QR კოდი არის ინოვაციური ტექნოლოგია, ერთი შეხედვით ორ-განზომილებიანი კოდი, რომელიც ინახავს მონაცემებს. თითქოს არაფერი განსაკუთრებული, როგორც ჩვეულებრივი შტრიხკოდი ინახავს ინფორმაციას ამა თუ იმ პროდუქტის შესახებ, იგივე შეიძლება ითქვას QR კოდზეც, თუმცა გარდა იმისა, რომ QR კოდი გაცილებით დიდი ზომის ციფრული ინფორმაციის შენახვას ახერხებს, ის უნიკალურად მოექცა მარკეტერების
და რეკლამის ინდუსტრიაში მოღვაწე სპეციალისტების თვალთახედვის არეში და სულ რამოდენიმე წელიწადში დაიკავა უდიდესი ნაწილი სარეკლამო ინდუსტრიასა და ზოგადად ბიზნესში.
თავდაპირველად QR კოდი შეიქმნა იაპონიაში, ავტომობილების მწარმოებლის Toyota-ს შვილობილი კომპანიის Denso Wave-ის მიერ იმ მიზნით, რომ ქარხანაში სწრაფად და მარტივად ყოფილიყო შესაძლებელი ავტომობილების მონაცემთა დეკოდირება-წაკითხვა წარმოების პროცესში.
მიუხედავად იმისა, რომ QR კოდი შეიქმნა საწარმოო მიზნებისთვის, ბოლო წლებში ის გადაიქცა ძალიან საჭირო ატრიბუტად სარეკლამო ინდუსტრიაში, რასაც ხელი შუწყო ე.წ. სმარტფონების მასიურად გავრცელებამ, რადგან სმარტფონის ნებისმიერ მფლობელს შეუძლია, რომ შტრიხკოდის წამკითხველი მოწყობილობა საკუთარ ჯიბეში დაიგულოს.
რა სახის ინფორმაციას ინახავს და გადააქვს QR კოდი და რითი გახდა ის საინტერესო მარკეტერებისათვის? პასუხი მარტივია, QR კოდით შეიძლება ტექსტის, საკონტაქტო ინფორმაციისა და რაც მთავარია ვებ-გვერდის მისამართის ე.წ. დალინკვა და როდესაც მომხმარებელი სარეკლამო ბანერზე იხილავს QR კოდს, მას შეუძლია სმარტფონით კამერით დააფიქსიროს ის და წამის მეათედებში ავტომატურად ეწვიოს კომპანიის ვებ-გვერდს.
მაგალითისთვის, თქვენც შეგიძლიათ სულ რაღაც 2 წუთში შექმნათ QR კოდი, ამისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდ www.qrcode.kaywa.com (ან სხვა ნებისმიერ QR კოდის დამგენერირებელ სისტემას, რომელსაც google-ში იპოვით) და ველში სადაც მითითებულია http:// ჩაწერეთ ჩვენი ვებ-გვერდის ელექტრონული მისამართი: www.marketer.ge, შემდეგ დააწექით ღილაკს Generate და მიიღებთ ანალოგიურ სურათს.
ადამიანის ფანტაზია უსაზღვროა და სხვადასხვა ქვეყნებში დაიწყეს QR კოდების ძალიან ორიგინალური და კრეატიული გამოყენება, მაგალითად სამხრეთ კორეაში შეიქმნა სუპერმარკეტი, რომელიც მთლიანად QR კოდის სისტემაზეა აგებული. (იხილეთ ვიდეო). ასევე ფრანგმა ვიქტორ პეწიმ ორიგინალურად გამოიყენა QR კოდი და ის მოათავსა თავის რეზიუმეში. თქვენც შეგიძლიათ ჩართოთ QR კოდი თქვენს CV-ში, თუ ისე ექსტრემალურად არ გამოიყენებთ როგორს ეს ვიქტორ პეწიმ გააკეთა, ყოველ შემთხვევაში შეგიძლიათ უბრალოდ თქვენი Linkedin-ის პროფილი დალინკოთ და თქვენს შესაძლო დამქირავებელს შეუქმნათ შთაბეჭდილება, რომ თქვენ კრეატიული და ინოვაციების მოყვარული კადრი ხართ.
P.S. როგორც იცით, არანაკლები კრეატიულობით გამოირჩევიან ბოროტმოქმედები და როგორც წესი მათი ფანტაზია გაცილებით განვითარებულია ხოლმე ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანების და რუსეთში უკვე მოასწრეს ბოროტმოქმედებმა QR კოდის სათავისოდ გამოყენება: მათ დააგენერირეს QR კოდი, რომელიც ე.წ. ფასიან ნომერზე დაამისამართეს და თითოეული მობილურიდან, საიდანაც მოხდებოდა ამ კოდის დასკანერება ავტომატურად იგზავნებოდა ფასიანი SMS შეტყობინება, რის შედეგადაც 6 დოლარი ირიცხებოდა „მსხვერპლის“ ნომრის ანგარიშიდან ბოროტმოქმედთა ანგარიშზე.
ეს კი ვიდეოები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ