in

Quartz-ის ქართული ნატურალური კოსმეტიკა – დედა-შვილის სტარტაპი

Startauperi
Startauperi

Quartz -Natural cosmetics დედა-შვილის – თამარ ქვარცხავასა და ქეთო ბარათაშვილის – ორგანული კოსმეტიკის სტარტაპია, რომელიც მომხმარებლებს, ხელით დამზადებულ კანის მოვლის საშუალებებს სთავაზობს. უშუალოდ, კრემების დამზადების პროცესში, ფარმაცევტ-ტექნოლოგ თამარის გარდა, არავინ ერევა, რაც შეეხება შეფუთვას, გავრცელებასა და პროდუქციის მომხმარებელთან მიწოდებას, პროფესიით ჟურნალისტი, ქეთო უზრუნველყოფს. მარკეტერს საქმიანობის სპეციფიკაზე, პროდუქციის ხარისხსა და რეალიზების საშუალებებზე ესაუბრნენ თამარ ქვარცხავა და ქეთო ბარათაშვილი:

M: როგორი იყო იდეის ჩამოყალიბების პროცესი, სახელს რა კონცეფცია აქვს და უშუალოდ, თქვენს პროდუქციასთან რა კავშირშია?
ქეთო: თავიდან დედა სახის საცხებს თავისთვის ამზადებდა, შემდეგ გაჩუქება დაიწყო.  ვინაიდან, საცხებზე მოთხოვნა, დროთა განმავლობაში, იზრდებოდა, გადავწყვიტეთ, პროდუქტი შეგვეფუთა და სახელიც დაგვერქმია. ასე და ამგვარად, პირველ ეტაპზე,
გავაკეთეთ ფეიჯი და დავიწყეთ კრემების გაყიდვა. გაჩნდნენ რეგულარული და კმაყოფილი  მომხმარებლები.

თამარი: სანამ კრემების დამზადებას თვითონ დავიწყებდი, გერმანიასა და შვეიცარიაში ნატურალური კოსმეტიკის კომპანიებში ვსწავლობდი. შვეიცარიაში ჩემს გვარს – ქვარცხავას ვერ იმახსოვრებდნენ და ამიტომ, მინერალის სახელი Quartz (კვარცი) შემარქვეს. სახელი მხოლოდ გვარიდან ავიღეთ და შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ჩვენი პროდუქტი მინერალივით ნატურალურია.M: რა შემადგენლობა აქვს თქვენს კოსმეტიკურ საცხებს, სად და როგორ მზადდება Quartz – Natural cosmetics-ის პროდუქცია?
თამარი:
ჩვენი კოსმეტიკური საცხების ძირითადი შემადგენლობა არის: წყალი, მცენარეული ცხიმები და მცენარეული ექსტრაქტები. ვაწარმოებთ მკვებავ, დამატენიანებელ, ნაოჭების საწინააღმდეგო და თვალის ირგვლივ კრემებს. საცხებს ვამზადებ ხელით, სახლის მცირე ლაბორატორიაში, თუმცა მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ არაორგანული ქიმიის ინსტიტუტთან, სადაც შესაძლებელი იქნება დიდი ლაბორატორიის გაკეთება, პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდა და იქვე ქიმიურად გადამოწმება.

M: რა სახის კოსმეტიკურ საშუალებებს სთავაზობთ მომხმარებლებს და სად რეალიზდება თქვენი პროდუქტი?
ქეთო: მომხმარებელს ხარისხიან, ორგანულ პროდუქციას ვთავაზობთ. გვაქვს სახის საცხები, ტუჩსაცხები, თვალის ირგვლივ საცხი, სახის შრატი. უახლოეს მომავალში ვაპირებთ ლოსიონების, ხელის კრემისა და თავის მოვლის სხვა საშუალებების დამატებას. ასევე, გვექნება ბავშვის ხაზიც. გვაქვს პატარა სტენდი ქავთარაძეზე „სითი მოლში“ ასევე, ჩვენი პროდუქცია შეგიძლიათ, მოიკითხოთ: თერაპიის სახლში (გურამიშვილის 72), მაღაზია „Sunflower“ (ძმები კაკაბაძეების N3) , კომპანია „გამა+“ -ის სტენდზე ისტ ფოინთის კარფურსა და გლდანის „სითი მოლში“).M: რა საშუალებებით გაქვთ მომხმარებელთან კომუნიკაცია, როგორ ხდება საცხის მორგება კანზე და შეკვეთა თუა შესაძლებელი?
ქეთო: მომხმარებელთან კომუნიკაციას სატელეფონო და სოციალური ქსელის საშუალებით ვამყარებთ. გვწერენ, როგორი ტიპის კანი აქვთ და ჩვენც, შესაბამისად, ვურჩევთ საცხს. ასევე, შეგვიძლია, დავამზადოთ ინდივიდუალური საცხიც – კონკრეტული ტიპის კანისთვის. შეკვეთიდან, მაქსიმუმ, 48 საათში საცხი მზად არის.

M: რა უპირატესობა გაქვთ ბაზარზე არსებულ სხვა კოსმეტიკურ საშუალებებთან, როგორი საფასო პოლიტიკა გაქვთ და საშუალოდ, რამდენ ხანს ყოფნის მომხმარებელს ერთი კონტეინერი?
თამარი: ჩვენი სახის კრემები თავისი აბსოლუტური ნატურალურობით გამოირჩევა. მას არ გააჩნია არანაირი ქიმიური კონსერვანტები, შემადგენლობაც სასარგებლო და ხარისხიანი აქვს. ვცდილობთ, კრემის ინგრედიენტები საქართველოში შევიძინოთ, თუმცა ზოგი აქ ან იყიდება ან უხარისხოა, ამიტომ გერმანიიდან გვიწევს გამოწერა. ასევე, პრობლემაა სხვადასხვა ფორმისა და ზომის კონტეინერები, რომელიც საქართველოში არ მზადდება და ამასაც ვიწერთ.ქეთო: საცხების ფასი საკმაოდ ხელმისაწვდომია, პროდუქციის ღირებულება 7-დან 20 ლარამდეა. კრემები უნდა შევინახოთ გრილ ადგილას და დაახლოებით, ერთი თვე გვყოფნის, გააჩნია მოხმარების სიხშირეს.

M: რა საშუალებებს იყენებთ მომხმარებელთან წარმატებული კომუნიკაციისა და შესაბამისად, ბრენდის პოპულარიზაციისთვის?
ქეთო:
ბრენდის პოპულარიზაციისთვის სოციალურ მედიას ვიყენებთ, სიახლეებს ჩვენს ფეისბუკგვერდზე – Quartz-Natural Cosmetics – ვპოსტავთ, ასევე, მონაწილეობას ვიღებთ სხვადასხვა შემოთავაზებულ აქტივობაში, ვცდილობთ, მაქსიმალური ინფორმაციის მიწოდებით, მომხმარებლის ნდობა მოვიპოვოთ.

ტერორიზმთან ბრძოლა სიყვარულით! – რამადანისთვის შექმნილი ვიდეო ვირუსულად გავრცელდა

საბროკერო კომპანია Weiss-მა სტარტაპების მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო