საქართველოში მარკეტერების დიდი მიგრაციაა: ზოგიერთი მსხვილი კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი სამუშაო ადგილს იცვლის და ახალი სამსახურის დასაწყებად სხვა კომპანიას, ან სხვა ქვეყანას მიაშურებს. ზოგი მარკეტინგის სფეროში ინაცვლებს, ზოგი კი, სხვადასხვა ინდუსტრიაში ცდის ბედს. ჩვენ რამდენიმე მათგანს გავესაუბრეთ და გავიგეთ, რა გახდა მათი ძველი სამსახურიდან წამოსვლის მიზეზი და რა მოლოდინები აქვთ ახალ სამსახურთან დაკავშირებით.
ნატა წერეთელი „გუდვილის“ მარკეტინგისა და PR სამსახურის უფროსია: -„სამსახურის შეცვლა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ვთვლი, მუდმივადაა საჭირო ცვლილებები, რათა ადამიანი გაიზარდოს, განვითარდეს და არასოდეს დასჯერდეს მიღწეულს. სწორედ ამიტომ, სხვადასხვა სფეროებში მოვსინჯე ჩემი თავი. 7 წელი ვმუშაობდი კომპანია „ბორჯომში“, შემდეგ ვიყავი „ფილიპ მორის საქართველოს“ მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელი და ახლა უკვე სავაჭრო სფეროში მოვსინჯავ ძალებს. ახლის ძიების პროცესი ჩემთვის საინტერესო და სასარგებლოა, როგორც საკუთარი თავის განვითარებისთვის, ასევე მომავალში უფრო დიდი წარმატების მისაღწევად.“
სულხან ლაცაბიძე ამჟამად “ვისოლის“ მარკეტინგისა და PR-ის დეპარტამენტის დირექტორია. იქამდე კი, „კავკასუს ონლაინში“ მუშაობდა იმავე პოზიციაზე: -„კომპანია „მაგთის“ მიერ „კავკასუსის“ შესყიდვის შემდეგ, შეიცვალა მფლობელი და დირექტორი, შეიცვალა პროდუქტები, მიდგომები და სტრატეგია. ერთმანეთისგან განსხვავდებოდა ჩემი და „მაგთის“ ხედვები და პოზიციურადაც აღარ იყო ჩემი კადრი საჭირო. ამ პერიოდში, გამოჩნდა ახალი სამუშაო ადგილი და გადმოვედი „ვისოლში.“
დიმიტრი აბულაძე Club Iveria-ს პროექტის მენეჯერი გახდა. პროექტი „ივერია გრუპის“ მიერ დაანონსებული, ახალი ლოიალური სისტემაა ქართულ ბაზარზე. აქამდე 2 წელი კი, კომპანია “ალტას” მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიცია ეკავა: -„პოზიციის შეცვლა რამდენიმე მნიშვნელოვანმა ფაქტორმა განაპირობა. რა თქმა უნდა, ძირითადი მიზეზი ჩემი გრძელვადიანი მიზნები იყო, თუმცა გარემო ფაქტორებმაც არ დააყოვნეს. ვთვლი, 2014 წელი, როგორც კომპანია „ალტასთვის“, ასევე მისი გუნდისთვის ერთ-ერთი საუკეთესო და ნაყოფიერი წელი იყო. ამ პერიოდში მოხდა ჩემი კარიერული გარდატეხა და სურვილი გამიჩნდა, გაცილებით მასშტაბური პროექტებისთვის ჩამეყარა საფუძველი. სამწუხაროდ, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებმა დიდი გავლენა იქონია სარეკლამო ინდუსტრიაზე და რაღა თქმა უნდა, მარკეტინგზე. ამბიციური ადამიანებისთვის ძალიან შეიზღუდა გარემო და ერთი ათად გართულდა ამბიციური პროექტების შექმნა. ვფიქრობ, დღესდღეობით, ბიზნეს განვითარება და პროექტის სრულყოფილი მხარდაჭერა არის ის კარიერული ეტაპი, რომელიც დასახულ მიზნამდე მისაღწევად უნდა გავიარო. მიმაჩნია, რომ სამყარო ძალიან საინტერესოა და რაც შეიძლება ბევრი ეტაპი უნდა გაიარო, რათა ბოლომდე მიხვდე შენს შესაძლებლობებს.“
სოფო ჩოგოვაძე რესტორნების ქსელ Wendy’s EMEA-ის ბაზრების, ანუ ევროპის, შუა აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონალური მარკეტინგის ხელმძღვანელი გახდება და ოჯახთან ერთად საცხოვრებლად დუბაიში გადავა.
ნოდარ ყანჩაველმა ახლახანს შეაბიჯა მარკეტინგის სფეროში. იგი ამჟამად, კომპანია „სილქნეტის“ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსია. იქამდე კი, საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესო კარიერა განვლო და მოღვაწეობდა როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში: – „განათლებით იურისტი ვარ და ასევე, ურბან მენეჯერი. ამის გამო, ძირითადად, საჯარო სამსახურში მიწევდა მოღვაწეობა და მაქვს გავლილი თითქმის ყველა კარიერული საფეხური. საბოლოოდ მივხვდი, რომ ყველაზე კომფორტულად თავს ბიზნეს სექტორში ვგრძნობდი და გადმოვინაცვლე საცალო გაყიდვების უფროსის პოზიციაზე კომპანია „სილქნეტში“. რეალურად, ახლა დავიწყე იმ საქმის კეთება, რაც ყველაზე მეტად მომწონს. ამჯამად ჩემი, როგორც მარკეტინგის ხელმძღვანელის მიზანია, ჩემს არაჩვეულებრივ გუნდთან ერთად, კომპანია გავხადო ყველასათვის ხელმისაწვდომი და მომხმარებელზე ორიენტირებული.