in

5 ქართველი UI/UX დიზაინერი, რომელიც უცხოური ბრენდებისთვის მუშაობს

UI/UX დიზაინი შეიძლება არც კი ვიცოდეთ, რას ნიშნავს, მაგრამ ჩვენდაუნებურად, მასთან შეხება ყოველდღე გვიწევს. ყველა ჯერზე, რამდენჯერაც კომპიუტერთან ვსხდებით ან სმარტფონში რომელიმე პროგრამას ვხსნით, ჩვენ UI/UX დიზაინერის ნამუშევარს ვეხებით. ვებგვერდზე შესვლისას რომელი ღილაკი უნდა გამოვიყენოთ, მენიუ როგორ არის განლაგებული, აპლიკაციაში სად არის ჩეტის ღილაკი, რას ნიშნავს ლუპის ხატულა და რატომ არის ის იქ, სადაც დასმულია – ამ და სხვა გადაწყვეტილებებს სწორედ UI/UX დიზაინერი იღებს და მას მომხმარებელზე მორგებულს ხდის. დიზაინი უნდა იყოს ლამაზი, თემატურად სწორად შერჩეული და მარტივი, მომხმარებელი არ უნდა დაიკარგოს ციფრულ პროდუქტში – ეს არის მთავარი.

საქართველოში ამ პროფესიის ბევრი წარმომადგენელი გვყავს და ის საკმაოდ მოქნილია იმ კუთხითაც, რომ შეიძლება ფრილანსერად იმუშაო ამ მიმართულებით. მათ შორის ქვეყნის საზღვრებსაც გასცდე და შენი ძალები უცხოურ პროექტებზე მოსინჯო. ამ სტატიაში თავი სწორედ იმ წარმატებულ UI/UX დიზაინერებს მოვუყარეთ, ვინც არა მხოლოდ ქართულ, არამედ უცხოურ პროექტებზეც მუშაობენ.

გიგა თამარაშვილი, UX/UI

დაახლოებით 5-6 წლის წინ, როდესაც დავიწყე ჩემი ნამუშევრების ისეთ პლატფორმებზე ატვირთვა, როგორიც არის – Dribbble, Behance და Instagram, ძალიან მალე გამოჩნდა რამდენიმე უცხოური კომპანია, ვისგანაც მივიღე შემოთავაზება მათ პროექტებზე სამუშაოდ და ასე გრძელდება დღემდე.

უცხოური ბაზარზე, ქართულისგან განსხვავებით, ზუსტად იციან, რა სჭირდებათ და რა ევალება UI/UX დიზაინერს. ყველანაირ შესაძლებლობას გაძლევენ იმისთვის, რომ კომფორტული სამუშაო გარემო გქონდეს. დოკუმენტებიც კი, იმდენად სრულყოფილად აქვთ მოცემული, რომ მუშაობის რეჟიმს უფრო სწრაფს და მარტივს ხდის. 

ძირითადად  უცხოურ სტარტაპ კომპანიებთან მიმუშავია. ამ ეტაპზე ბოლო იყო ნორვეგიის ფეხბურთის ფედერაცია, რომელსაც ვიზუალური იდენტობა და რამდენიმე UI ვიზუალი სჭირდებოდა. ახლა ვმუშაობ ერთ-ერთ ცნობილ ამერიკულ კომპანიაში &Walsh-ში, ფრილანსერად.

ტატო ბექთაშაშვილი, ციფრული პროდუქტების დიზაინერი

პირველად დაახლოებით 3 წლის წინ გადავწწყვიტე, რომ ფრილანსი მეცადა და გადავსულიყავი სახლიდან მუშაობის რეჟიმზე. პირველი, რაც გავაკეთე იყო upwork.com ზე რეგისტრაცია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლატფორმაა ამ მიმართულებით. მალევე დავიწყე მუშაობა ერთ-ერთ კომპანიაში სახელად „კოსმიკი” რომელიც კოლუმბიაში კერძოდ ბოგატაში მდებარეობს. მას შემდეგ კი, დღემდე ვიმუშავე 10-ზე მეტ სხვადასხვა ზომის კომპანიაში ჯამში 25-ზე მეტ პროექტზე. 

ძირითადი მიმართულება იყო მობილური აპლიკაციები. მათ შორის გამოვარჩევდი რამდენიმეს, როგორებიცაა ერთ-ერთი ყველაზე დიდი საკრუიზო კომპანია პრინცეს მედალიონ კლასი , სადაც ვიმუშავე მათ რამდენიმე წამყვან მობილურ და SmartTV აპლიკაციებზე. ასევე იყო ონლაინ ივენთების პლატფორმა MyOnvent, რომელმაც ძალიან დიდი გამოცდილება მომცა მომხმარებლისთვის საუკეთესო accssesibility- ს მქონე ვებპლატფორმის შექმნაში და მობილური აპლიკაცია კრიპტო ვალუტის საფულე, რომელიც ამჟამად დეველოპმენთის პროცესშია და სულ მალე იხილავს მზის შუქს.

ბექა კერესელიძე, ციფრული პროდუქტების დიზაინერი

არაერთ უცხოურ სტარტაპ-პროექტზე მიმუშავია და დღესაც ვმუშაობ მათ პროექტებზე. ძირითადად, უცხოურ კომპანიებზე გასვლა საერთაშორისო პლატფორმებიდან ხდება, რომლებიც დიზაინერებისთვის ერთგვარი community პლატფორმებია: დრიბლი, ბიჰენსი. ამას გარდა, მე პერსონალური საიტიც მაქვს და იქაც მხვდება ხოლმე შემოთავაზებები. პირველად დაახლოებით 6 წლის წინ დავიწყე მუშაობა უცხოურ პროექტებზე. პირველი შეკვეთა იყო ექიმთან ონლაინ კონსულტაცია. ასევე მიმუშავია მუსიკალური არტისტების ვებგვერდებზე. კიდევ მაქვს პორტფოლიოში მუზეუმის პროექტი, ასევე ძალიან საინტერესო. 

მიხეილ გოგიბერიძე, Product დიზაინერი

ჩემი თანამშრომლობა უცხოურ კომპანიებთან დაიწყო „სპრაიბში” და გაგრძელდა შემდგომ უკვე „ვებიზში” იქიდან გამომდინარე, რომ პროექტები, რომლებზეც მიწევდა (და მიწევს მუშაობა) არის უცხოელი დამკვეთების. 

როგორც მოგეხსენებათ, დიზაინერობა არ არის მხოლოდ ტექნიკური სამუშაო. მას დაფიქრება, კრეატივი და შესაბამისი დრო სჭირდება. ფიქრის პროცესის მსვლელობას რაღაც კუთხით მხატვრის, პოეტის, მწერლის ან ნებისმიერი ხელოვანის პროფესიას შევადარებდი, რადგან ჩვენც, დიზაინერებს, მათსავით გვჭირდება „მუზა”. ქართული კომპანიებისთვის ის უფრო მნიშვნელოვანია, რომ 9-დან 6-მდე იმუშაო, ვიდრე იმის გააზრება, რომ შეიძლება სწორედ ის საოცარი იდეა 6-ს რომ 10 დააკლდება, მაშინ მოგივიდეს და ამ დროს დაიწყო სამუშაო პროცესი. ეს დამოკიდებულება უცხოელ დამკვეთებს სხვანაირი აქვთ. 

ძალიან ბევრი სტარტაპისა, კომპანიისა თუ უკვე არსებული დიზაინის რედიზაინზე მიმუშავია. რა თქმა უნდა, სირთულეები არის, თუმცა საკუთარი თავის რწმენა თუ გაქვს, თუ ხარ მონდომებული და რაც მთავარია, შენი საქმის პროფესიონალი, აუცილებლად გახვალ უცხოურ ბაზარზე”.

რიჩარდ ჯარიაშვილი, UI/UX დიზაინერი

პირველი დაკვეთა შევასრულე freelance-ზე, ამერიკულ კომპანიასთან, რის შემდეგაც უფრო მეტი სხვადასხვა კომპანია გამოჩნდა. ძირითადი ამოცანები იყო ესკიზების მომზადება,  განსაკუთრებით მობაილ აპლიკაციების მიმართულებით როგორც iOS-ის, ასევე Android-ისთვის.

ვერ ვიტყვი, რომ ქართულ სამუშაო კულტურისგან დიდად განსხვავდება, თუმცა თავისებური სპეციფიკა მაინც აქვთ. შვეიცარულ კომპანიასთან მუშაობისას ბევრად მეტი იყო პუნქტუალობა, ჩანიშნულ დროს ეჯაილ შეხვედრებისას ზუსტ დროს უნდა გამოვცხადებულიყავი, რადგან დაგვიანდება ძალიან სწყინდათ. ინგლისური ბევრად დიდ მასშტაბებზე იყო და უმრავ მხარესთან მიწევდა ჩართვა და კომუნიკაცია.

ჩემი პროექტების უმეტესობა კრიპტო მიმართულებაა. თუმცა მიმუშავია Delivery,Petshop,Tax და სხვა საყოფაცხოვრებო პროექტებზე”.

იმედია, ქართველი UI/UX დიზაინერების უცხოურ ბაზარზე წარმატებების ისტორია დამწყები დიზაინერებისთვისაც ერთგვარი ინსპირაცია გახდება. გაზიარებული გამოცდილება კი გამოგადგებათ იმაში, რომ თავადაც გადადგან ნაბიჯები თქვენი კარიერული წინსვლისკენ ამ სფეროში.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

 

 

 

Gucci ახალ ასწლეულში შესვლას NFT კოლექციით აღნიშნავს

ჩემი ფავორიტი 3 რეკლამა – ეკა ყიფიანი