in

Qits Inn – ბედნიერი ძაღლის კუდის ქიცინიდან ბრენდის იდეამდე

საქართველოში შინაური ცხოველები ყოველთვის გვიყვარდა, თუმცა ბოლო წლებში ერთი საინტერესო რამ შეიცვალა: ადამიანები შინაურ ცხოველებს სულ უფრო ხშირად ოჯახის წევრებად აღიქვამენ. ამ განსხვავებას უკვე ენაშიც ვხედავთ – მსოფლიო მასშტაბით და აქაც ტერმინი pet parent ბევრგან ანაცვლებს სიტყვა „პატრონს“, ხოლო სერვისები, რომლებიც ადრე მხოლოდ ადამიანებისთვის არსებობდა, ახლა ძაღლებისთვისაც იქმნება: სასტუმროები, ბაღები, გრუმინგსალონები და სპეციალიზებული მოგზაურობის სერვისებიც კი.

BOG
BOG

სწორედ ამ ცვლილების ფონზე გაჩნდა Qits Inn – ძაღლების სასტუმრო და ბაღი, რომლის სახელიც უკვე პირველივე დანახვისას ღიმილს იწვევს. უფრო საინტერესო კი ისაა, რომ ბრენდის მთელი იდენტობა ერთ ძალიან მარტივ ემოციაზე აშენდა: ყველას გვინახავს, ბედნიერი ძაღლი, კუდს როგორ აქნევს, ანუ „აქიცინებს”.

Qits Inn – სიტყვა, რომელიც ემოციად გადაიქცა

იდეას, შეიქმნას ძაღლების სასტუმრო, კიდევ უფრო პოზიტიურს ხდის მისი ბრენდინგი: სახელი, ლოგო, ფერები, კონტენტი, რომელზეც სააგენტო Windfors-მა იმუშავა. მისი კრეატიული დირექტორი ბექა მეფარიშვილი გვიყვება, რომ პროექტზე მუშაობა სწრაფ ფორმატში, ე.წ. Blitz Branding მიდგომით დაიწყო. მთავარი ამოცანა იყო ისეთი სახელწოდება და ვიზუალური იდენტობა შეექმნათ, რომელიც ერთდროულად იქნებოდა დასამახსოვრებელი, თბილი და მარტივად გასაგები:

„გვინდოდა საინტერესო, დასამახსოვრებელი სახელი, რომელიც აღწერდა იმ მდგომარეობას, როდესაც ყველა pet parent-ს უხარია საკუთარი ძაღლის ხილვა. ბედნიერი ძაღლის უნივერსალური სიმბოლო კი კუდის ქნევაა. ქართულად ამ მოძრაობას „ქიცინს“ ვეძახით და ამავე სიტყვაში ბუნებრივად იკითხება Inn – პატარა სასტუმრო. ასე დაიბადა Qits Inn”.

სწორედ ეს იდეა გადაიტანეს ლოგოშიც – Q ასოს „კუდი“ მოძრაობის შეგრძნებას ქმნის და ბრენდის სახელთან ერთად ერთ მთლიან ისტორიად იქცევა.

როცა ბრენდის იდეა ბიზნესის ისტორიას ემთხვევა

Qits Inn-ის დამფუძნებლები ნინიშა ჩლაიძე, ანა გამსახურდია და ნინო დვალი არიან. marketer ნინიშა ჩლაიძეს გაესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ პროექტი მხოლოდ ბიზნესიდეა არასოდეს ყოფილა:

„უკვე მრავალი წელია, სამივე მიუსაფარ ცხოველებზე ვზრუნავთ და ყოფილი ქუჩის ძაღლების პატრონები ვართ. ხშირად ხუმრობითაც გვითქვამს, რომ პირდაპირი მნიშვნელობით „გაძაღლებული ცხოვრება“ გვაქვს. სასტუმროზეც გვიოცნებია, მაგრამ რეალურად ამაზე ცოტა ხნის წინ დავიწყეთ ფიქრი”.

ამბავს კიდევ ერთი საინტერესო დეტალი აქვს: იდეის რეალობად ქცევას გარკვეულწილად ცხოვრებისეულმა ცვლილებებმაც შეუწყო ხელი:

„ისე გამოვიდა, რომ ჩვენი დიდი ხნის სურვილის ასრულებას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა შეუწყო ხელი – სამივემ დავკარგეთ სამსახური. სწორედ მაშინ გადავწყვიტეთ, ის, რაზეც წლები ვსაუბრობდით, რეალურ საქმედ გვექცია”.

რატომ მუშაობს ეს ბრენდინგი

საინტერესოა, რომ არც სააგენტო და არც დამფუძნებლები ბრენდინგს „გაყიდვების იარაღად“ არ აღიქვამენ. ორივე მხარე თანხმდება, რომ მთავარი მაინც სერვისია:

„ბრენდინგზე მეტად, ის რაც ამ სერვისს გაყიდის, არის მიდგომა და გარემო, რომელიც Qits Inn-შია – მუდმივი ფიქრი და ზრუნვა სტუმარ ძაღლებზე და მათ ბედნიერებაზე, რისი ინდიკატორიც სწორედ აქიცინებული კუდებია”, –  ბექა მეფარიშვილი

თუმცა თანადამფუძნებელი იმასაც გვიმხელს, რომ სახელმა და ვიზუალურმა იდენტობამ გახსნის პირველივე დღეებიდან დიდი ყურადღება მიიპყრო:

„სასტუმროს გახსნის დღიდან სახელმა არაერთი ადამიანის ყურადღება მიიპყრო. კუდის ქიცინი ხომ ბედნიერ ძაღლთან ასოცირდება. ჩვენთვის ეს პირველი ბიზნესია, თუმცა მომხმარებლისა და საზოგადოების მხრიდან იმდენად დადებითი უკუკავშირია, აშკარაა – ბრენდინგმა გაამართლა”.

რას გვასწავლის ეს პროექტი

Qits Inn-ის ისტორია საინტერესოა არა მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოში კიდევ ერთი ძაღლების სასტუმრო გაიხსნა. საინტერესოა იმიტომაც, რომ ბრენდის მთავარი იდეა არც ტრენდული სიტყვებით და არც რთული კონცეფციებით არ შექმნილა.

ის ერთი მარტივი დაკვირვებიდან დაიბადა: ყველა ბედნიერ ძაღლს კუდი უქიცინებს.

ხანდახან სწორედ ასეთი მარტივი ემოციები ქმნის ყველაზე დასამახსოვრებელ სახელებს, ვიზუალებსა და ისტორიებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მათ უკან რეალური გამოცდილება და გულწრფელი სიყვარული დგას.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

„ბარამბოს“ მარკეტინგს ეკატერინე ებანოიძე უხელმძღვანელებს

OpenAI საოჯახო AI-ფუნქციებზე იწყებს მუშაობას