in

„ატარე შენი სიტყვა“ „ქისით“ – 22 წლის სტუდენტის ველიურის ხელნაკეთი ჩანთები

Startauperi
Startauperi

ნივთების პერსონალიზება – საყვარელი ციტატებისა თუ გამოსახულებების სხვადასხვა აქსესუარზე დატანა და საკუთარი თავისა და იდენტობის ამგვარად გამოხატვა ტრენდად იქცა ჩვენს საზოგადოებაში და შესაბამისად, ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სტარტაპერებიც ამ მიმართულებით ავითარებენ საკუთარ მცირე ბიზნესებს. თუმცა კი ამ მომსახურების მიზანს სხვადასხვანაირ ფორმულირებას აძლევენ.

კატო რამიშვილი, ბიზნეს ადმინისტრირების 22 წლის სტუდენტი, ერთ-ერთი ასეთი სტარტაპის -„ქისა“ – ავტორია და მომხმარებლებს ველიურისა და ტყავისგან დამზადებულ ჩანთებს სთავაზობს. გარდა ინდივიდუალურად შეკვეთილი წარწერებისა, თავად პროდუქციის შემქმნელები, ძველი ქართული ანდაზებით აფორმებენ ჩანთებს, რაც თავის მხრივ, ქართული ტრადიციების გაცოცხლებისა და ენის პოპულარიზაციისკენაა მიმართული. „დღეს, როდესაც განსაკუთრებით ძნელია რაიმე ახლით გაკვირვება, ყველაფერი მივიწყებულის გაცოცხლება აქტუალურია, რაც პირველ რიგში, ტრადიციულ ქართულს ეხება“ , – კატო რამიშვილი მარკეტერს ესაუბრა საკუთარი იდეის პროდუქტად ქცევის საშუალებებზე:

M: რა გახდა სტარტაპის წამოწყების ინსპირაციის წყარო, რატომ გადაწყვიტეთ, რომ ამ საქმიანობისკენ მიგემართათ ძალები?
ყოველთვის მქონდა ერთი პრობლემა – სად შემენახა ჩემი მობილური ტელეფონი, საფულე და გასაღები. მინდოდა რაიმე პატარა ზომის, კომფორტული ჩანთა, რომელიც სულ თან მექნებოდა და მარტივად შევინახავდი ამ სამ აუცილებელ ნივთს. ერთ დღესაც გავიფიქრე, რომ ძველად არსებული ქისა, ჩემთვის იდეალური გამოსავალი იქნებოდა, აქედან დაიბადა „ქისას“ შექმნის იდეა და რადგანაც მიმაჩნდა, რომ ქართული ანდაზები და ფრაზები ეროვნულ დატვირთვასაც მისცემდა პროდუქტს, წარწერებიც დავურთეთ. ამ ეტაპზე ჩვენს გუნდში ორი ადამიანია. მე ვარ დიზაინერიც და შემსრულებელი, ასევე, მარკეტინგულ მიმართულებასაც მე განვაგებ, რაშიც მეხმარება ჩემი პროფესია.M: როგორ იქმნება ჩანთები, რა დრო სჭირდება დამზადებას და რა სახის ჩანთებს სთავაზობთ მომხმარებლებს?
ამ ეტაპზე თითოეული ჩანთა იქმნება ხელით, საკერავი მანქანით, თუმცა მომავალში ვგეგმავთ მასობრივ წარმოებას. საკმაოდ სწრაფად ვოპერირებთ და შეკვეთა ერთ დღეში მზადდება. რაც შეეხება ჩანთის ტიპებს, გვაქვს სამი სახის „ქისა“: დიდი ზომის ზურგჩანთები, ხელის ჩანთები და პატარა, შარვალზე დასამაგრებელი ქისები. შესაბამისად, შეკვეთებს ამ დიზაინებზე ვიღებთ, მაგრამ მომხმარებელს შეუძლია ჩვენს ქისებზე საკუთარი წარწერა შეგვიკვეთოს, რაც ქისის პერსონალიზების საშუალებას იძლევა.

M: ვინ არის თქვენი სამიზნე აუდიტორია?

ვერ გამოვარჩევდი ერთ სამიზნე აუდიტორიას, რადგანაც ქისა მზადდება როგორც ქალებისთვის, ისე კაცებისთვის და ასევე, არ ვაკეთებთ არც ასაკობრივ და არც დემოგრაფიულ დიფერენციაციას. ამ ეტაპზე, ჩვენ მივმართავთ არადიფერენცირებულ მარკეტინგს, რაც გულისხმობს იმას, რომ პოტენციური მომხმარებელს ერთი შეთავაზებით მოვიცავთ.
M: სად შეიძლება თქვენი პროდუქციის შეძენა, როგორი საფასო პოლიტიკა გაქვთ და როგორ ხდება ანგარიშსწორება?
ჩვენი ქისების შეძენა მომხმარებელს ფეისბუკის გვერდის მეშვეობით შეუძლია: https://www.facebook.com/QisaBags/ ასევე, “Start Up Market-ის“ ღონისძიებებზე, რომლებიც საკმაოდ ხშირად იმართება და სხვადასხვა გამოფენაზე. მალე ამოქმედდება ჩვენი ვებსაიტიც, სადაც მომხმარებელს შეეძლება online რეჟიმში გადახდა.

M: რაც შეეხება ბრენდის იმიჯს, რა საშუალებებს იყენებთ ბაზარზე პოზიციონირებისა და მომხმარებლებთან ეფექტური კომუნიკაციისთვის?
პოზიციონირებისთვის ვიყენებთ „ქისის“ ქართულ- ტრადიციულ დატვირთვას და ყურადღებას ვამახვილებთ მის უნიკალურ, განსხავებულ ნიშაზე – ის არის კომფორტული, ტევადი, მსუბუქი, ფერადი! ასევე, ყურადღებას ვამახვილებთ ამ ჩანთის იდეალურ ზომაზე, რაც საშუალებას იძლევა, კომფორტულად ატარო მობილური, საფულე და გასაღები. ინდივიდუალური ქართული წარწერები კი ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ნიშაა. კომუნიკაცია ამ ეტაპზე ხდება ფეისბუკისა და ინსტაგრამის მეშვეობით, სადაც ვათავსებთ  პროფესიონალურად გადაღებულ სურათებს და მომხმარებელს ვაცნობთ ჩვენს მარკეტინგულ გზავნილს. ჩვენი სლოგანია: „ატარე შენი სიტყვა!“ M: სამომავლოდ, რას უნდა ელოდონ მომხმარებლები თქვენგან?
უახლოეს მომავალში 27-30 ოქტომბერს ვგეგმავთ „თბილისის მოდის კვირეულზე“ გასვლას, ხოლო სამომავლო გეგმაა ჩვენი ქისების მასობრივი წარმოება და როგორც ქართული ნაციონალური, ეროვნული პროდუქტის ექსპორტზე გატანა.

მაჰათმა განდი და სხვა ცნობილი მსოფლიო ლიდერები ჰიპსტერულ ფორმაში – ორიგინალური პროექტი Hipstory

„წაღმა-უკუღმა“ – დედა-შვილის ანტიალერგიული, ნაქსოვი ნაწარმი