როცა ხელოვნურ ინტელექტზე ვლაპარაკობთ, თვალწინ ხშირად ჩატბოტები ან რთული ალგორითმები წარმოდგება, თუმცა რეალური ისტორია ყოველთვის ადამიანებით იწყება. კონკრეტულად კი იმ მოსწავლეებით, რომლებიც YouTube-ის ვიდეოებით, Discord-ის სერვერებითა თუ პირველი ექსპერიმენტებით ინტერესდებიან, თუ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი შიგნიდან.
საქართველოში საოლიმპიადო მოძრაობა ახალი არ არის – 90-იანი წლებიდან დღემდე ქართველ მოსწავლეებს საერთაშორისო ტურნირებიდან 98 მედალი აქვთ მიღებული. განსხვავება ისაა, რომ წლების განმავლობაში, ეს პროცესი უფრო ცალკეულ ენთუზიაზმს ეყრდნობოდა. სიტუაცია 2025 წელს შეიცვალა, როცა BTU-მ და თიბისიმ „საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი“ შექმნეს. ამით შერჩევის, მომზადებისა და ტურნირებზე გამგზავრების ეტაპები ერთ, გამართულ სისტემაში მოაქციეს. ასეთი მასშტაბის ტურნირები ხშირად პირველი სერიოზული ბიძგია საერთაშორისო პროექტებისკენ თუ საკუთარი სტარტაპებისკენ. საერთაშორისო ასპარეზისთვის მოსამზადებლად ნაკრების წევრებმა გაიარეს GAIA-ს საოლიმპიადო AI კურსი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის, მანქანური სწავლებისა და მონაცემთა მეცნიერების პრაქტიკულ მიმართულებებს მოიცავდა. ნაკრებს ხელმძღვანელობს შოთა ელყანიშვილი, თანახელმძღვანელები კი ნიკა მიქაბერიძე და ლუკა დარსალია არიან.
ამ დროისთვის, ეროვნული ნაკრები ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადისთვის (IOAI) ემზადება. მაინც, ვინ არიან საქართველოს ნაკრების წარმომადგენლები, რამ დააინტერესათ ხელოვნურ ინტელექტში და როგორ ემზადებიან მსოფლიო ასპარეზისთვის – დეტალებზე ნაკრების წევრები თავად ყვებიან.
ლუკა ბერიკელაშვილი, კომაროვის სკოლა: „YouTube-ზე ხელოვნურ ინტელექტზე ვიდეოები მხვდებოდა, რამაც ძალიან დამაინტერესა. ცოტა რომ ჩავეძიე, აღმოვაჩინე GAIA-ს ლექციები და კურსი – შევუერთდი მათ Discord-ს და ბევრი რამ ვისწავლე.
თავად კომაროველი ვარ, რამაც AI-ის გააზრებასა და ამოცანების ამოხსნაში უდიდესი როლი ითამაშა. ალბათ, ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რატომაც შევძელი ნაკრებში მოხვედრა. მსოფლიო ოლიმპიადაზე მაქსიმუმს გავაკეთებ. დიდად არ ვნერვიულობ – ვნახოთ, რა იქნება.“
ანტონ ინგოროყვა, კომაროვის სკოლა: „ადრე მეგონა, რომ ხელოვნური ინტელექტის შიგნით მიმდინარე პროცესებს ვერავინ ხსნიდა – თითქოს კითხვას სვამ, პასუხიც გამოდის, მაგრამ როგორ ან რატომ, არავინ იცის.
როდესაც თემას უფრო ახლოს გავეცანი, აღმოჩნდა, რომ ასე სულაც არ არის. სისტემა ცალკეული ნაწილებისგან შედგება, თითოეულს თავისი კონკრეტული ფუნქცია აქვს, შეგიძლია ცალ-ცალკე გამოყო და შეისწავლო.
მომავალში მინდა ქართული ენისთვის ისეთი ხელსაწყოები შევქმნა, რომლებიც დღეს საერთოდ არ არსებობს. ინგლისურად ეს ყველაფერი წლებია გამართულად მუშაობს, ჩვენთან კი ან არაფერია, ან ისეთი ხარისხისაა, რომ ხალხი მაინც ინგლისურის გამოყენებას ამჯობინებს. სწორედ ამ პრობლემის მოგვარებაზე მინდა მუშაობა.
რაც შეეხება ოლიმპიადას – საბრძოლო განწყობა მაქვს, გუნდიც კარგად არის მომზადებული.“
გიორგი მაისურაძე, კომაროვის სკოლა: „მიმართულება, რომელმაც ყველაზე მეტად გამიტაცა, განმტკიცებითი სწავლებაა (Reinforcement Learning). დღეს ბევრი საუბრობს დიდ ენობრივ მოდელებზე, თუმცა განმტკიცებითი სწავლება სულ სხვა კითხვას სვამს: როგორ უნდა ისწავლოს სისტემამ ის, რაც არავის უსწავლებია? მას წინასწარ არ აქვს სწორი პასუხები, ყველაფერი საკუთარი ცდებითა და შეცდომებით უნდა აღმოაჩინოს.
მსოფლიო ოლიმპიადისთვის (IOAI) ყოველდღიურად ვემზადები – ვხსნი ამოცანებს და ვარჩევ სამეცნიერო სტატიებს. თუმცა, IOAI ჩემთვის მხოლოდ შეჯიბრი არ არის. ეს არის შანსი, შევხვდე ნიჭიერ თანატოლებს სხვადასხვა ქვეყნიდან, გავუზიაროთ გამოცდილება ერთმანეთს და ვისწავლო საუკეთესოებისგან. ჩემი მიზანია, ვიმუშაო ისეთ ხელოვნურ ინტელექტზე, რომელიც ადამიანისთვის ეფექტურ ინსტრუმენტად დარჩება – ტექნოლოგიაზე, რომელიც გააფართოებს ჩვენს შესაძლებლობებს და არ ჩაანაცვლებს მას.“
ნიკოლოზ გეგენავა, კომაროვის სკოლა: „ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მხოლოდ ნულებისა და ერთიანებისგან შემდგარი სისტემა შეძლებდა ისეთი უნარების გამოვლენას, რომლებიც მხოლოდ ადამიანისთვის იყო დამახასიათებელი. ჩემი ყურადღება სწორედ ასეთი მოდელების გამოჩენამ მიიპყრო, რომლის პირველი თვალსაჩინო მაგალითიც GPT იყო. ამ ინტერესით დავიწყე AI-ის სწავლა.
პირველივე დღეებიდან დღემდე, ამ სფეროში მუშაობისას ჩემთვის ყველაზე საინტერესო ნაწილი ექსპერიმენტების ჩატარებაა. განსაკუთრებით მიყვარს პროცესი, როდესაც ვავითარებ იდეას, შემდეგ მას ტესტირებით ვამოწმებ და შედეგებიდან გამომდინარე ახალ გადაწყვეტილებებს ვპოულობ. ხშირად შედეგი სრულიად აცდენილია მოსალოდნელს და იღებს სახეს, რომელიც „წესით“ არ უნდა მიეღო – ეს კიდევ უფრო მეტ ინტერესს მიღვიძებს, ჩავატარო ახალი ექსპერიმენტები და მივიღო პასუხი წარუმატებლობის მიზეზებზე.
ოლიმპიადისთვის მზადებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ექსპერიმენტების ეფექტურად ჩატარებას. სწორედ ამ პროცესმა გადააქცია ჩემი ინტერესი მიზანმიმართულ მზადებად – თეორიის სწავლასთან ერთად, აქტიურად ვმუშაობ პრაქტიკაზე, რადგან კარგი შედეგისთვის ამ ორი უნარის დაბალანსება აუცილებელია.
ასტანაში ველოდები, რომ როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ დონეზე დიდ გამოცდილებას მივიღებ. გარდა ამისა, ჩემთვის მნიშვნელოვანი იქნება უშუალოდ კონკურსის დროს მუშაობის ფსიქოლოგიური მხარეც – როგორ შევინარჩუნო კონცენტრაცია, ეფექტურად მივიღო გადაწყვეტილებები და ვიმუშაო სტრესულ გარემოში.“
ნიკოლოზ ყიფშიძე, 136-ე საჯარო სკოლა: „ჩემთვის AI-ამოცანების ყველაზე საინტერესო მხარე ის არის, რომ თითქმის არასდროს არსებობს ერთი აშკარა გზა. თავიდან შეიძლება რამდენიმე სრულიად განსხვავებული იდეა თანაბრად პერსპექტიულად ჩანდეს და სწორედ ამ ჰიპოთეზების შემოწმება მხიბლავს ყველაზე მეტად.
სწორ მიმართულებას მაშინ ვგრძნობ, როცა მოდელი ან ალგორითმი მხოლოდ კონკრეტულ მაგალითებზე კი არ მუშაობს, არამედ მისი ლოგიკის ახსნა და განზოგადებაც შემიძლია. ხშირად პირველი იდეა საუკეთესო არ გამოდის ხოლმე და სწორედ ეს წარუმატებელი მცდელობები მაძლევს ყველაზე ღირებულ გამოცდილებას.
ამ პროცესმა მასწავლა, რომ ეფექტური აზროვნება მხოლოდ სწორი პასუხის სწრაფად პოვნას არ ნიშნავს. ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, შეგეძლოს საკუთარი ვარაუდების კრიტიკულად შეფასება, შეცდომების აღმოჩენა და, საჭიროების შემთხვევაში, სრულიად ახალი მიმართულების არჩევა. ვფიქრობ, სწორედ ეს არის ხელოვნური ინტელექტისა და ზოგადად კვლევითი სფეროს მთავარი ღირებულება – მუდმივად ეჭვქვეშ დააყენო საკუთარი იდეები და უკეთესი განმარტება ეძებო.“
მათე რეხვიაშვილი, კომაროვის სკოლა: „ორ ოლიმპიადაზე ერთდროულად ვმონაწილეობ. მართალია, IOAI და IOI განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ კოდის წერა ორივე ოლიმპიადაზეა საჭირო. AI-ში მიღებული გამოცდილება დიდად არ მეხმარება IOI-ზე, მაგრამ კოდის წერის უნარები გამიუმჯობესდა, რის გამოც რთულად დასაწერი ამოცანების დაწერა შედარებით გამიმარტივდა. რადგან IOI-ს მიმართულებით უკვე 6 წელია ვსწავლობ, IOAI-სთვის კი წელს დავიწყე მეცადინეობა, ჩემი ძველი ცოდნა და პრაქტიკა AI-შიც დამეხმარა. IOI-მ განმივითარა ლოგიკური აზროვნების უნარი, ასევე ოლიმპიადის დროს შემიძლია დროის უკეთ განაწილება, მივეჩვიე ოლიმპიადის დროს ნაკლებ ნერვიულობას და მეტ კონცენტრაციას. მიუხედავად იმისა, რომ IOAI-ს და IOI-ს სხვადასხვა პროგრამირების ენით ვწერ, კოდის წერის უნარები გამომადგა AI-ზეც, რადგან კოდის სტრუქტურა დიდად არ განსხვავდება. იმედი მაქვს, IOI-დან მედლით დავბრუნდები.“
ნიკოლოზ კილაძე, ამერიკული აკადემია: „ნაკრებში მოხვედრა ხანგრძლივი შრომის შედეგია, ამიტომ გამოვყოფდი მიზანდასახულობასა და დისციპლინას. ტექნიკური უნარების – ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების გარდა, მიზნის მიღწევაში ძალიან გეხმარება ცივი გონების შენარჩუნება და ბალანსის დაცვა თემაზე კონცენტრირებასა და ზედმეტი ემოციების გარეშე ასპარეზობას შორის.
გუნდურმა მომზადებამ ტექნიკური სტრატეგიების გაზიარება, რთული ამოცანების ერთობლივად გადაჭრა და მოქნილობა მასწავლა. ერთობლივმა მუშაობამ დაგვანახა, როგორ გავხდეთ უფრო ეფექტურები.
ასტანის ოლიმპიადაზე საკუთარ თავს მინდა დავუმტკიცო, რომ უმაღლესი სტრესის პირობებშიც შემიძლია ცივი გონების შენარჩუნება, კონცენტრაციის შენარჩუნება და ინტერნაციონალურ დონეზე ასპარეზი.“
გიორგი ცქიტიშვილი, კომაროვის სკოლა: „საერთაშორისო ოლიმპიადისგან ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოლოდინი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული თანატოლების გაცნობაა, რომლებსაც ჩემსავით განსაკუთრებულად აინტერესებთ ხელოვნური ინტელექტი. ძალიან მაინტერესებს მათი აზროვნების სტილი, რთული ამოცანებისადმი მიდგომები და ის რესურსები, რომლებსაც მომზადების პროცესში იყენებდნენ. პრობლემების გადაჭრის განსხვავებული გზების დაკვირვება დამეხმარება, საკუთარი ცოდნა და უნარები სრულიად ახალი პერსპექტივიდან დავინახო.
მჯერა, რომ ეს შეხვედრები მხოლოდ ოლიმპიადის ფარგლებით არ შემოიფარგლება. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა გლობალური სანაცნობო წრის შესაქმნელად, დღევანდელი კონკურენტები ხვალ შესაძლოა ჩემი კოლეგები, სამეცნიერო კვლევების თანაავტორები ან ერთობლივი სტარტაპ პროექტების პარტნიორები გახდნენ.
ეს გამოცდილება შეცვლის ჩემს სამომავლო ხედვას. ის დამანახებს ჩემს ადგილს საერთაშორისო AI საზოგადოებაში, გამიზრდება პროფესიულ ამბიციებს და მომცემს მოტივაციას, რომ ჩემი კარიერული გზა გლობალური მასშტაბით დავგეგმო.“
[R]











