in ,

QinQi-ს მინანქრის ხელნაკეთი სამკაულების სტარტაპი და საზაფხულო სკოლა ბათუმში

Startauperi
Startauperi

„ყველას ძალიან უკვირდა, რისთვის ვისწავლე ამდენი, თუ სახელოსნოში ჯდომა მინდოდა, მაგრამ სინამდვილეში, როცა შენს საქმეს აკეთებ, ყველა ეს ცოდნა კომპლექსურად გჭირდება და არცერთი გამოცდილება ტყუილად არ იკარგება, არავინ იცის, სად რა შეიძლება გამოგადგეს“ – სალომე ქიქავა მინანქრის სახელოსნო QinQi-ს ავტორია, რომლის პროფესიული განვითარების გზაც მათემატიკის დიდი სიყვარულით ფინანსებზე ჩაბარებას, შემდეგ GIPA-ში PR-ის მაგისტრატურას, ხოლო ამ ეტაპზე, მინანქრის ხელნაკეთი სამკაულების შექმნას უკავშირდება. QinQi უკვე 3 წელია, არსებობს, სულ ცოტა ხნის წინ კი ბათუმში, სალომეს მშობლიურ ქალაქში, QinQi-ს საზაფხულო სკოლა გაიხსნა, სადაც მასტერკლასის საშუალებით, ადამიანებს შესაძლებლობა აქვთ, ისწავლონ მინანქარზე მუშაობა და შექმნილი ნივთი თავადვე დაიტოვონ: „ასე წარმომედგინა, რომ ცისფერ ოთახში, ცისფერ გარტენზიებს დავდგამდი, ჭრელი კაბა მეცმეოდა და ვორქშოფებს ჩავატარებდი. სიტყვა სიტყვით ახდა ყველაფერი და ადამიანები ისეთი ბედნიერები მიდიან აქედან, როგორ ზღაპრულად და ჯადოსნურადაც წარმომედგინა. მიტოვებენ ისეთ ემოციებს, რომ მეტირება“ – სალომე ქიქავა.

BOG
BOG

M: როგორ შეიქმნა QinQi?
როცა სწავლას მოვრჩი, ბევრი საინტერესო სამსახურებრივი შემოთავაზება მქონდა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ რაღაც სხვა მინდოდა და გადავწყვიტე, კარგად მომესმინა საკუთარი თავისთვის. უფრო დიდი გამოწვევებისკენ მიმიწევდა გული და საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა მინდოდა, მაინტერესებდა, ვიყავი, თუ არა მართლა ის ჭკვიანი და ყოჩაღი გოგო, როგორადაც მიმიჩნევდნენ, მქონდა, თუ არა ცოდნა, რომლითაც არაფრისგან რაღაცას შევქმნიდი და ავაწყობდი. ასე გადავწყვიტე, რომ ჰობი, რომელიც ძალიან მენატრებოდა, შემეთავსებინა ჩემს ცოდნებთან და ძირითად საქმიანობად მექცია. ასე გაჩნდა QinQi. ჩემს უნივერსიტეტში იყო ხატვისა და მინანქრის წრე, სადაც დაინტერესებულ სტუდენტებს თავისუფალი დროის გატარება შეეძლოთ. ასე მასწავლა ერთმა ოქროს ადამიანმა, სულხან ჭიკაიძემ, ახლა უკვე მამა საბამ, ტიხრულ მინანქარზე მუშაობა.

M: რატომ QinQi?
QinQi ჩემი მეტსახელია, რომელიც ჩემმა მეგობარმა, ლევან მხეიძემ შემარქვა გვარის გამო. როცა გადავწყვიტე, რომ ჩემს ახალ საქმიანობას ასე დავარქმევდი, ნებართვა ვითხოვე, ასე რომ, საავტორო უფლებები დაცულია. ლოგო ჩემმა მეგობარმა ESSO -იოსებ ჯღამაძემ გამიკეთა, რომელზეც გამოსახულია ხელები იმის ნიშნად, რომ ეს არის ხელნაკეთი სამკაული და ჩიტი ჩემი ერთ-ერთი პირველი ნამუშევრიდან.M: მარკეტინგული სტრატეგია
QinQi 2014 წლიდან დღემდე „სთორითელინგზე“ დგას, ეს ბრენდი თავიდან ბოლომდე ემოციები და ამ ემოციების გაზიარებაა. ვერასდროს ვერ მოვახერხე წინასწარ დაგეგმილი მარკეტინგული სტრატეგიის მიხედვით მოქმედება, მაგრამ მინდა. მჯერა, რომ შეგიძლია, შენი მომხმარებლის გაზრდა, ამიტომ იშვიათად ვაკეთებ იმას, რაც ძალიან კარგად გაიყიდებოდა. მინდა, რომ ადამიანებმა შეინარჩუნონ საკუთარი აზრი და არ აყვნენ ტენდენციებს, არ იყვნენ მიმბაძველები და ატარონ რაღაც ძალიან პირადი, სპეციალურად მათთვის შექმნილი, კონცეფციის მქონე და აზრიანი.

M: პროდუქტის რეალიზების საშუალებები და შეკვეთის სპეციფიკა
გვაქვს ძირითადად, ონლაინ გაყდვები, თუ არ ჩავთვლით გამოფენებს და ფესტივალებს, სადაც ვიღებ მონაწილეობას. უფასო მიტანის სერვისი თბილისის მასშტაბით და კურიერული მომსახურება საქართველოს ნებისმიერ წერტილში. შეკვეთების სამი ტიპი არსებობს: რომელთაც მოსწონთ ის, რაც ჩემი მუზებით გავაკეთე; ადამიანები, რომელთაც განსაკუთრებული საჩუქრის გაკეთება უნდათ, მიყვებიან ისტორიებს, ვარჩევთ სიმბოლოებს, რაც შეიძლება აკავშირებდეთ ადრესატთან  და ამ ინფორმაციის გადამუშავების შემდეგ იქმნება ნამუშევარი; ვმუშაობ კორპორატიულ შეკვეთებზეც.

M: მინანქარზე მუშაობის პროცესი
ყველაფერი იწყება ესკიზით, რომლის მიხედვითაც იღუნება ტიხრები, სპეციალურად მომზადებულ ვერცხლის ფორმაში, მერე ხდება ფერების დადება, დაახლოებით, 4 ფენა  და ყოველ ფენაზე ეს ყველაფერი იწვება ღუმელში, რომელიც 750 გრადუსამდე ცხელდება. შემდეგ მოდის გაპრიალება ყველაზე უხეში ზუმფარიდან ყველაზე წმინდამდე. შემდეგ ვერცხლის დამუშავების სხვადასხვა ეტაპი მოდის. ერთი ნამუშევრის დამზადებას მე 3-დღეს ვანდომებ. ვმუშაობ მარტო და სრულ ციკლს თავიდან ბოლომდე ჩემი ხელით ვაკეთებ. მსხვილი შეკვეთების შემთხვევაში ვასაქმებ სხვა ადამიანებსაც.M: QinQi-ს საზაფხულო სკოლა-სახელოსნო

ვოცნებობდი სახელოსნოზე ჩემს მშლობლიურ ქალაქში, ზღვასთან ახლოს და საზაფხულო სკოლა-სახელოსნო იყო ამ ოცნების ახდენის გზა. 
ეს არ არის სკოლა, როგორც პროფესიული სასწავლებელი, ეს არის სივრცე, სადაც ქართველებსა და უცხოელ ტურისტებს ან უბრალოდ დაინტერესებულ ადამიანებს შეუძლიათ, ერთი საინტერესო დღე გაატარონ, გაეცნონ და თავიანთი ხელით შექმნან მინანქრის სამკაული, რომელსაც თან წაიღებენ. 1 დღიანი ვორქშოფის (მასტერკლასის) ღირებულება 100 ლ. ხანგრძლივობა 12:00 -19:00, ფასში შედის ვერცხლის ნამუშევარი, რომელსაც თავისი ხელით გააკეთებენ და წაიღებენ, ლანჩი, ქართული ღვინო და დესერტი. ჯგუფში მაქსიმუმ 6 ადამიანი შეიძლება მივიღოთ, ასაკი 12 წლიდან ზევით.M: ლოკაცია
სკოლა მდებარეობს ძველ ბათუმში, ფარნავაზ მეფის 39, პიაცას მოედანთან  და შენობა, რომელიც შემთხვევით ვიპოვე, თავისთავად ძალიან საინტერესო და დიდი ისტორიის მქონეა. აქ თაობების მანძილზე იყო სახელოსნო, ბევრისთვის საყვარელი თავშეყრის ადგილი, სადაც არაერთი საინტერესო ნამუშევარი შეიქმნა და ეს ნამუშევრები თავისი ძველი ნივთებით მეპატრონემ დამიტოვა. ამ ადგილს ახალი სიცოცხლე დაუბრუნდა, რაც ორმაგად ემოციურია ჩემთვის. ჩემი ხელით ვღებავდი კედლებს და ვხატავდი ყველაფერს და არავის სჯეროდა, რომ ვინმე მოვიდოდა და იმ ადგილისგან, რომელიც 10 წელი დაკეტილი იყო, რამე გამოვიდოდა.

M: QinQi-ს სამომავლო გამოწვევები
მინდა, რომ ჩემი სახელოსნოთი მოვიარო საქართველო და იქნებ მსოფლიოც. მომავალ წელს მინდა, სვანეთში წავიდე 3 თვით, მერე კახეთში ….  და იქ გავაკეთო იგივე, დავხვდე ტურისტებს და ქართული კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილი გავაცნო. თუ გამომივიდა, მინდა, რომ ეს სკოლები არ დაიკეტოს და იქ ვინმე ადგილობრივი ადამიანი დავტოვო, ვისთვისაც ეს შემოსავლის წყარო და თვითდასაქმების საშუალება იქნება, თუ ისეთივე მონდომებით გააგრძელებენ ამ საქმეს.

თბილისში Hugo Boss-ის განახლებული მაღაზიის გახსნა აღინიშნა

#პირველინამუშევარი – გრაფიკული დიზაინერი ია დარახველიძე