in

როგორი იქნება სასტუმრო „ქვევრი“?!

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში სასტუმრო „ქვევრი“ შენდება. პროექტი უკვე დამტკიცებულია. ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი კლდიაშვილი ამბობს, რომ სამშენებლო სამუშაოებს აპრილში დაიწყებენ. კომპლექსში ჩვეულებრივი ნაგებობის გარდა, ქვევრის ფორმის კოტეჯები შედის. მისი დამფუძნებლების მთავარი მიზანი ქართული ღვინისა და კულტურის საერთაშორისო დონეზე პოპულარიზაციაა.

გიორგი კლდიაშვილი: ეს იქნება საერთაშორისო სტანდარტების, მაღალი დონის სასტუმრო. მთლიანი ტერიტორია 3 ჰექტარია. კომპლექსში შედის მთავარი შენობა, სადაც არის 15 ნომერი, საკონფერენციო დარბაზი, ქართული კერძების რესტორანი, ბარი, ტერასა, აუზები, საბავშვო გასართობი ადგილი. სასტუმროს ტერიტორიაზე გავაშენებთ ყურძენს და მთლიანად გავამწვანებთ. რაც შეეხება ქვევრებს, პირველ ეტაპზე, იქნება 20 ცალი.

M: როგორი იქნება ქვევრები შიგნიდან?

გ.კ. :  წარმოიდგინეთ, კოტეჯი, დაახლოებით, 30 კვ/მ.  მყარი და გამძლე ნაგებობა, ძალიან კარგი თერმორეგულაციით, ინტერნეტით და სხვა სახის კომუნიკაციებით. ექნება 2.5 მ/3მ-ზე ვიტრაჟული შესასვლელი, საიდანაც პირდაპირ იშლება ხედი კავკასიონსა და ალაზნის ველზე. შალაური თელავის ცენტრიდან ხელის გულივით მოჩანს. ამიტომ, განათებული ქვევრები ძალიან ლამაზი სანახავი იქნება ქალაქიდან. ამ კონსტრუქციას გარედან ექნება ქვევრის ფორმა, შეფერილობა და ვიზუალი. რაც მთავარია, თითოეულ ქვევრს ქართული ღვინის სახელები ერქმევა. ინტერიერზე ახლა ვმუშაობთ. თუმცა, გეტყვით, რომ ეს ოთახებიც საერთო კონცეფციას დაუკავშირდება და ქართული კულტურისა და ღვინის ელემენტებით იქნება გაჯერებული.

M: მიზანი რა არის, რატომ გაგიჩნდათ ასეთი კომპლექსის აშენების იდეა?

გ.კ. :  გვსურს, ქართული ღვინისა და კულტურის პოპულარიზაციას შევუწყოთ ხელი. ამიტომ, კომპლექსში ეს ყველაფერი ჰარმონიულად  იქნება შერწყმული დასასვენებელ ინფრასტრუქტურასთან. გვინდა, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა, ტურისტმა გაიგოს ამის შესახებ. 

M: ანუ, ძირითადი სამიზნე სეგმენტი ტურისტები იქნებიან . . .

გ.კ. : დიახ, ძირითადად, ტურისტებისთვის იქნება „ქვევრი“. გვინდა, ქართული ღვინოსა და კულტურას საერთაშორისო დონეზე გავუწიოთ პოპულარიზაცია.

M: როდის მიიღებს „ქვევრი“ პირველ სტუმრებს?

გ.კ. : წელს ვგეგმავთ სასტუმროს გახსნას. ზუსტად გამიჭირდება ვადებზე საუბარი, გააჩნია, როგორი წავა მშენებლობის პროცესი, მაგრამ ჩვენი გეგმა ასეთია: 2019 წლის ბოლომდე უნდა გავხსნათ.

 

 

 

 

 

GoT-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს იღებენ

#წერტი – “აგროქიზიყის” ფერმერული ნაწარმი თბილისში