in

რა შედეგებამდე მიგვიყვანს თანამშრომლებისთვის ახალი ვალდებულებების დაკისრება?

დასაქმების სივრცეში სულ ახალი ტერმინები ჩნდება, მაგალითად, ხშირად გვისაუბრია Quiet Quitting-ზე, ანუ იმ თემაზე, როცა თანამშრომლები სამსახურისთვის მინიმალურად იხარჯებიან… ახლა კი ჰორიზონტზე ახალი ფენომენი ჩნდება, რასაც Quiet Hiring-ს უწოდებენ. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ამასთან წელს საკმაოდ ხშირად გვექნება შეხება, თუმცა რა არის ან როგორ იმოქმედებს დღევანდელ სამუშაო გარემოზე?

pasha-statiebi
pasha-statiebi

ეს ხდება მაშინ, როცა ორგანიზაცია ახალ უნარებს იძენს, სრულ განაკვეთზე მომუშავე თანამშრომლების დაქირავების გარეშე. მოკლევადიანი კონტრაქტორების მოყვანასაც შეიძლება მოიცავდეს, მაგრამ ჩვეულებრივ არსებული თანამშრომლებისთვის იმაზე მეტი პასუხისმგებლობის დაკისრებას გულისხმობს, ვიდრე ეს აღწერაში იყო მოცემული. ზოგიერთი შემთხვევა სხვა პოზიციაზე გადასვლასა და შიდა პროექტების აღებასაც მოიაზრებს, — განმარტავს ემილი როუზი, გარტნერის ხელმძღვანელი.

ეს ორგანიზაციისთვის საკმაოდ სასარგებლო ფენომენია, თუმცა რა ხდება თანამშრომლების შემთხვევაში? ისინი ხშირად იმედგაცრუებულნი რჩებიან, არ სურთ, მოირგონ ის როლები, რომლებიც არ აინტერესებთ… ახლა კი, მოდით, ეს საკითხი უფრო დეტალურად განვიხილოთ.

რატომ იმატებს Quiet hiring-ის შემთხვევები?

ორგანიზაციებს დღეს მუშაობა დაქირავების კონკურენტულ გარემოში, ეკონომიკური დაღმასვლისა და ხარჯების შემცირების ზეწოლის ქვეშ უწევთ. ეს ნიშნავს, რომ ახალი ნიჭის მოსაპოვებლად დიდი ბრძოლაა გაჩაღებული, კომპანიები კი პარალელურად საუკეთესო თანამშრომლების შენარჩუნებას ცდილობენ. სიტუაციას კიდევ უფრო ის ართულებს, რომ პერსონალისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი ხშირად ან უცვლელი რჩება, ან მცირდება. სწორედ ამიტომ, არსებული ხარვეზების შესავსებად ბევრ ორგანიზაციას უწევს, ახალი ვალდებულებები ძველ თანამშრომლებს დააკისრონ.

რა სარგებელს მოუტანს Quiet hiring დამსაქმებლებს?

ეს მათთვის საკმაოდ ეფექტური საშუალებაა, რათა საჭირო უნარები მალევე, ზედმეტი ხარჯებისა და დაქირავების პროცესების გავლის გარეშე შეავსონ. საკმაოდ მოქნილიცაა, რადგან შეუძლიათ, რესურსები ბიზნესისთვის საჭირო სფეროებში მარტივად გადაანაწილონ. ამას გარდა, თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება მათ შენარჩუნებაში, ჩართულობისა და პროდუქტიულობის გაზრდაში შეიძლება დაგეხმაროთ. ამის კარგ მაგალითად Google უნდა ჩავთვალოთ…

მაშინ კი, როცა დასაქმებულები კომპანიაში კონკრეტული მოვალეობის შესასრულებლად ვერავის პოულობენ, ექსპერიმენტებს ატარებენ ისეთი ალტერნატივებით, როგორებიცაა კონტრაქტით ან დამატებითი დროებითი თანამშრომლების დაქირავება. მოკლედ რომ ვთქვათ, Quiet hiring ზოგავს კომპანიის დროს, ფულსა და რესურსებს. 

როგორ უნდა გამოიყენონ თანამშრომლებმა Quiet hiring სათავისოდ?

აქ სარგებლის მიღება თანამშრომლებსაც შეუძლიათ. თუ თქვენ ახალი დავალების შესრულება ან ახალ პოზიციაზე გადასვლა გთხოვეს, დაფიქრდით, რა მოლოდინები გაქვთ. თუმცა იმაზე მეტი არ უნდა დააკისროთ თავს, რასაც ვერ გაუმკლავდებით და გამოფიტვამდე არ უნდა მიხვიდეთ. შემდეგ კი მენეჯერთან ერთად იმუშავეთ, რათა თქვენი გაკეთებული საქმეების დოკუმენტირებისათვის წარმატების საზომი შეიმუშაოთ. თუ დამატებით პასუხისმგებლობას იღებთ, სამართლიანი იქნება, ხელფასის გაზრდის მოლოდინი გქონდეთ. თუმცა თუ ფიქრობთ, რომ ეს შეუძლებელია, ისეთი ვარიანტები განიხილეთ, როგორებიცაა ბონუსი, მოქნილი გრაფიკი და დამატებითი თავისუფალი დღეები.

ამასთან, დარწმუნდით, რომ გაქვთ ის გამოცდილება და მხარდაჭერა, რაც წარმატებისთვის არის საჭირო. ახალი დავალებების შესრულების მთავარი უპირატესობა ის არის, რომ თქვენ ასე არსებული უნარების გაუმჯობესება შეგიძლიათ, რითაც მეტად ღირებული თანამშრომელიც ხდებით. ეს ასევე დაგეხმარებათ, თქვენს კოლეგებთან კავშირი სხვა ბიზნეს სფეროებშიც დაამყაროთ და რა იცით, იქნებ, ახალმა სფერომაც დაგაინტერესოთ… მეტიც, დამატებითი ვალდებულების შესრულებისას თუ წარმატებას მიაღწევთ, შეგიძლიათ იგი გამოიყენოთ, როგორც ბერკეტი, მომავალში დაწინაურების საკითხზე საუბრისას. 

საინტერესოა ისიც, რომ კომპანიები, რომლებიც ამ გზით სარგებელს იღებენ, Quiet hiring-ის ეთიკურ მიდგომას ირჩევენ. თანამშრომლებმა არ უნდა იგრძნონ, რომ მათი არსებობით ბოროტად სარგებლობენ. ამიტომ, ხელმძღვანელებმა ახალი დავალებები ისე უნდა წარმოადგინონ, როგორც სწავლის შესაძლებლობა დაწინაურებისა და ხელფასის ზრდისთვის. მაშინ კი, როცა ეს უბრალოდ მოკლევადიანი შეთანხმებაა, რათა კომპანიამ რთული პერიოდი დაძლიოს, მენეჯმენტმა ამის შესახებ უნდა განაცხადოს.

დაბოლოს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ორგანიზაციებისთვის მთავარი პრიორიტეტი თანამშრომლების შენარჩუნებაა, დღეს საუკეთესო დროა, რათა მხარი დაუჭიროთ მათ, იყოთ გამჭვირვალეები და ისინი კარგად შესრულებული სამუშაოსთვისაც დააფასოთ.



50 ფრაზა, რომლებიც თქვენს თანამშრომლებს თავს დაფასებულად აგრძნობინებს

Times Square-ის ბილბორდზე საკუთარი ვიდეოს გაშვება ნებისმიერ მსურველს შეუძლია — PixelStar-ის პროგრამა