ინფლუენსერი – ეს სიტყვა ბოლო 3-4 წელია თითქმის ყველაზე ხშირად გვესმის. ის გულისხმობს ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა სოციალური არხებიდან: Instagram, Facebook, You Tube და სხვა, სისტემატურად აქტიურობენ, დებენ სთორებს, პოსტებს, ვიდეოებს, მიმართავენ საზოგადოებას, არეკლამებენ პროდუქტს ან იძლევიან რჩევებს თავიანთი კომპეტენციიდან გამომდინარე. ხშირად ინფლუენსერებად გვევლინებიან როგორც შოუბიზნესის წარმომადგენლები, ისე სხვა პროფესიის ადამიანებიც. ყველაზე მნიშვნელოვანი ინფლუენსერისთვის არის, რომ ნამდვილად ჰქონდეს ცოდნა იმ თემების გარშემო, რა თემაზეც ხალხს ესაუბრება და იყოს ჰიპერ აქტიური, რათა პულსზე ეჭიროს ხელი და თავის გამომწერებს თავი არ მოანატროს.
გარდა იმისა, რომ ამ ადამიანებს ყოველდღიურად უჩნდებათ თაყვანისმცემლები, თავის მხრივ, ბევრი კომპანია, ბრენდი ინტერესდება ინფლუენსერებითა და მათთან თანამშრომლობით. გამომდინარე აქედან, ცნობილ ბლოგერებსა და სახეებს აქვთ საკუთარი მიდგომები, სერვისები და ფასები. დღევანდელი სტატიისთვის რამდენიმე პოპულარულ ინფლუენსერს გადავავლეთ თვალი ინსტაგრამზე და გავესაუბრეთ მათ სერვისებსა და ფასებზე. მაშ ასე…
თინა შალიკაშვილი, იგივე makeupbytinnash
„პროფესიით ვიზაჟისტი ვარ, თუმცა შეიძლება ვთქვათ, რომ Beauty ბლოგერიც, რადგან გოგოებს ვუზიარებ პატარ-პატარა ხრიკებს, როგორ მოუარონ კანს, როგორ გაიკეთონ მაკიაჟი სახლის პირობებში და სხვა.
ამ მიმართულებით ხშირად მიწევს თანამშრომლობა როგორც ქართულ, ისე უცხოურ ბრენდებთან. დაახლოებით 4 წელია, უკვე აქტიური კოლაბორაციები მაქვს სხვადასხვა კომპანიასთან. პირველი, რასაც ვაქცევ ყურადღებას ბრენდის შერჩევისას, ესაა მათი პროდუქცია, იმიჯი და სხვა, რადგან ჩემთვის, როგორც ვიზაჟისტისა და ბლოგერისთვის, მნიშვნელოვანია იმ ბრენდებისთვის რეკომენდაციის გაწევა, რომლებიც მე თვითონ მართლა მომწონს. შემდეგ კი ვაკეთებ reels-ებს, სთორი განხილვებს, პოსტებს და ა.შ. ეს უკვე ბრენდთან შეთანხმებით ხდება.
ჩემი სერვისების ფასები 250-დან 500 ლარამდე მერყეობს, თუმცა, როდესაც კონტრაქტით ვთანამშრომლობთ, შეიძლება თვითონ კონტრაქტიდან გამომდინარე იყოს რაღაც სხვა ღირებულება”.
„ჩემი ძირითადი მიმართულებაა მაკიაჟის ვიდეოები, სახის მოვლასთან დაკავშირებული აქტივობები, საოჯახო ვიდეოები. სხვადასხვა ბრენდთან მიწევს თანამშრომლობა თვეში საშუალოდ 2-4ჯერ მაინც. ვცდილობ, მაქსიმალურად ბუნებრივი კონტენტი შევთავაზო მომხმარებელს, ყველაზე ხშირად ინსტაგრამზე ვარ აქტიური.
კოლაბორაციებისას პირველ რიგში, უნდა გავიგო, რა დავალებაა ბრენდის მხრიდან, რა პროდუქტის ან სერვისის გარეკლამება უნდათ. შემდეგ მაქსიმალურად ვცდილობ, რომ შევისწავლო ის პროდუქტი-სერვისი და, რა თქმა უნდა, ჩემს თავზე ვტესტავ. ეს მნისვნელოვანია, რადგან მინდა ვიცოდე, რას ვარეკლამებ და ვურჩევ ჩემი სახელით ჩემს გამომწერებს. ბუნებრივია, ყველაფერი, რაც მე მომწონს ან მიხდება, ყველას არ მოეწონება, თუმცა მინდა, რომ მინიმუმ გატესტილი მაინც მქონდეს.
შემდეგ ჩემი მხრიდან ვთავაზობ აქტივობების მონახაზს რაზეც ერთად ვთანხმდებით და ბოლოს უკვე ვაჯამებთ და ვთანხმდებით ბიუჯეტზე, ან თუ ბარტერია, ბარტერის რაოდენობა მიახლოვებული უნდა იყოს აქტივობების ბიუჯეტთან”.
„ჩემი მიმართულება მოგზაურობა, ვიდეოგრაფია და კრეატიული კონტენტის შეთავაზებაა ჩემი გამომწერებისთვის. ფაქტობრივად, ყველა მოგზაურობისას გვყავს სპოსნორი, ამიტომ ბრენდებთან აქტიურად მიწევს თანამშრომლობა. ჩემი შეთავაზებები ძირითადად product placement-ს მოიცავს მაღალი ხარისხის და კრეატიულ ვიდეოებში. ასევე ვთავაზობ საიმიჯო რგოლების გადაღებას და სხვადასხვა საინტერესო კოლაბორაციას.
რაც შეეხება ფასებს, ეს ცოტა ინდივიდუალურია. ყოფილა კომპანია, რომლისთვისაც კონკრეტული მომსახურება გამიწევია 500 ლარად. ყოფილა ისეთიც, რომელსაც კონკრეტულ პროექტში მონაწილეობისთვის გადაუხდია 15.000 ლარი. მაგალითად, უახლოეს მომავალში მივდივართ სახლ-მანქანით დაუვიწყარ ევროტურში, სადაც ზეკონტენტი შეიქმნება და გვყავს რამდენიმე ძალიან სერიოზული სპონსორი. როდესაც ბრენდთან თანამშრომლობას ვაპირებ, ძალიან დეტალურად, მარტივად და გასაგებად ვუხსნი, ვაჩვენებ, თუ რას ვთავაზობ და რატომ არის კარგი მისთვის ჩემთან თანამშრომლობა. დანარჩენი უკვე ბრენდის გუნდის კრეატივზე, ფანტაზიასა და გააზრების უნარზეა დამოკიდებული.
აქვე აღვნიშნავ, რომ არაერთხელ გამიწევია სრულიად უფასოდ სტარტაპისთვის დახმარება, როგორც პიარის კუთხით, ისე ვიდეორგოლის გადაღებით”.
მარიამ წილოსანი, იგივე marisunny7
„მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ხშირად მთავაზობენ ქართული და ინტერნაციონალური კომპანიები თანამშრომლობას, მაქსიმალურად ვცდილობ, არ დავტვირთო ჩემი კონტენტი რეკლამით და მხოლოდ ისეთ ბრენდებთან ვიმუშაო, რომელთა მომხმარებელიც თავად ვარ. ჩემი ლიმიტია თვეში 8 რეკლამა, რაც იმას გულისხმობს, რომ იძულებული ვარ შემოთავაზებების 60%-ზე უარი ვთქვა ხოლმე.
ჩემი სერვისები მოიცავს სხვადასხვა ტიპის სარეკლამო აქტივობებს ინსტაგრამზე, იუთუბსა და ტიკტოკზე. როგორც წესი ბრენდები უპირატესობას ვიდეოკონტენტს ანიჭებენ და ძირითადად იუთუბზე და ინსტაგრამ რილსში ინტეგრაციით ინტერესდებიან. როდესაც ვმუშაობ სარეკლამო კონტონტზე, ვცდილობ შევინარჩუნო ჩემი ბუნებრივი სტილი და პროდუქტზე წინასწარ გამზადებული სკრიპტით არ ვისაუბრო, მაგალითად მომყავს ჩემი პირადი გამოცდილება და ემოცია. ეს რეკლამას მეტად ავთენტურს ხდის.
ჩემთან კოლაბორაციის ფასები მერყეობს 700-3000 დოლარამდე, თუმცა ფასები ზრდადია, რადგან ჩემი აუდიტორიის რაოდენობა მუდმივად იზრდება და კონტენტის ხარისხი იხვეწება. ყოფილა შემთხვევები, როცა ბრენდისთვის რეკომენდაცია უსასყიდლოდაც გამიწევია. ამას ძირითადად დიდი პოტენციალის მქონე, საინტერესო სტარტაპების შემთხვევვაში ვაკეთებ, თუმცა რომელიმე კონკრეტული ბრენდის „სახედ’’ არ მინდა მოვიაზრებოდე, ამიტომ ექსკლუზიურ თანამშრომლობებზე უარი ვთქვი. დამკვეთისთვის თავიდანვე ნაცნობია ჩემი შემოქმედება. ხშირად ჩემივე კონტენტიდან მიგზავნის რეფერენსს და მთხოვს, რომ მსგავსი სტილის მიხედვით შევქმნა მისთვის რეკლამა, თუმცა მეტად საინტერესო თანამშრომლობა ხდება მაშინ, როცა ბრენდი სრულ კრეატიულ თავისუფლებას მაძლევს. ზოგჯერ დამკვეთთან ერთად ვმსჯელობ კონტენტის იდეაზე, რაც ასევე ძალიან საინტერესო პროცესია. ჩემი ძირითადი მოთხოვნა ბრენდთან თანამშრომლობისას არის ის, რომ მქონდეს შესაძლებლობა, თავად შევარჩიო პროდუქტები, რომლებსაც გავუწევ რეკომენდაციას რეკლამაში. როდესაც კონტენტი მზადაა, მას ჯერ დამკვეთს ვუგზავნი და ვისმენ შეფასებას. თუკი დამკვეთს რომელიმე დეტალის შეცვლა სურს, ვითვალისწინებ მის აზრს და მის მიხედვით ვაკორექტირებ ვიდეო/ფოტოს, რის შემდეგაც უკვე ვაზიარებ რეკლამას სოც ქსელებში”.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი