თბილისის ქუჩებში რუსი და ბელარუსი გამვლელების საყურადღებოდ, სპეციალური პოსტერები გამოჩნდა. ფერად ვიზუალზე მკაფიოდ წერია იმ სერვისების შესახებ, რაც ბოლო დროს, საქართველოში მიგრირებულ ამ კონტიგენტს აინტერესებს – ბინის პოვნა, დასაქმება, მოგზაურობა.. ყოველი განცხადების შუაში დიდად არის დატანებული QR კოდი, რომლის დასკანერებითაც შეთავაზებაზე დეტალური ინფორმაციის მიწოდებას ჰპირდებიან. დასკანერების შემდეგ, ადრესატი ხვდება, რომ „რაც გამოიწერა, ის არ ჩამოუვიდა“, რადგან მას, როგორც სამიზნე აუდიტორიას უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ აწვდიან ინფორმაციას. კამპანია რამდენიმე მეგობარმა მოიფიქრა:
„ძალიან შეწუხებულები ვიყავით მიმდინარე მოვლენების გამო. იდეის დაბადებიდან განხორციელებამდე ექვსივე მეგობარი ვიყავით ჩართულები და ვმუშაობდით, როგორც ქოფებზე, ისე ვიზუალებზე და შიდა კონტენტზე. პროექტის ავტორები ვართ: თამარ ყიფიანი, ირაკლი დანელია, ვაჟა ჩიხრაძე, გვანცა გელოვანი, ალექსანდრე გელოვანი, ქეთევან ბარბაქაძე.“
M: რა იყო თქვენი თვალით დანახული მოცემულობა, რის საპასუხოდაც ასეთი კამპანიის წამოწყება გადაწყვიტეთ?
ომის დაწყების დღიდან მოყოლებული, სულ ამ თემით ვიყავით შეპყრობილები და ვფიქრობდით, როგორ დავხმარებოდით უკრაინას. უეცრად, ამ პრობლემას ისიც დაემატა, რომ საქართველოში რუსი და ბელორუსი მოქალაქეების დიდი რაოდენობით მიგრაციის შესახებ გავიგეთ. მათი ნაწილი თავს არიდებს რუსეთის აგრესიაზე საუბარს, ზოგი კი პირდაპირ უარყოფს ფაქტებს. რა თქმა უნდა, ჩვენც გაგვიჩნდა პროტესტის გრძნობა, ისევე, როგორც ჩვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს.
M: როგორ მიხვედით კამპანიის კონცეფციამდე და რა იყო მისი მთავარი მიზანი?
პირველ რიგში, გვინდოდა ისეთი რაღაც გაგვეკეთებინა, რითაც ამ ადამიანებს რუსეთის მიერ წარსულში ჩადენილ და მიმდინარე ომის დანაშაულებების შესახებ გავაგებინებდით. დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, რუსებს უკვე ხშირად ამისამართებენ რუსული სამხედრო გემის მიმართულებით. ამას, ალბათ, უკვე მიჩვეულებიც არიან და შეიძლება რეაქციაც არ აქვთ. ამიტომ ჩვენ ბრძოლის არაძალადობრივი ფორმა ავირჩიეთ, კერძოდ ინფორმაციული ომი და მათი „მახეში გაბმა“ განვიზრახეთ.
ჩვენი მიზანია მათ გავაგებინოთ, როგორი არის რუსული აგრესია, როგორ შეგვეხო ის ჩვენ და უკრაინას. ეს შესაძლოა ისედაც იციან და უბრალოდ თვალებს ხუჭავენ და ამიტომაც ხშირად უნდა ვუმეოროთ. გვინდა, გაიაზრონ და განიცადონ საკუთარი ქვეყნის დანაშაული და გავუჩინოთ პროტესტის განცდა პუტინის რუსეთის მიმართ, რომელშიც, ასევე, თვითონ ცხოვრობდნენ და გამოიქცნენ. რაც მთავარია, კარგად გაიაზრონ გამოქცევის საწყისი მიზეზები.
შევქმენით პოსტერები, სადაც განთავსებულია შეთავაზებები ისეთ საჭიროებებზე, რომელზეც ამჟამად აქ მყოფი რუსების მხრიდან დიდი მოთხოვნა და ინტერესია. პოსტერზე რუსულ და ინგლისურ ენაზე სარეკლამო ტექსტია დატანილი, რომელიც ბინის ქირაობა/გაყიდვას, ქართული რესტორნების დაჯავშნას, საბანკო ანგარიშის გახსნას, კონცერტის ბილეთებს და საქართველოში ტურებს სთავაზობს. შეთავაზების მისაღებად კი, საჭიროა QR კოდის დასკანერება.
დასკანერების შემთხვევაში, თითოეულ პოსტერის ტიპზე იხსნება სხვადასხვა ფაილი, იქნება ეს ვიდეო, თუ ფოტო და ტექსტუალური კონტენტი. ეს ფაილები კი, ემსახურება მტკივნეული და საჭირო თემების შესახებ საჭირო ინფორმაციის მიწოდებას: უკრაინა-რუსეთის მიმდინარე ომზე, 2008 წლის ომზე, აფხაზეთის ომზე და სანქცირებულ რუსეთში გართულებულ ცხოვრებაზე.
M: როგორც ვნახეთ, ძირითად საკომუნიკაციო „პლატფორმად“ ქუჩა აირჩიეთ. სხვა საკომუნიკაციო არხებსაც იყენებთ ამ პროცესში? ასევე, საინტერესოა, როგორ მიხვედით QR კოდით ინფორმაციის გავრცელების აზრამდე…
საკომუნიკაციო მთავარ არხად ცენტრალური ქუჩები ავირჩიეთ. ასევე, სურვილი გამოთქვეს კერძო სექტორის წარმომადგენლებმა და მათაც გააკრეს ჩვენი პოსტერები თავის სივრცეში. ასევე შევქმენით facebook და instagram გვერდი სახელად „სიგნალი Signal“, რომლიდანაც ყველა სიახლეს და ინფორმაციას, კერძოდ, QR კოდების დასკანერების სტატისტიკას, პოსტერის საბეჭდ ფაილებს, რომ თავადაც გააკრან სხვადასხვა ქალაქში და ა.შ. მივაწვდით ადამიანებს.
M: ამ დროისათვის, როგორია შედეგი?
ამჟამად 300 პოსტერია გაკრული ქალაქში და 1500-ზე მეტი დასკანერება ფიქსირდება. ასევე, დაწყებულია კომპანიებისთვის პოსტერების მიწოდება, რაც კიდევ უფრო გაზრდის სასურველ შედეგებს.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი