in

500 Global-ის რჩეულთა სიაშია QuickShipper – ქართული სტარტაპი ინოვაციური პლატფორმით

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, საქართველოს ბანკისა და 500 Global მხარდაჭერით, მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა აქსელერატორმა ახალი პროგრამის ფარგლებში დამატებით 15 სტარტაპის გადამზადება დაიწყო.

ქართულ სტარტაპებს შორის ერთ-ერთია QuickShipper – Fleet management software, რომელიც ნებისმიერ ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს, ერთი პლატფორმიდან მართოს შემოსული შეკვეთები. არ აქვს მნიშვნელობა, შეკვეთა რომელი არხიდან არის მიღებული, QuickShipper-ის წყალობით, მისი დაბინავება, მომხმარებელთან კომუნიკაცია და შედეგების ანალიზი ბევრად მარტივი იქნება.

QuickShipper-ის დამფუძნებლები მარიამ ახვლედიანი, ილია გიჯაშვილი და ლევან კილაძე არიან, რომლებმაც Marketer-ის კითხვებს უპასუხეს.

M: მოგვიყევით QuickShipper-ის დაარსების იდეაზე და რაში დაეხმარება პლატფორმა მომხმარებელს?

მარიამ ახვლედიანი: 

პროდუქტის იდეა დაახლოებით 1 წლის წინ გაჩნდა, ტესტირება კი 2022 წლის იანვრიდან დავიწყეთ იმის გამოსაკვლევად, თუ რამდენად იყო ბაზარზე მისი მოთხოვნა. 

გავაანალიზეთ სხვადასხვა კურიერის მიერ გავლილი მარშრუტები და დავინახეთ, რომ სწორი ალგორითმითა და ოპტიმალური გადანაწილებით, კურიერებს 20%-ით ნაკლებ მანძილში შეეძლოთ იმავე შედეგების მიღწევა.

ასევე დავინახეთ, რომ კომპანიებსაც აქვთ საჭიროება, რომ გადატვირთულობისას დამატებითი კურიერები დაიხმარონ. 

დავიწყეთ ტესტირება და მოვედით აქამდე, რათა წლის ბოლომდე ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზოთ სრულიად ახალი პროდუქტი, რომლის ანალოგიც  საქართველოსა და რეგიონში არ არსებობს. მსგავსი software-ების პრაქტიკა ამ ეტაპისთვის ძირითადად ამერიკის ბაზარზეა და ჩვენც ისე ვავითარებთ პროდუქტს, რომ არაფრით ჩამოუვარდებოდეს მათ. ვფიქრობთ, ეს ქართული პროდუქტი ძალიან წარმატებული იქნება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გართ. 

M: რით არის გამორჩეული და ინოვაციური თქვენი პროდუქტი/სერვისი?

ილია გიჯაშვილი:

ქვიქშიფერის მიზანია, დაეხმაროს კომპანიებს საკუთარი კურიერებისა და შეკვეთების მაქსიმალურად ოპტიმალურად მართვაში. ეს ნიშნავს, რომ ქვიქშიფერი ეცდება, მინიმალური დანახარჯით, მინიმალური მარშრუტის დაფარვით დააბინავებინოს კურიერებს მაქსიმალური რაოდენობის ამანათი.

ქვიქშიფერის პლატფორმა ბიზნესებს სთავაზობს სრულ კომფორტს:

პლატფორმასთან შესაძლოა გაყიდვების ნებისმიერი არხის ინტეგრირება; ასევე შეკვეთების მანუალურად რეგისტრაცია. კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ, ბრენდის ქვეშ დაარეგისტრირონ მათი თანამშრომელი კურიერები და სამუშაოდ მისცენ ქვიქშიფერის კურიერის აპლიკაცია. შემოსული შეკვეთების საწყისი და საბოლოო მისამართებიდან გამომდინარე, ქვიქშიფერი თავად ადგენს იმ ოპტიმალურ მარშრუტს, რომელიც კურიერმა უნდა გაიაროს. ქვიქშიფერი ასევე აჯგუფებს მსგავს მისამართებს, რათა კურიერს არ მოუწიოს ერთი და იგივე მარშრუტის ზედმეტად გავლა. 

გარდა ამისა, ქვიქშიფერი ბიზნესს საბოლოო მომხმარებელთან კომუნიკაციის მარტივ შესაძლებლობას სთავაზობს: მყიდველებს ეგზავნებათ მოკლეტექსტური შეტყობინება მათი შეკვეთის tracking ბმულით. ამ ბმულზე მათ შეუძლიათ რეალურ დროში, რუკაზე ადევნონ თვალი კურიერის გადაადგილებას.

ინოვაციური მიდგომაა ასევე ქვიქშიფერის ჰაბის ფუნქციონალი: პლატფორმაში ინტეგრირებულია მოწინავე საერთაშორისო და ლოკალური საკურიერო კომპანიები. შესაბამისად, თუ კომპანიის შეკვეთების რაოდენობას მისი თანამშრომელი კურიერი ვეღარ გაუმკლავდება, ბიზნესს შესაძლებლობა ექნება მოიშველიოს სხვა კომპანიის კურიერი, იმავე პლატფორმიდან.

M: რატომ იღებთ მონაწილეობას 500 გლობალის აქსელერაციის პროგრამაში და თქვენი აზრით, რამ განაპირობა თქვენი შერჩევა?

ილია გიჯაშვილი:

500 გლობალი არის პროგრამა, სადაც გეხმარებიან იფიქრო უფრო მასშტაბურად. აქ გეძლევა შესაძლებლობა, პირველ რიგში, აზრებით გაცდე საქართველოს ფარგლებს და სწორად შეაფასო საერთაშორისო ბაზრის პოტენციალი. მოლოდინიც სწორედ ის არის, რომ პროგრამის ბოლოს ყველა ჩვენი გადადგმული ნაბიჯი იქნება იმაზე უფრო მასშტაბური, ვიდრე აქამდე წარმოვიდგენდით.

ვფიქრობ, მთავარი მიზეზი, თუ რატომ აგვარჩიეს, ჩვენი გუნდია. გვყავს ძალიან მაგარი გუნდი და სწორედ ხალხსა და მათ პოტენციალში იდება ყველა მსგავსი პროგრამის რესურსი და ინვესტიცია, რადგან ხალხი განაპირობებს სტარტაპის წარმატებასაც.

M: როგორია თქვენი მიზნები და გეგმები. როგორ გაქვთ წარმოდგენილი თქვენი სტარტაპის განვითარება?

ლევან კილაძე:

ჩვენი მიზანია, ამ წლის ბოლომდე დავასრულოთ პროდუქტზე მუშაობა, რაც მოიცავს ჩვენი მომხმარებლებისგან ნებისმიერი სახის უკუკავშირის შეგროვებასა და გათვალისწინებას. 2023 წლიდან კი უკვე გეგმაში გვაქვს პროდუქტის საზღვრებს გარეთ გატანაც. როგორც ვახსენე, ეს ჩვენს შემთხვევაში შედარებით მარტივია, რადგან ქვიქშიფერი არის სრულიად ციფრული პროდუქტი და მას შემდეგ, რაც დავრწმუნდებით, რომ ყველაფერი ისეა, როგორც ჩვენ გვინდა, შევძლებთ მის გაყიდვას ასევე ციფრული არხების მეშვეობით. აქედან გამომდინარე, ვაპირებთ, რომ მომავალ წელს ჩვენს პროდუქტი უკვე საერთაშორისო ბაზარს გავაცნოთ.

აღსანიშნავია, რომ 500 Global-მა საქართველოში ბიძგი მისცა ადგილობრივი სტარტაპების ზრდასა და განვითარებას. პროგრამის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა კომპანიების მზაობა უცხოური კერძო კაპიტალისთვის. ბევრი მათგანი გაფართოვდა სხვა ქვეყნის ბაზრებზეც, მათ შორის უკრაინაში, უზბეკეთსა და ინდოეთში. როგორც TechCrunch, თავის გამოქვეყნებულ მასალაში ამბობს, 500Georgia-ს მონაწილე კომპანიების ღირებულება 212%-ით გაიზარდა.

Microsoft Teams საშუალებას გაძლევთ, კოლეგები თამაშებში გამოიწვიოთ

Audi S1 Hoonitron – რბოლის მანქანა ბრენდისთვის არნახული მახასიათებლებით