2025 წლის კანის ფესტივალმა დიდებულად ჩაიარა. ვერცხლიც წამოვიღეთ და ისტორიაში პირველად კანის სცენიდან ქართველი სპიკერებსაც მოვუსმინეთ თემით Creative Fighters: World War for Values. დასწრების ფუფუნება რადგან ყველას არ ჰქონია, დიდი ინტერესი არსებობს კადრებს მიღმა არსებული ამბების მიმართ. ამიტომ, გადავწყვიტეთ ფესტივალის ქართველ დამსწრეებთან გვესაუბრა და თქვენთვის მათი შთაბეჭდილებები გაგვეზიარებინა, გაგვეგო, რა გამოვტოვეთ კანში არყოფნით, ადგილზე, სადაც მსოფლიოს შემოქმედებითი ინდუსტრია იკრიბება…
ამაზე მარკეტერს apeople-ის ბრენდის ხელმძღვანელი ქეთო ბარაბაძე უყვება:
„ფესტივალს განსაკუთრებულს წლის მანძილზე ინდუსტრიაში მიმდინარე მოვლენების კულმინაცია ხდის. ჩემთვის კიდევ უფრო განსაკუთრებული მას შემდეგ გახდა, რაც საქართველო აქტიურადაა ჩართული — წელს მეათედ იღებდა მონაწილეობას ჩვენი ქვეყანა, Young Lions-ში მონაწილეობის მსურველები კი ყოველწლიურად ზრდიან ამ ჩართულობას. ამჯერად პირველად ავიღეთ ვერცხლი ერთ-ერთ ყველაზე რთულ დიზაინის კატეგორიაში, ამიტომ ვულოცავ ნინო ყაველაშვილს და დანიელ გრიგორიანს ამ ჯილდოს.
ტრადიციულად, ბევრი ბრენდის მიერ საგანგებოდ შექმნილი სივრცე იყო ფესტივალზე წარმოდგენილი. გამოცდილებები, ბევრი გართობა, ჩემი საყვარელი ჯიმი ფელონი, ინდუსტრიის ღმერთი — დეივიდ დროგა, ასევე, საინტერესო გამოსვლა Youtube CEO-სგან, რომელიც ტელევიზიის მომავალზე გვესაუბრა, ბრენდი Salomon — კულტურის ცვლილებაზე, ახალბედა სააგენტო GUT, რომელმაც 5 წელიწადში მსოფლიო დაიპყრო…
თუმცა ფესტივალის ყველაზე ემოციური, შთამბეჭდავი და ჩემთვის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ვატო ქავთარაძისა და სალომე ასათიანის არაჩვეულებრივი გამოსვლა თემაზე: Creative Fighters: World War for Values და აცრემლებული დარბაზი. მნიშვნელოვანია, რომ ფესტივალის სივრცე შეგიძლია გამოიყენო იმ გზავნილების გასაჟღერებლად, რომლებიც ამ ეტაპზე ჩვენ ყველას გვადარდებს და გვაერთიანებს.
მმ… რა გამოტოვეს ადამიანებმა, რომლებიც წლევანდელ კანს არ ესწრებოდნენ? ფესტივალის პერიოდში იმდენი რამ ხდება ერთდროულად, რომ ვერ ასწრებ ყველაფერს დაესწრო, ამიტომ იქ გგონია, რომ ყველაფერი გამოტოვე…
თუმცა, საკუთარ მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით, შემიძლია ვთქვა, რასაც გამოვტოვებთ ფესტივალზე არწასვლით, არის ის ინსპირაცია და შემართება, რომელიც ფესტივალიდან დაბრუნების შემდეგ გვაქვს ხოლმე ყველას. ემოციები რომ მსოფლიოს, ინდუსტრიის ნაწილი ხარ და რომ ყველაფერს შეძლებ, დიახ, შენც შეძლებ. ამიტომ არის ამ ფესტივალის საქართველოშიც არსებობა მნიშვნელოვანი და მადლობა ორგანიზატორებს ამისთვის, მადლობა ბრენდებს და მხარდამჭერებს, ვინც ამას რეალობად აქცევს. Apeople-ისა და მარკეტერის გვერდებზე მთელი ფესტივალი შუქდებოდა და შეგიძლიათ, გადაავლოთ თვალი ამ მხიარულ დღიურებს“.
ავტორი: მაკუნა ჯუღელი