20
Jun
2017

ქეთო ბარაბაძე – #პირველისამსახური

20 Jun 2017

პირველი სამსახური 13 წლის ასაკში დავიწყე, როცა დედაჩემმა თავის ბარში მიმიყვანა სამუშაოდ თითო-თითო საათით, რომ მუსიკალური ალბომები მეყიდა. ალბათ, მაშინ გავიაზრე, რომ სურვილების ასრულებისთვის მე თვითონ უნდა გამეღო რაიმე. ოფიციალური პირველი სამსახური კი იყო 18-19 წლის ასაკში, როდესაც მესამე კურსის სტუდენტი ვიყავი. დაზუსტებით არ ვიცოდი, რომელ ინდუსტრიაში მინდოდა მუშაობა, მაგრამ დიდი მოტივაცია მქონდა საკუთარი ხელფასი მქონოდა, რომ უკეთესი ფოტოაპარატი მეყიდა. ვაკანსია ვნახე ონლაინ და სტანდარტულად გავიარე ყველა ეტაპი. ასე დავიწყე მუშაობა „საქართველოს ბანკში“, სადაც ფიზიკური პირების ანგარიშებზე ტრანზაქციებს ვასრულებდი. ამის შემდეგ, აღარასოდეს ვყოფილვარ სხვაზე ფინანსურად დამოკიდებული.

ეს გამოწვევა იყო იმ ასაკში. კედებიანი და ფოტოაპარატიანი სტუდენტი უცებ ამხელა კომპანიაში მოვხვდი. დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი, მილიონ კითხვას ვსვამდი, ყველაფერზე ვღელავდი და დღის ბოლოს ემოციებისგან ვერ ვიძინებდი ხოლმე. მართალია, დიდხანს არ მიმუშავია, რადგან სწავლა გავაგრძელე გერმანიაში და წამოვედი, მაგრამ ზუსტად ბანკში გატარებულმა ამ თვეებმა განსაზღვრა ჩემი პირველი საქმიანი უნარ-ჩვევები, მიმაჩვია დროის განაწილებას, კომუნიკაციას უცხო ადამიანებთან, დამეხმარა მომეძებნა, რისი კეთება მინდოდა მომავალში.

ყველაფერთან ერთად, ემოციური დამოკიდებულებაც გამიჩნდა ჩემი პირველი დამქირავებლის მიმართ და წლების შემდეგ, როდესაც საქართველოში დაბრუნება გადავწყვიტე, ისევ „საქართველოს ბანკის“ საუკეთესო გუნდს შემოვუერთდი. ქეთო ბარაბაძე, „საქართველოს ბანკის“ კომუნიკაციების დეპარტამენტი, კონცეფტინგის სამსახურის უფროსი.

განხილვა