დღის განმავლობაში უამრავჯერ, უამრავ ადამიანთან ვსაუბრობთ. კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ ადამიანს დღის განმავლობაში, საშუალოდ 27-ჯერ აბამს საუბარს, თითოეული კი დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში გრძელდება. საუბარი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, თუმცა, ხშირად ისე ხდება, რომ საინტერესო საუბრის აწყობა გვიჭირს ხოლმე. მით, უმეტეს თუ ხშირად ხვდებით სხვადასხვა ღონისძიებასა თუ საგანმანათლებლო საღამოებზე, კარგი საუბრის უნარი ნამდვილად საჭიროა.

ინტერაქციის ახალი ფორმა საუბარში
იმისთვის, რომ ნებისმიერი ინტერაქცია უფრო საინტერესო და მნიშვნელობის მქონე გავხადოთ, უფრო მეტი ფიქრი გვჭირდება იმ ადამიანის შესახებ, ვისაც ვესაუბრებით. მის გამოცდილებასა და ცხოვრებაზე ფიქრი გვჭირდება, რათა უკეთ მივხვდეთ, რა თემაზე საუბარი უფრო იქნება საინტერესო მასთან.
სწორედ ამიტომ, პირველ რიგში, საჭიროა, მის ადგილას ჩააყენოთ საკუთარი თავი და საუბარს არა თქვენი, არამედ მისი პერსპექტივიდან შეხედოთ. დაიმახსოვრეთ, თითოეულ ადამიანს აქვს მოსაყოლი, საინტერესო ამბავი.
თუკი ამას გაიაზრებთ, აღარ მოგინდებათ დასვათ ბანალური კითხვები, მაგალითად “რას საქმიანობ?” და გადახვალთ იმგვარ კითხვებზე, რომლებიც მეორე მხარისთვის საინტერესო საუბარს ჩაუყრის საფუძველს.
და მაინც, რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ უფრო მნიშვნელოვანი გახადოთ ინტერაქცია? დახუჭეთ თვალები და დაფიქრდით, რა ისტორიას შეიძლება თქვენ წინ მდგომი ადამიანი ატარებდეს. თუკი, პირველ რიგში, მისდამი ყურადღების გამოჩენაზე იზრუნებთ, საუბარი თავისთავად წარმატებულად დაიწყება. თითოეულ ადამიანს სჭირდება ზრუნვა, მოსმენა, გაგება..
მათ თავიანთი ისტორიების გაზიარება სურთ.
კითხვა, რომელიც საინტერესო საუბრის აგებაში დაგეხმარებათ
ყველაფერი კარგი სწორი კითხვების დასმით იწყება. თუკი გსურთ, თავიდან აირიდოთ მცირეხნიანი და უხერხული საუბრები, არ დასვათ ამგვარი კითხვები – “რას საქმიანობ?”, “საიდან ხარ?” და ა.შ
“როგორია შენი ამბავი?”
სწორედ ამგვარი თავისუფალი და პირდაპირი კითხვის დასმით მოსაუბრე მხარეს დაანახებთ, რომ მისით დაინტერესებული ხართ, ზედაპირულად არ ესაუბრებით, რაც მათი მხრიდან გულწრფელობას გამოიწვევს. შედეგად ისინი თავიანთი ოცნებებისა და მიზნების შესახებ მოგიყვებიან. საბოლოო ჯამში კი, ამგვარად მყარდება საინტერესო, მნიშვნელობის მატარებელი კომუნიკაცია.
წყარო: Inc