელებს.

ინიციატივები ეტაპობრივად დაემატება…

განხილვა