გუნდებში ემოციური გადაწვის თემა დღეს კომპანიების ლიდერებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მწვავე გამოწვევად იქცა. აქ საუბარი არ ეხება ცუდ დღეს ან მძიმე სამუშაო კვირას. ეს არის რეალური გადაწვა, რომელიც ჩუმად, წლების განავლობაში გროვდება და ადამიანს ენერგიას სრულად აცლის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გადაწვას განმარტავს როგორც სინდრომს, რომელიც გამოწვეულია სამუშაო ადგილზე არსებული, არასწორად მართული ქრონიკული სტრესით. სწორედ ქრონიკული ხასიათი წარმოადგენს საკვანძო ფაქტორს. გადაწვა ხანგრძლივი, შეუჩერებელი წნეხის შედეგია. იგი ვლინდება ღრმა ფიზიკურ და ემოციურ გამოფიტვაში, საკუთარი საქმისადმი ცინიზმსა და იმის განცდაში, რომ ადამიანი ვეღარ უმკლავდება იმ ამოცანებს, რომლებსაც ადრე ოსტატურად ასრულებდა.
მაინც, რა წარმოშობს ამ ქრონიკულ სტრესს? კვლევები და ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება აჩვენებს, რომ პრობლემა იშვიათად უკავშირდება მხოლოდ ერთ მიზეზს.
დამკვიდრებული ნორმები
საზოგადოებაში ხშირად დასვენება აღიქმება სიზარმაცედ, ხოლო ზეგანაკვეთური შრომა – ერთგულებად. ადამიანის ფასი იზომება პროდუქტიულობითა და შედეგებით, ხოლო ყველაზე დაკავებული ადამიანი ავტომატურად მიიჩნევა ყველაზე მნიშვნელოვნად. ბავშვებს ხშირად ეკითხებიან, ვინ სურთ გამოვიდნენ, როდესაც გაიზარდებიან, ხოლო ზრდასრულებთან პირველი შეკითხვა მათ საქმიანობას ეხება. ეს არის უხილავი არქიტექტურა, რომელზეც თანამედროვე პროფესიული ცხოვრებაა აგებული.
ორგანიზაციული კულტურა და შიდა სისტემა
მეორე ძალა ყველაზე თვალსაჩინოა, რადგან მასთან ყოველდღიური შეხება გვაქვს. კომპანიის შიდა კულტურა უდიდეს გავლენას ახდენს გადაწვის რისკებზე. სტრუქტურული ზეგანაკვეთური სამუშაო, თანამშრომლების ქრონიკული ნაკლებობა, გაურკვეველი თუ მუდმივად ცვალებადი მოვალეობები და ხშირი რეორგანიზაციები მენეჯმენტის ცალკეული შეცდომები კი არ გახლავთ, არამედ იმ ორგანიზაციების მახასიათებლებია, რომლებმაც გააძლიერეს საზოგადოებაში არსებული მავნე ნორმები.
ამასვე მიეკუთვნება ორგანიზაციული ორპირული კულტურაც, როდესაც არსებობს დიდი აცდენა კომპანიის სიტყვებსა და რეალურ ქმედებებს შორის. ორგანიზაციები ხშირად აცხადებენ, რომ თანამშრომლები მათ მთავარ ღირებულებას წარმოადგენენ და მათ კეთილდღეობაზე ზრუნავენ, თუმცა რეალურად ახალისებენ ოფისში უწყვეტ ყოფნას, 24-საათიან ხელმისაწვდომობას და მცირე გუნდებისგან მუდმივად ითხოვენ გაზრდილი სამუშაო მოცულობის ათვისებას. ეს აცდენა გადაწვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.
გათავისებული კულტურა და პიროვნული აღქმა
არავინ იბადება იმ რწმენით, რომ დასვენება მხოლოდ საქმის დასრულების შემდეგ არის შესაძლებელი, რომ გადაწვა წარმატების ფასია ან დახმარების თხოვნა სისუსტეს ნიშნავს. ეს ყველაფერი გარემოცვისგან, განათლების სისტემისგან, მედიისა და რეკლამისგან არის ათვისებული, რომელთაც ხშირად ფინანსური ინტერესიც აქვთ, დაარწმუნონ ადამიანი, რომ საკუთარი ღირებულება შრომით უნდა დაამტკიცოს. ამ წნეხისადმი განსაკუთრებით მოწყვლადები არიან მიზანდასახული ადამიანები, რომლებმაც გაითავისეს, რომ მათი ფასი მიღწევებზეა დამოკიდებული. პიროვნული თვისებები და ადრეული გამოცდილება განსაზღვრავს, თუ როგორ ითვისებს ადამიანი ამ კულტურულ წნეხს, თუმცა კულტურის შეცვლით უმჯობესდება გარემო ყველასთვის.
როგორ ებრძვიან გადაწვას ეფექტურად
თუ ადამიანებს ვეხმარებით შინაგანი რწმენების გადაფასებაში, თუმცა არასდროს ვაყენებთ ეჭვქვეშ საზოგადოებრივ ნორმებს, მათ დინების საწინააღმდეგოდ ცურვას ვაიძულებთ. ხოლო თუ ორგანიზაციულ პოლიტიკას ვცვლით უფრო ფართო კულტურული ფაქტორების გათვალისწინების გარეშე, მივიღებთ ჯანმრთელობის მცირე კუნძულებს უცვლელ გარემოში.
პრობლემის რეალური პრევენცია სამივე ძალის მიმართ გულწრფელობას მოითხოვს. საზოგადოებრივ დონეზე ეს ნიშნავს დასვენების, ღირებულებისა და აზრიანი ცხოვრების შესახებ არსებული ნორმების გადახედვას. ორგანიზაციულ დონეზე ეს მოითხოვს სტრუქტურულ პასუხისმგებლობას და თანხვედრას სიტყვებსა და რეალობას შორის. ინდივიდუალურ დონეზე აუცილებელია ადამიანებს მიეცეთ ჩარჩოები საკუთარი გათავისებული რწმენების გასაანალიზებლად – არა მათზე სისტემური პრობლემის გადასაბარებლად, არამედ იმ გარემოს უკეთ გასაგებად, რომელშიც უწევთ საქმიანობა.
წყარო: Fastcompany












