in

ქუჩებს რომ ემახსოვრებათ, ეგ ფეხბურთი

30’ სნეიდერი
48’ მაიკონი
61’ დიეგო მილიტო

მაშინ 11-ის ვიყავი, ფეხბურთი ყველაზე ნაკლებად მესმოდა და ყველაზე მეტად მიყვარდა.
მეგონა, ფეხბურთს ერთი კომენტატორი ჰყავდა და ლიგაც ერთი იყო – მთავარი და ყველაზე ვარსკვლავური.

დიდი ხვეწნა-მუდარით (სამშაბათი და ოთხშაბათი რაღაც ასაკში სკოლის დღეა და არა ჩემპიონთა ლიგის) გათენებულ ორ საღამოში ის ცრემლი დავღვარე, „მეფე ლომისთვის” რომ უნდა შემენახა, თან განადგურებული ვთხოვდი მამაჩემს, აეხსნა, რატომ შეგვხვდა ჩვენ – ყველაზე მაგარი გუნდის ფანებს – არასწორი ძმა მილიტოების ოჯახიდან.

7 მარტს ბათუმში ჩემი პირველი საფეხბურთო ‘heartbreak’-ის რამდენიმე ავტორს შევხვდები და იმ მოგონებებს შევეხები, რომლებიც ნახევარ ინტერს არგენტინელობის ხათრით ვაპატიე.

ლეგენდების სერიის მთელი მუღამიც ჩემთვის, როგორც ფანისთვის და პროექტში ჩართული ადამიანისთვის – ეგ არის. მსგავსი მატჩები განსაკუთრებით ქართველებს, ევროპულ ფეხბურთს მოწყურებულებს, გვარწმუნებს, რომ მოგონებები, რომლებიც წლების წინ ტოპჩემპიონატებში, გრანდებში მოთამაშე ფეხბურთელებმა დაგვიგროვეს ავად თუ კარგად – ნამდვილი და ხელშესახებია.

მილანის ინტერი, თანაც ის ინტერი, 7 მარტს ბათუმში რომ უნდა ითამაშოს, ზუსტად ისეთია, ხომ იცით, ‘streets won’t forget’ კატეგორიიდან. ფეხბურთიც ყველაზე მეტად, ალბათ, ამიტომ გვიყვარს, ერთი სულისკვეთების კოლექტივი უცებ რომ ყველაფრის გასაღებს იპოვის, დავითივით დაუდგება გოლიათს და იმდროინდელი ბარსელონა მართლაც იყო გოლიათი, პრაიმ მესით და დანარჩენი ლა მასიათი.

მოურინიოს ვუდუმ გაჭრა თუ ვულკანის ამოფრქვევამ, ფაქტია, ეს ინტერი პირველი იყო, ვინც ‘ის’ ბარსელონა შეაჩერა და ჩემთვის ამ გუნდის ‘ლეგასიც’ და ხასიათიც ზუსტად იმ სეზონით განისაზღვრება.

ერთი მხრივ, ლეგენდების მატჩს ამიტომაც ველოდები.

მეორე მხრივ – რა მაგარ დროს დაემთხვა. ახლა ევროპულ ფეხბურთში გარევა, ამ თამაშის უმაღლეს და უწმინდეს ფორმასთან შეხება, ყველა ქართველი ფანის მთავარი საფიქრალია. მარტის თამაშებამდე იმას ვიხსენებთ, რაც აქამდე გვქონია: არველაძეები, ქართველების საყვარელი ქეცბა, ქინქლაძის ფენომენი – მანჩესტერში რომ დღემდე მისტირიან.

GEO11 კარიერული წლებით შეუზღუდავი გუნდია: აქ ჯანო ანანიძე ჯამარაულთან გასახდელს გაიზიარებს და ქართველი გულშემატკივარიც რამდენიმე თაობის ვარსკვლავს ერთად ნახავს თამაშში კვლავ ჩართულს.

მარტში, როგორც წესი, საფეხბურთო სეზონი პიკშია – საშინაო ჩემპიონატებში ყველა ქულა ფასდაუდებელია, ჩემპიონთა ლიგაზე საპლეიოფო რაუნდია დაწყებული. მეგობრები რომ იკრიბებიან, გუშინდელ გოლებს იხსენებენ და ფენტეზის ქულებს ითვლიან, GEO11 vs. Inter Forever-ზე არავინ საუბრობს.

ამ მატჩში გამარჯვებულის ვინაობა დიდად არავის ადარდებს, არც იმაზე ღელავენ – შოთის ჟულიო სეზარმა საოცარი სეივი არ დაუხვედროსო და არც ფიგუს ესვრის ღორის თავს ბათუმელი კულე.

იმის თქმა მინდა, მსგავს თამაშებს ფანები ყურადღებას არ ვაქცევთ. თუ ვუყურებთ, მაშინაც იმაზე ვფიქრობთ, როდის მორჩება ეს შოუ და როდის შევძლებთ გემრიელად გავწუროთ ლუთონი-ლივერპული.

მაგრამ ლეგენდების მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.

ამასაც თავისი მიზეზები აქვს – საფეხბურთო გრძნობებში, სიმძაფრით, ნოსტალგიას მყარად დავაყენებდი მეორე ადგილზე.

ნოსტალგია მიგვიყვანს შვიდში შვიდზე სტადიონზე ან ‘შორთქათით’ ევროპოპის youtube არხამდე; ზოგიერთს ბავშვობას გაგვახსენებს, ზოგს შვილისთვის მოუნდება მისი საყვარელი ფეხბურთელის ამბების გაზიარება.

და თან რა ლამაზია ფეხბურთი. ისე, არა ქულებისთვის, არა ცხრილის სათავეში მოქცევისთვის ან წაუგებელი სერიის შენარჩუნებისთვის, უბრალოდ რა, თავისთვის – ლამაზ გოლს რომ ბომბარდირთა დავაზე დარდის გარეშე აღნიშნავ და ტრავმის შიშით არც უხეშ ‘პატკატზე’ გაგეყინება სისხლი.

მსგავსი მატჩების მნიშვნელობა თანაბრად იზომება ტრიბუნებიდან და გადასახდელიდან. ვეტერანი ფეხბურთელებისთვის ‘ლეგენდების მატჩი’ არანაკლები დღესასწაულია – მოთამაშეებს ხომ, რა თქმა უნდა, ჩვენზე მეტად აკლიათ ის ემოციები, წლების წინ რომ მილიონობით მაყურებელთან აზიარებდნენ.

7 მარტი ის დღეა, ფანებიც და ფეხბურთელებიც 10, 20 თუ მეტი წლის წინანდელ ცხოვრებას რომ ვუბრუნდებით – რამდენიმე დღით, წინასამატჩო სამზადისით და მერე იმ საოცარი 90 წუთით.

იბრუნებენ საკუთარ ნომერს – არც იმაზე დარდობენ, 9 ნომერი, რომლითაც მთელი კარიერა ვთამაშობდი, ვინმემ არ ამახიოსო. რომ დაფიქრდე, რა მნიშვნელობა აქვს, რამდენ 9-ნომრიან მაისურს ვნახავთ მსგავს მატჩში.

მაშინ, როცა დასაკარგი არაფერია და ვერც ტიტულს იზეიმებ მსაჯის სასტვენის შემდეგ – ფეხბურთს ფეხბურთისთვის და მისი სიყვარულის გამო თამაშობ.

7-ში ყველა ამას ველოდებით.

7 მარტს, ბათუმში შევხვდებით  GEO 11 vs. Inter Forever
მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია europop-ის youtube არხზე.

[პარტნიორის კონტენტი]

ავტორი: თინათინ კოპალიანი

SBC Summit Tbilisi 2024 Promises Growth and a Deep-Dive into Eastern Europe & Central Asia

სმარტ აკადემიის პროექტი „სვლა“ – როგორ დაიწყო ყველაფერი