ბავშვებს, რომელთაც სწავლის უნარის დარღვევა აქვთ, უჭირთ კითხვა, წერა და მათემატიკის ათვისება, ამის დასაძლევად კი მათ ხშირად დამატებითი ინდივიდუალური მხარდაჭერა სჭირდებათ. ეს მკვლევრებმაც იციან, ამიტომ მათ ამჯერად პატარა საყვარელ რობოტს სთავაზობენ, რომელიც ფოკუსირებაში დაეხმარებათ… ზოგადად, სწავლის უნარის დარღვევის მქონე ბავშვებს უჭირთ ყურადღების გამახვილება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოუთმენლები არიან და კონკრეტული საქმეების დასრულებაზეც უარს ამბობენ.
ახლა QT-ზე მოგიყვებით, რომელიც 2016 წელს „დაიბადა“, თუმცა იგი პირველი რობოტი იყო მათ შორის, რომელიც სპეციალურად აუტიზმის მქონე ბავშვების დასახმარებლად შეიქმნა. მას თავითა და ხელებით ჟესტიკულაცია შეუძლია, ჩვეულებრივი გამომეტყველების მიღება და ლაპარაკი… ამჯერად კი ეს რობოტი სწავლის უნარის დარღვევის მქონე ბავშვებშიც გამოცადეს.
კვლევაში 6-12 წლამდე 16 სტუდენტი იღებდა მონაწილეობას, რომელთაც კითხვა უჭირდათ. რვა მათგანს QT რობოტთან ჰქონდა სესიები, დანარჩენები კი საკონტროლო ფუნქციას ასრულებდნენ. მკვლევრებმა აპლიკაციაც კი შექმნეს, რათა სტუდენტებისთვის პროტოკოლი მიეწოდებინათ, ეს მოიცავდა ე. წ. გახურების აქტივობებს, თამაშებსა და სუნთქვის სავარჯიშოებს. აპლიკაციის ჩამოტვირთვა პლანშეტში იყო შესაძლებელი, რაც ინსტრუქტორებს QT რობოტის კონტროლის საშუალებას აძლევდა.
როცა ინსტრუქტორები აკონტროლებდნენ რობოტს, იგი ავტონომიურად მოქმედებდა — რობოტი ისახავდა მიზნებს და თუ სტუდენტები გზიდან გადაუხვევდნენ, იყენებდა ისეთ სტრატეგიებს, როგორებიცაა თამაშები, ხუმრობები, სუნთქვის ვარჯიშები, ფიზიკური მოძრაობა, რათა სტუდენტების ფოკუსისთვის მიმართულება შეეცვალა.
ინსტრუქტორები იწერდნენ თავიანთ ინტერაქციებს, აკვირდებოდნენ, მიაღწიეს თუ არა სესიის დროს დასახულ საგანმანათლებლო მიზნებს, რამდენი დრო დახარჯეს სტუდენტებმა სავარჯიშოზე და რამდენჯერ მოუწიათ სტრატეგიის შეცვლა. კვლევის მონაწილეებს უკუკავშირის მიცემაც შეეძლოთ და გამოცდილების გაზიარება რობოტთან ურთიერთობის შესახებ.
შედეგი კი ზუსტად ისეთი პოზიტიური აღმოჩნდა, როგორზეც ფიქრობთ — სტუდენტები ნაკლებად მიმართავდნენ „არასაკლასო“ ქმედებებს და უფრო მეტი ჩართულობითაც გამოირჩეოდნენ. ისინი რობოტს მეგობრულ, ინტელიგენტ და სახალისო ქმნილებად აღიქვამდნენ, რის გამოც სამომავლო სესიებში მასთან ურთიერთობის სურვილი კვლავ ჰქონდათ. მკვლევრებიც ამბობენ, რომ რობოტის ჩარევა სტუდენტების ფოკუსირებისა და ჩართულობის შენარჩუნებისთვის ეფექტური და სასარგებლო აღმოჩნდა.
„საჯარო საგანმანათლებლო სისტემებში რობოტების გამოყენების უდიდესი პოტენციალი არსებობს. მთლიანობაში, კვლევა გვეუბნება, რომ რობოტებს დადებითი გავლენა აქვს სტუდენტებზე“, — აცხადებს კერსტინ დოტენჰანი, პროფესორი.