3
Nov
2017

„ქვილთის“ ტექნიკით შექმნილი ტილოები – ქართველი ხელოვანის ნამუშევრები ფრანგულ ფესტივალზე!

3 Nov 2017

„ქვილთი“ უძველესი ტექნიკაა, რომელიც პატარ-პატარა ნაჭრებით, ინტერიერის დეკორისთვის დიდი კომპოზიციური ტილოების შექმნას ნიშნავს. ღარიბი ოჯახების გამოსავალიდან, რომელიც სხვადასვა ნაკუწების შეერთებასა და ქსოვილის შექმნას გულისხმობდა, დღეს „ქვილთი“ ერთ-ერთ პოპულარულ მიმართულებად იქცა ევროპასა და ამერიკაში. არსებობს ამ ტექნიკის გამოყენების ქართული მაგალითებიც, თუმცა, დღეისათვის, ჩვენთან ამ სახის ხელობის მიმართ ინტერესი და ცნობადობა დაბალია. ტექსტილის დიზაინერი და ტანსაცმლის ბრენდ „ნინელის“ შემქმნელი – ნინო ჩხაიძე 2009 წლიდან მუშაობს ქვილთის ტექნოლოგიით ინტერიერის დეკორატიულ აქსესუარებზე და სამოსზე. წელს მან საკუთარი ნამუშევრები საფრანგეთში, Carrefour Européen du Patchwork-ის ფესტივალზე გაიტანა, სადაც 36 ქვეყანას შორის, საქართველო, როგორც ქვილთის კუთხით საინტერესო ქვეყანა დაფიქსირდა. თვითნასწავლი ხელოვანის განვითარების დინამიკაზე, გამოწვევებსა და პერსპექტივებზე მარკეტერი ნინო ჩხაიძეს ესაუბრა:

M: რამ გამოიწვია თქვენი ინტერესი ქვილთის ტექნიკის მიმართ და როგორ დაეუფლეთ მას? 
ვსწავლობდი თეატრალურში, ტანსაცმლის დიზაინზე. ბოლო კურსზე, როცა სადიპლომო ნამუშევარი უნდა შემექმნა, აღმოვაჩინე ეს ტექნიკა, ჩემი ლექტორის წყალობით. ძალიან დავინტერესდი და გავაგრძელე მუშაობა ამ დარგში. ქვილთი არ არის პოპულარული მიმართულება საქართველოში. ამერიკასა და  ევროპაში კი ძალიან განვითარებული და მოთხოვნადია. როცა აღმოვაჩინე ეს, უფრო მეტად დავინტერესდი უცხოური ბაზრის შესწავლით, რადგან ვფიქრობ, რომ ქართული კულტურა ქვილთის მიმართულებით, უცხოურ ბაზარზე დიდი პოტენციალის მქონეა. დავიწყე მუშაობა ჩემს თავზე და ქვილთის სწავლას თვითონ შევუდექი.

M: როგორი იყო თქვენი თვითგანათლებისა და განვითარების დინამიკა ქვილთის მიმართულებით?
დაახლოებით, 2009 წლიდან, ნელ-ნელა დავიწყე, 2010 წლიდან უკვე მქონდა გამოფენები საზღვარგარეთ. პირველად საფრანგეთში, ქართული სახლის გახსნაზე წავედი, ეს იყო 2010 წელს, გავიტანე ჩემი რამდენიმე ნამუშევარი და იქ ძალიან ბევრი ფესტივალის წარმომადგენელი დაინტერესდა ჩემით. 2015-ში, ჩემი პროექტი გავაკეთე, იმისათვის რომ შემესწავლა უცხოური ბაზარი, ის თუ რა ტენდენციებია იქ, როგორი ჩართულობაა და გამეგო, საქართველოში როგორ შეგვიძლია განვავითაროთ ეს სფერო. უცხოელები ძალიან დაინტერესდნენ ჩემი ნამუშევრებით, მათ უმეტესობას, საქართველოს შესახებ საერთოდ არ ჰქონდა ინფორმაცია, თვითონ მიმიწვიეს წლევანდელ ფესტივალზე, სადაც ვიყავი და წარვადგინე საქართველო, როგორც დამოუკიდებელი, ქვილთის მიმართულებით საინტერესო ქვეყანა.

M: ფესტივალის შესახებ მოგვიყევით, რა მნიშვნელობას ატარებს ის?
ეს არის ყოველწლიური საერთაშორისო ფესტივლი, რომელიც წელს 23-ედ ჩატარდა. ფესტივალის ადგილი არის ძალიან პატარა, ტურისტული ქალაქი საფრანგეთში, Alsace-ს რეგიონში, სადაც პირველად ჩასახლდა ის ხალხი, ვინც დაიწყო ამ ტექნოლოგიაზე მუშაობა. მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია მონაწილეობა, წელს 36 ქვეყანა იყო წარმოდგენილი და ამ 36 ქვეყანას შორის იყო საქართველოც, ჩემი ნამუშევრების სახით. ეს არის ის ადგილები, რომელიც ტურისტულად საინტერესო და მიმზიდველია.

M: ფესტივალში მონაწილეობის შედეგად, რა გამოხმაურებები და რა შეთავაზებები მიიღეთ?
ძალიან ეუცხოვათ ქვილთის ქართული სტილი, იმიტომ, რომ უფრო ქართულ ხასიათში ვმუშაობ და თვითნასწავლობაც გარკვეულ სიახლესა და ხიბლს სძენს ამ მიმართულებას. ზოგადად, დიდი ასაკის ხალხია ამ საქმით დაკავებული და ახალგაზრდას დანახვაც გაუკვირდათ. ჩვენ ამდენი წელი ვუნდებით გაკეთებას და შენ როგორ მოასწარი სრულყოფილად, ამდენი რამის სწავლა და გაკეთებაო – უკვირდათ. ძალიან მოეწონათ განსხვავებული სტილი და პეიზაჟები, საქართველოს ხედები და ორნამენნტები, თავისთავად, მიმზიდველია, როცა ამ ტექნიკით ასრულებ, ეს კიდევ უფრო მეტ აღფრთოვანებას იწვევს უცხოელებში. ძალიან უნდათ, რომ შემდეგ პროექტშიც მივიღო მონაწილეობა, იყო შემოთავაზებები სხვადასხვა ქვეყნიდან, ამერიკაშიც ვგეგმავ ვიზიტს, შვეიცარიაც არის დაგეგმილი, გარდა ამისა, ტოკიოდანაც მაქვს მოწვევა. საფრანგეთში მქონდა ინტერვიუები ადგილობრივ ჟურნალებთან, დეკემბერში გამოვა ერთ-ერთ მნიშვნელოვან ჟურნალი, რომელშიც დაიბეჭდება მცირე სტატია საქართველოსა და ჩემ შესახებ. ტექსტილით შესრულებული პირველივე სავიზიტო, რაც ოთახში შემოსვლისას დამთვალიერებელს ხვდებოდა იყო საქართველოს რუკა, რაზეც ცალკე რეაქცია ჰქონდათ და თქვეს, რომ კარგი იქნება, თუ ყველა მონაწილე ამგვარად წარმოაჩენს საკუთარ ქვეყანას.

M: როგორია თქვენი ნამუშევრების შექმნის პროცესი? მთლიანად ხელით ასრულებთ, თუ გაქვთ მციცრე ტექნიკური ჩარევის საჭიროებაც?
ყველა სახის კომპოზიცია, რაც იქმნება ამ პატარ-პატარა ნაკუწებით, ხელით იჭრება, მუშავდება, იკერება და ა.შ. ამ ტექნიკით ახალი ქსოვილის შექმნაც შეგიძლია. რამდენიმე მეთოდით, რამდენიმე ქსოვილი რომ გააერთიანო, მოხატო და ეს ძალიან მრავალფეროვანი მიმართულებაა. არ ვარ შეზღუდული ნამუშევრების თემატიკასა თუ ფორმებში, თუმცა, ფესტივალისთვის ვეცადე, რომ ქართული ხასიათი შემერჩია, წარმომეჩინა, რადგან პირველი წადგენა იყო. შევეცადე ხაზი გამესვა ქვეყნისთვის, იმისთვის, თუ საიდან ვარ და რა კულტურის წარმომადგენელი ვარ.

M: საერთაშორისო შემოთავაზებების ფონზე, რა მიმართულებით გეგმავთ განვითარებას და აისახება თუ არა თქვენი გეგმები ქართულ ბაზარზე ქვილთის ტექნიკის პოპულარიზაციაზე?
ფესტივალზე იყვნენ სპონსორი კომპანიები, მათ შორის, საკერავი მანქანების ბრენდი „ბერნინა“, რომლისგანაც მაქვს დიდი შემოთავაზება. მაქვს მიწვევები შვეიცარულ და ამერიკულ ფესტივალებზე. გარდა ამისა, საფრანგეთში, ერთ-ერთ ტრენინგზე ვარ მიწვეული, როგორც სპიკერი და ქვილთის ტექნიკის გამოცდილი ოსტატი, რაც ძალიან დიდი პატივია ჩემთვის. აქამდე, ჩემი მთავარი მიზანი იყო ის, რომ საერთაშორისო ბაზარზე გასულიყო ქართული პროდუქტი. დღეისათვის, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთან, ქვილთის მიმართულებით ძალიან მცირე მოთხოვნაა, მინდა მოვიწვიო საერთაშორისო ოსტატები და აქაც დავგეგმო გარკვეული ღონისძიებები. წარმოვაჩინო ის, თუ როგორი მნიშვნელობა ენიჭება ამ ხელობას საზღვარგარეთ და ვფიქრობ, ამის შემდეგ, საქართველოც გახდება საკმაოდ აქტიური ამ დარგში.

განხილვა