in

კითხვები, რომლებიც მანამ უნდა დასვათ, სანამ დიდ პროექტს დაიწყებთ

იმის ცოდნა, თუ როდის უნდა დაიწყოთ ახალ პროექტზე მუშაობა წარმატების საწინდარია. მსგავსი წინასწარ განსაზღვრის უნარი საკმაოდ ცოტა კომპანიას აქვს განვითარებული. თუკი პროექტზე მუშაობას იმაზე ადრე დაიწყებთ, ვიდრე საჭიროა, დიდია შანსი, რომ ის წარმატებულად ვერ განხორციელდება.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ამის კარგი მაგალითია Google Glass, რომელიც 2013 წელს ჩაეშვა და 2015 წელს არსებობა შეწყვიტა. 2 წლის განმავლობაში მან ძალიან მცირე პროგრესი განიცადა. ყველაფერი ეს გამოწვეული იყო გაუგებრობით – Google Glass ახალი, დასრულებული პროდუქტი იყო თუ უბრალოდ პროტოტიპი. მიუხედავად ბევრი მცდელობისა, Google Glass ბაზარზე არაფერი ახალი შეუთავაზებია მომხმარებლებისთვის.

საკმაოდ ჭკვიანურად მოიქცა სტივ ჯობსი 2001 წელს, როცა iPhone-ის იდეაზე მუშაობა მყისვე არ დაიწყო. ჯობსმა სხვადასხვა სამუშაო გუნდთან ერთად დეტალურად შეიმუშავა სმარტფონის კონცეფცია და მხოლოდ 3 წლის თავზე, 2004 წელს დაიწყო პროექტის განხორციელება.

ამ ორი მაგალითიდან ვხედავთ, რომ ზუსტი პერიოდის ცოდნას, თუ როდის უნდა დავიწყოთ პროექტის განხორციელებაზე მუშაობა, კომპანიისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამაზეა დამყარებული, წარმატებას მივაღწევთ, თუ – არა.

იმისთვის, რომ კარგად გაიაზროთ, ღირს თუ არა თქვენს იდეებზე მუშაობის დაწყება ახლავე, გთავაზობთ 6 კითხვას, რომლებიც უნდა დასვათ:

1. მსგავსი პროექტი ოდესმე განხორციელებულა?

მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ, არსებობს თუ არა ის პროდუქტი ბაზარზე, რომლის შეთავაზებასაც თქვენ გეგმავთ მომხმარებლებისთვის. ასევე, განსაზღვრეთ, რა პრობლემას გადაჭრის თქვენი პროექტის შეთავაზება უკვე არსებულ კონკურენციაში. არის თუ არა თქვენი პროექტი კონკურენტუნარიანი სხვა მსგავსი პროექტების გვერდით? არის თუ არა რაიმე ისეთი, რასაც მხოლოდ თქვენ შესთავაზებთ მომხმარებლებს – თუ ასეა, მაშინ კიდევ უფრო დიდი დრო გჭირდებათ დასაფიქრებლად, დეტალების განსასაზღვრად. არ დაიწყოთ პროექტი დაუყოვნებლივ.

2. აღნიშნული პროექტი თქვენი მთავარი ბიზნესის ნაწილია? თქვენი ძლიერი მხარეების გამოყენება მოგიწევთ ამ პროექტში თუ თქვენთვის სრულიად ახალი გამოცდილება იქნება?

რაც უფრო შორსაა თქვენი ახალი პროექთი ძირითადი ბიზნესიდან და თქვენი ძლიერი მხარეებიდან, მით მეტი დროის დახარჯვა მოგიწევთ მასზე. გააკონტროლეთ ისიც, თუ რამდენი პროექტი გაქვთ თქვენს ბიზნესს გარეთ. მრავალმა ასეთმა პროექტმა შესაძლოა თქვენი ბიზნესი საფრთხეში ჩააგდოს. წამყვანი ორგანიზაციები ამგვარად ანაწილებენ პროექტებს: 60% ძირითად ბიზნესში, 30% მომიჯნავე ბიზნეს სფეროში და 10% სრულიად დაშორებულ სფეროებში.

3. შეგიძლიათ მკაფიოდ განსაზღვროთ თქვენი პროექტის დასრულებული სახე? როგორი იქნება ის დასრულების შემდგომ?

1-100%-მდე რამდენი პროცენტით შეაფასებდით თქვენს წარმოდგენას თქვენსავე პროექტზე? თუ 50%-ზე ნაკლები სიცხადე გაქვთ, ჯობს უფრო მეტი წარმოდგენა შეიქმნათ მასზე. უფრო ცხადად განსაზღვროთ თქვენი პროექტის მისია და შინაარსი. როგორც წესი, პროექტის მუშაობაზე გადასასვლელად 80-90%-ია ხოლმე საჭირო.

4. როგორია ინვესტიციის ხარჯები?

კარგად შეაფასეთ, რა რესურსი გჭირდებათ თქვენი პროექტისთვის (ადამიანური, ფინანსური, დრო და ა.შ) და რამდენად მარტივია თქვენთვის მათი მოძიება. დაიმახსოვრეთ, რომ პროექტები, ძირითადად, იმაზე ძვირი ჯდება, ვიდრე ეს თავიდან წარმოგვიდგენია ხოლმე. აქ საქმე მხოლოდ ფინანსებს არ ეხება – სხვა ყველა რესურსიც მეტი იხარჯება ხოლმე. ამიტომაც, სანამ პროექტზე მუშაობას დაიწყებდეთ, მნიშვნელოვანია, კარგად გაწეროთ საჭირო რესურსების ოდენობა და გადაწყვიტოთ, ნამდვილად გიღირთ თუ არა მასზე მუშაობა.

5. თქვენს მთავარ ბიზნესს ჰყავს თუ არა ლიდერი კომპანიები კლიენტებად?

ბევრი პროექტი მხოლოდ იმიტომ შეწყდა, რომ მსხვილი კლიენტები არ ჰყავდათ. სწორედ ამიტომ, მუშაობის დაწყებამდე უნდა იფიქროთ, რა მასას მიწვდება თქვენი პროექტი. კარგად შეაფასეთ თქვენი სამიზნე, ალტერნატიული აუდიტორია და მხოლოდ მას შემდეგ დაიწყეთ განხორციელებაზე ფიქრი.

6. როგორია ვადები?

ვადების განსაზღვრის გარეშე ეჭვგარეშეა, რომ თქვენი პროექტი ხელშესახებ წარმატებას ვერ მიაღწევს. ამიტომაც, ეცადეთ ყველა სამომავლო ნიშნული, რომლამდე მიღწევასაც გეგმავთ, ვადებში ჩასვათ. ეს ეტაპები და ვადები კი თქვენს ორგანიზაციასა და გუნდებზეა დამოკიდებული. ამიტომ, შეეცადეთ გონივრულად მართოთ ისინი.

საბოლოოდ კი კვლავაც იმ რჩევას მოგცემთ, რომ მხოლოდ მაშინ დაიწყოთ პროექტი, როცა ამის ფიზიკური და მორალური მზაობა გექნებათ და არა მაშინ, როცა იდეისგან მხოლოდ და მხოლოდ აღფრთოვანებული იქნებით.

წყარო: HBR



გლობალური ბრენდების რედიზაინი სსრკ-ს ვიზუალურ ჭრილში

ჩიტები – როგორც 90-იანი წლების მეკარეების სათამაშო ფორმების ინსპირაცია