11 ივლისს, თბილისსა და ბათუმში ხელნაკეთი ნივთების გალერეა Qissa გაიხსნა. მასში გამოფენილია ქართველი ავტორების მიერ შექმნილი აქსესუარები და ყოველდღიური მოხმარების ნივთები. გალერეის მიზანია, როგორც ქართველ, ასევე, უცხოელ მომხმარებელს მისცეს ადგილობრივი ავტორების ნამუშევრების შეძენის შესაძლებლობა და ამით, ერთი მხრივ, შექმნას ქართველი მომხმარებლის მიერ ადგილობრივი ნაწარმის შეძენის პოზიტიური პრეცედენტი და მეორე მხრივ, მოახდინოს ქართული წარმოების კულტურის პოპულარიზაცია. “ქისაში” გაიცნობთ სხვადასხვა, ტრადიციული თუ თანამედროვე ქართული რეწვისა თუ ხელობის მიმართულებას. მოცემულ მომენტში, გალერეაში გამოფენილია 70 ქართველი ხელოვანის ნამუშევარი. რა კრიტერიუმებით ირჩევა ნამუშევრები, იგეგმება თუ არა ფილიალების გახსნა სხვა რეგიონებში და რა არის გალერეის მთავარი მიზანი – ამ კითხვებით „ქისას” დამფუძნებელს – ნათია მეფარიშვილს მივმართეთ:
M: რა საჭიროების დაკმაყოფილების იდეა ჰქონდა საფუძვლად „ქისას” შექმნის გადაწყვეტილებას?
ორი წელია ვფიქრობდი შემექმნა სივრცე, რომელიც თანაბრად საინტერესო იქნებოდა მომხმარებლისთვის და ქართველი მეწარმეებისთვის. დროდადრო ვრწმუნდებოდი “ქისას” მსგავსი სივრცის აქტუალობაში. ორგანიზებას ვუწევ სხვადასხვა კონფერენციას, ვმართავ გამოფენებს ქართველი მეწარმეებისა და ავტორების მონაწილეობით. გამოფენებმა მეტად დაგვანახა სტარტაპერებისა და მეწარმეების საჭიროებები, მათთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია და მომხმარებელთან მუდმივ კავშირზე ყოფნა, ამისათვის კი, საჭირო იყო მუდმივმოქმედი ექსპოზიცია და მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი ფასები. გალერეა “ქისა” არის სივრცე, სადაც ტურისტებისთვის და მომხმარებლისთვის არის, ე.წ. ავტორისეული ფასები. თუ აქამდე მომხმარებელი თავს იკავებდა სოციალური ქსელით სასურველი ნივთის შეძენაზე, დღეს მათ აქვთ შესაძლებლობა გალერეა “ქისას” ესტუმრონ. ჩვენს გალერეაში 70 ზე მეტი ავტორის ნამუშევარია თავმოყრილი, რაც დიდი არჩევანის საშუალებას იძლევა.
M: როგორია „ქისას” კონცეფცია და რა გამოარჩევს მას სხვა გალერეებისგან?
გალერეა “ქისას” მიზანია ხელი შეუწყოს შემოქედებითი ინდუსტრიის განვითარებას, რაც გულისხმობს პარტნირობას ავტორებთან (ერთობლივ მუშაობას) და პროდუქტის მორგებას ქართველ და უცხოელ მომხმარებლზე.
M: რა კრიტერიუმებით შეირჩა გალერეისთვის ორი ლოკაცია თბილისში და ბათუმში? თუ იგეგმება სხვა ქალაქებში გახსნაც?
ყველაზე მეტად, ავტორები თავს იყრიან დედაქალაქში და მომხმარებელიც უფრო თამამია. ჩვენ საკმაოდ ამბიციური მიზანი დავისახეთ – ქართული ნაწარმის შეთავაზება კონკურენტულ ფასებში. თავად მე, როდესაც რაიმე ნივთის შეძენა მსურს საჩუქრად, უპირატესობას ქართულ ნაწარმს ვანიჭებ; ის არ არის სერიული, არის ავტორისეული და ამით ხელს ვუწყობ ქართველი მეწარმეების გაძლიერებას. ჯერ ერთი თვეც არაა, რაც გავიხსენით, სამომავლოდ, გეგმაში გვაქვს ყველა ტურისტულ რეგიონში გავხსნათ ჩვენი ფილიალი.
M: ძირითადად, რა ტიპის პროდუქციის შეძენაა შესაძლებელი თქვენთან?
სივრცე იყოფა ორ ნაწილად: თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები, კერძოდ, კერამიკა, ფერწერა, სამკაული, მინანქარი, ფარდაგები და ქართველი მეწარმეების მიერ შექმნილი პროდუქტი: ფეხსაცმელი, სამკაული, სანათები, საყოფაცხოვრებო ნივთები და ა.შ. ძალიან დიდი და მდიდარი ასორტიმენტია.
M: როგორც ვიცით, „ქისაში” გამოფენილი გაქვთ ქართველი ავტორების ნამუშევრები.. რის მიხედვით არჩევთ ავტორებს და თუ აპირებთ ახალი მომწოდებლების დამატებას?
დღეს უკვე 70 ავტორთან ვთანამშრომლობთ, სისტემატურად გვემატებიან ახალი მომწოდებლები. შერჩევისას, მნიშვნელოვანია ავტორის ნამუშევარი აკმაყოფილებდეს ხარისხს და შესაბამისობაში იყოს ფასთან. მაქსიმალურად ვცდილობთ მოვახდინოთ ავტორის პოპულარიზაცია. ჩვენი სივრცე ერთგვარი ნაზავია ქართული თანამედროვე ხელოვნებისა და მეწარმეობის ნიმუშების.