„ეს არ არის ჩემი არჩევანი“ – კამპანია, რომელიც ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების საკითხებს ეხება, დაახლოებით, 1 წლის წინ დაიწყო. საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად, მის ფარგლებში, სპეციალური სტენსილები შეიქმნა. მხატვარი მუსია ქებურია პროექტში ახლახან ჩაერთო და ქუთაისში, ერთ-ერთი შენობის ფასადი მოხატა.

მუსია ქებურია: გარდა იმისა, რომ კომერციული პროფილით ვმუშაობ, პერიოდულად, ვცდილობ, სოციალური მნიშვნელობისა და აქტუალობის საკითხებთანაც მქონდეს თემატური გადაკვეთა. დღეს, ვიზუალური მედიის ბუმის პირობებში, ასეთი შინაარსის ნამუშევრები პრობლემის დასმისა და ცვლილებების მოთხოვნის მნიშვნელოვანი მედიუმია. ამიტომ, მხატვარს განსაკუთრებული სიზუსტის გამოჩენა სჭირდება, რადგან სერიოზული იარაღი უჭირავს ხელში. ძალიან მნიშვნელოვანია, სიფრთხილით მოეკიდოს სამუშაოს და სოციალურად სენსიტიურ თემებზე სწორი აქცენტები გააკეთოს. ვფიქრობ, ამ მძიმე მოცემულობისა და რეალობის შესაცვლელად, ბავშვების მდგომარეობის საკითხს, მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს. რაც შეეხება ჩემს ნამუშევარს, ვეცადე, ემოციურად, მაქსიმალურად, დატვირთული ფონი შემექმნა, რათა მნახველებისთვის წამიერად მაინც მეგრძნობინებინა მათი ყოფის სიმძიმე და რიგით გამვლელებში ემპათიის გრძნობა გამომეწვია.
პროექტს საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია „World Vision საქართველო“, ქუთაისის თვითმმართველობასთან, Unicef-თან და სხვა პარტნიორებთან ერთად ახორციელებს.

„კამპანია ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვთა მიმართ ძალადობისა და ექსპლუატაციის პრობლემას ეხება. პროექტის ფარგლებში შეიქმნა სტენსილები თბილისში და ახლა უკვე ქუთაისში. ჩვენი მიზანია, გაიზარდოს საზოგადოების ცნობიერება ამ პრობლემის მიმართ. მათ უნდა იცოდნენ, რომ არსებობენ ბავშვები, ვინც ქუჩაში ცხოვრობს და დახმარება სჭირდება. ხშირად მოწყალების მიცემა არ ნიშნავს დახმარებას – ფულს ისინი არ ღებულობენ და ამის გამო, ისინი, ზოგჯერ, ექსპლუატაციის მსხვერპლნი არიან. მინდა აღვნიშნო, რომ პროექტი მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. 16 ნოემბერს, ქუთაისში გაიმართება შეხვედრა, სადაც ვისაუბრებთ, რამდენად სახიფათოა ბავშვების ქუჩაში ცხოვრება და ვიმსჯელებთ, რა შეიძლება გაკეთდეს ამ საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, მათ დასახმარებლად, ამ პრობლემის მოსაგვარებლად. შეხვედრას სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრებიან. კამპანია მომავალშიც გაგრძელდება“, – ამბობს „World Vision საქართველოს“-ს წარმომადგენელი დავით ჩხობაძე.