in

საძიებო სისტემების ევოლუცია და „AI-აგენტური შოპინგი“ – როგორ ცვლის Quissly ელექტრონულ კომერციას

ალბათ, ონლაინ შოპინგისას ყველას გამოგვიცდია ის იმედგაცრუება, როცა საძიებო ველში ჩაწერილი სიტყვების საპასუხოდ, ვერაფერს ვპოულობთ. იმ ეპოქაში, როცა ხელოვნურ ინტელექტთან საუბარი ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად იქცა, მომხმარებელი ბუნებრივად ელის, რომ ტექნოლოგია მის ენასა და კონტექსტს უშეცდომოდ გაიგებს. მიუხედავად ამისა, ელ-კომერციის საძიებო სისტემების უმეტესობა დღესაც მოძველებული პრინციპით მუშაობს. სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად შეიქმნა Quissly – ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სტარტაპი, რომელიც ონლაინ მაღაზიებს პროდუქტების მოძიების სრულიად ახალ გამოცდილებას სთავაზობს. Quissly-ის ტექნოლოგია ზუსტად ხვდება მომხმარებლის განზრახვას, აანალიზებს ფოტოებს და გაყიდვების ზრდას უწყობს ხელს.

დღეს, Quissly 12 ქვეყანაში 50-ზე მეტ კორპორაციას ემსახურება, თვეში 80 მილიონზე მეტ მოთხოვნას ამუშავებს, მოპოვებული აქვს 500 Global-ის ინვესტიცია და არაერთი საერთაშორისო აღიარების შემდეგ, აშშ-ის ბაზრის მასშტაბურად ასათვისებლად ემზადება. რას სთავაზობს ბაზარს Quissly და როგორია სამყარო, სადაც ადამიანების ნაცვლად შოპინგს მათი პერსონალური AI აგენტები განახორციელებენ, Quissly-ის თანადამფუძნებელი, თაზო ლეჟავა გვიყვება.

M: როგორ გამოიკვლიეთ ბაზარზე არსებული საჭიროება და მიხვედით Quissly-ის შექმნის გადაწყვეტილებამდე?

იდეა ელ-კომერციის ინდუსტრიაში, კერძოდ, ავეჯის მიმართულებით (Homeview.ai) მიღებული პრაქტიკული გამოცდილებიდან დაიბადა. თიბისიში მონაცემთა მეცნიერისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობამ კიდევ უფრო ნათლად დამანახა ის უზარმაზარი აცდენა, რაც მომხმარებლის რეალურ საჭიროებებსა და ტრადიციული საძიებო სისტემების შესაძლებლობებს შორის არსებობს.

სტატისტიკის თანახმად, მომხმარებელთა 69% პირდაპირ ძიების ველს იყენებს, თუმცა 76% სასურველ შედეგს ვერ პოულობს. ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაუარესდა მას შემდეგ, რაც ChatGPT-ის ყოველდღიურმა მოხმარებამ ადამიანები ჭკვიან სისტემებთან საუბარს მიაჩვია. ტრადიციული საძიებო სისტემები კი კვლავ „სიტყვებს“ ეძებენ და არა „შინაარსს“. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც ელ-კომერციაში ამ პრობლემას ძირეულად მოაგვარებდა.

M: რას მოიცავს Quissly-ის კონცეფცია და როგორია თქვენი მთავარი ბიზნესმოდელი?

Quissly პროდუქტების აღმოჩენის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ინფრასტრუქტურაა. ჩვენი მთავარი კონცეფცია მოძველებული, მხოლოდ საკვანძო სიტყვებზე დამოკიდებული საძიებო სისტემების თანამედროვე ტექნოლოგიით ჩანაცვლებაა.

დღეს, მომხმარებლისთვის AI ჩატბოტებთან კომუნიკაცია სრულიად ბუნებრივი პროცესია. ჩვენი ინფრასტრუქტურაც სწორედ ადამიანურ ენასა და ვიზუალურ კონტექსტს აღიქვამს, რითაც ის იქცევა მძლავრ ძრავად როგორც საძიებო სისტემებისთვის, ისე ხელოვნური ინტელექტის აგენტური გამოცდილებისთვის. ვოპერირებთ B2B SaaS მოდელით. ეს გულისხმობს კომპანიებისთვის სააბონენტო მომსახურების შეთავაზებას, სადაც ტარიფი ვებსაიტის ტრაფიკსა და მომართვიანობაზეა დამოკიდებული.

M: როგორ ეხმარებით კომპანიებს პროდუქტების ხილვადობის გაზრდასა და მომხმარებლების მოზიდვაში?

სტანდარტული სისტემები მარტივად იბნევიან ისეთ სიტუაციებში, როცა მომხმარებელი უშვებს ორთოგრაფიულ შეცდომას, იყენებს ლათინურ შრიფტს (მაგ.: “macivari”), ბარბარიზმებს (მაგ.: მაიკა) ან საერთოდ, კონტექსტური შინაარსით ეძებს ნივთს (მაგ.: „კაბა ქორწილისთვის“). ჩვენი სისტემა QSearch მომენტალურად აანალიზებს მომხმარებლის რეალურ განზრახვას და აბრუნებს ზუსტ შედეგს. ამ მიდგომით, ფაქტობრივად, ვაქრობთ „0 შედეგის“ პრობლემას პლატფორმაზე და დაკარგულ ძიებებს პირდაპირ რეალურ გაყიდვებად ვაქცევთ.

M: რას აერთიანებს თქვენი მომსახურება და ვინ არიან თქვენი ძირითადი მომხმარებლები?

ჩვენი მომსახურება ორ მთავარ პროდუქტს აერთიანებს: QSearch (ჭკვიანი ძიება) და QChat  – ციფრული AI ასისტენტი ომნიჩენელ მხარდაჭერით – Web, WhatsApp, Messenger, Instagram.

ჩვენი ძირითადი მომხმარებლები საშუალო და მსხვილი ონლაინ მაღაზიები და მარკეტფლეისები არიან, რომლებსაც მასშტაბური კატალოგი აქვთ და კონვერსიის გაზრდა სურთ. წარმატებული ქეისების დაგროვებასთან ერთად, ჩვენით სხვა ინდუსტრიის წარმომადგენლებიც დაინტერესდნენ – კომპანიები, რომლებსაც პირდაპირი ონლაინ გაყიდვები არ აქვთ, მაგრამ მომხმარებლისთვის თანამედროვე, ციფრული გამოცდილების შეთავაზება ესაჭიროებათ.

M: რა არის თქვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა?

ჩვენი უმთავრესი უპირატესობა არის მომხმარებლის განზრახვის სწორად დაკავშირება პროდუქციის კატალოგთან. ჩვენმა სისტემამ სიღრმისეულად იცის მეტადატა, ტექსტური აღწერა და ფოტოებიც კი, ამასთან, აქვს ზოგადი ტრენდების ცოდნა და სრული ვების ინფორმაცია კონტექსტისთვის. ასევე, ჩვენთან ე.წ. ხელით შესრულებული სამუშაო ნულოვანია – კონკურენტი სისტემები (როგორიცაა Elasticsearch) იდეალურად მოწესრიგებულ კატალოგსა და ტეგებს ითხოვენ, ხოლო ფასიან ვენდორებთან (როგორიცაა Algolia) ინტეგრაცია ღრმა საინჟინრო რესურსს მოითხოვს.

Quissly-ის მულტიმოდალური ტექნოლოგია უპრობლემოდ მუშაობს სრულიად „არეულ“ მონაცემებზეც. ჩვენი AI თავად კითხულობს და აანალიზებს პროდუქტის ფოტოებსა თუ აღწერებს, შესაბამისად, მაღაზიას კატალოგის ხელით მოწესრიგებაზე დროის დახარჯვა აღარ უწევს. ხშირად მიიჩნევენ, რომ სხვა AI ჩატბოტები ჩვენი პირდაპირი კონკურენტები არიან, თუმცა ეს იგივეა, 15 წლის წინ რომ გვეთქვა, ყველა მობილური აპლიკაცია ერთმანეთის კონკურენტიაო. AI ჩატბოტი არის ახალი გამოცდილება და დღეს მისი აწყობა კოდის წერის გარეშეცაა შესაძლებელი. ჩვენთვის ის მხოლოდ ერთ-ერთი არხია პროდუქტების აღმოსაჩენად, მთავარ ღირებულებას კი სწორედ ის უნიკალური საძიებო სისტემა ქმნის, რომელიც თავად შევქმენით და რომლითაც ძალიან ვამაყობთ.

M: ამ დროისათვის, როგორია თქვენი შედეგები?

ამჟამად, 12 ქვეყანაში 50-ზე მეტ ენთერპრაიზ კომპანიას ვემსახურებით და თვეში 80 მილიონზე მეტ მოთხოვნას ვამუშავებთ. ჩვენს პირველ კლიენტთან, Extra.ge-სთან, სისტემის დანერგვამ ძიებიდან ყიდვამდე კონვერსია 50%-ით გაზარდა.

გარდა ამისა, მოვიპოვეთ 500 Global-ის ინვესტიცია. წლევანდელი წელიც საერთაშორისო აღიარებებით დავიწყეთ: Vestbee-მ ევროპის ტოპ 100 სტარტაპს შორის დაგვასახელა, გავხდით Global Startup Awards-ის რეგიონალური გამარჯვებულები და მაისში გლობალურ ფინალში მივიღებთ მონაწილეობას. სულ ახლახან კი, პირველი ადგილი დავიკავეთ SelectUSA Tech Pitch Competition-ში.

M: გვიამბეთ გუნდზე – ვინ ქმნის Quissly-ს?

გუნდი უმაღლესი დონის ტექნოლოგიურ და ბიზნეს გამოცდილებას აერთიანებს. ჩვენ ჯერ კიდევ მაშინ ვმუშაობდით ხელოვნური ინტელექტის მოდელებზე, სანამ ChatGPT გამოჩნდებოდა. პირადად მე, ამერიკაში AI მოდელებით $6.5-მილიარდიან ფონდს ვმართავდი, ხოლო თანაგუნდელებთან ერთად შექმნილი გვაქვს არაერთი პროდუქტი, მათ შორის, Gen AI-ზე დაფუძნებული, რომლებიც მილიონობით ადამიანს ემსახურებოდა. როდესაც დავინახეთ, რომ ელ-კომერციაში მონაცემების დამუშავების კუთხით კრიტიკული ჩავარდნა იყო, გადავწყვიტეთ, ჩვენი ენთერპრაიზ გამოცდილება ამ სექტორისთვის მოგვერგო და მსოფლიო დონის ტექნოლოგია შეგვექმნა.

M: როგორია კომპანიის მთავარი სამომავლო მიზანი?

უახლოესი მიზანი აშშ-ის ბაზარზე შესვლაა, რისთვისაც პირადად მე, რელოკაციას ვგეგმავ. წლის ბოლოსკენ ვხურავთ ე.წ. Seed რაუნდს, რაც ამერიკის ბაზრის ათვისებისას კიდევ უფრო აგრესიული ნაბიჯების გადადგმის საშუალებას მოგვცემს.

რაც შეეხება გლობალურ ხედვას, ის Agentic Commerce-ს უკავშირდება. მომავალში, ადამიანების ნაცვლად, შოპინგს მათი პერსონალური AI აგენტები განახორციელებენ. ჩვენ ვქმნით B2A (Business-to-Agent) პროტოკოლს, რომელიც მაღაზიებს დაეხმარება, რომ მათი კატალოგები მომავლის AI აგენტებისთვისაც მარტივად „წაკითხვადი“ და ხელმისაწვდომი გახდეს.


სტარტაპ Quissly-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა 27 მარტს, Marketing Forum 2026-ის ფარგლებში შეგეძლებათ. ღონისძიება Marketer.ge-ის ორგანიზებით, სასტუმრო „ტელეგრაფში“ გაიმართება. ბიზნესისა და მარკეტინგის სფეროში ჩართულ ადამიანებსა და კომპანიებს მიეცემათ შესაძლებლობა, ერთმანეთს გააცნონ საკუთარი ბრენდები, სერვისები, B2B ფორმატში გააღრმავონ კავშირები და დაამყარონ ახალი ურთიერთობები, ასევე მოისმინონ სხვადასხვა წარმატებული მარკეტინგული ქეისი. დღის განმავლობაში, ფორუმი 1,000-ამდე ვიზიტორს უმასპინძლებს.

არ გამოტოვოთ Bolt Plus-ის კვირეული 23-დან 30 მარტამდე

27 მარტამდე დარეგისტრირდი ევერესტის ოლიმპიადაზე – საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი