„ტრადიციები მაშინ არის ცოცხალი, როცა ის ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებობს,“ – ამ აზრმა რეზო ბაირამაშვილს თანამედროვე ქართული ეთნოსამოსის ბრენდის „ქენჯა“ შექმნა გადააწყვეტინა. „ქენჯა“ უნისექს ბრენდია. თექის ტრადიციული ტექნოლოგიის მცოდნე სპეციალისტების პოვნა არც ისე მარტივი აღმოჩნდა, თუმცა, დღეს, „ქენჯას“ თავისი წარმოება აქვს და რამდენიმეთვიანი აქტიური მუშაობის შედეგად, დღეს, ახალუხ-პერანგებს, ქამრებს, თავსაფრებს, თუშური და სვანური ქუდების თანამედროვე ვარიანტებს, ჟილეტებს, ვერცხლის პინებსა და სხვა აქსესუარებს სთავაზობს მომხმარებლებს. „ქენჯას“ ბრენდინგსა და საიმიჯო ვიდეორგოლზე სააგენტო ABK-მ იმუშავა.
„თავიდან, იაპონური ეთნო სამოსის გათანამედროვებაზე ვფიქრობდი. ინტერნეტში ბევრი ქექვის შემდეგ მივხვდი, რომ იაპონურ სამოსს აღარ სჭირდება ჩემი გათანამედროვება. ამან გადამაწყვეტინა ტრადიციული ქართული სამოსი გამეთანამედროვებინა და პოპულარობაში დავხმარებოდი. სულ მინდოდა, ნამდვილი ტრადიციული სამოსი, თუმცა შოვნა არც ისე ადვილი აღმოჩნდა. შემდეგ, თუშური ქუდი ვიყიდე თელავის ბაზარში. ხარისხი რომ არ მომეწონა, გადავწყვიტე – მატყლისა და თუშური ქუდების ტექნოლოგია და ცოდნა არ უნდა იკარგებოდეს. ამიტომ, თუშური ქუდის თანამედროვე ხარისხიანი ვერსიის შექმნა დავიწყე.
ტრადიციები მაშინ არის ცოცხალი, როცა ის ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებობს. ქართველებს ენასთან და კულტურასთან ერთად ჩაცმულობაც ინდივიდუალური გვქონდა. ჩემი მიზანია, ის ელემენტები, რომლებიც ოდესღაც გამოგვარჩევდა, თანამედროვე ქართველების ჩაცმულობაში დავაბრუნო. მჯერა, რომ ქართული სამოსი მხოლოდ მუზეუმში არ უნდა დარჩეს,“ – გვიამბო რეზო ბაირამაშვილმა.
რვათვიანი თავდაუზოგავი მუშაობის შემდეგ, „ქენჯას“ გუნდმა პროდუქციის პირველი კოლექციის მარაგები გაამდიდრა და მსურველებისთვის თანამედროვე ეთნოტანსაცმლის შეძენა უკვე შესაძლებელია.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი