4
Jun
2019

აჟღერებული ქვევრი, ანუ როგორია Qvevri Sound System?

4 Jun 2019

Startauperi
Startauperi


ქართული ტრადიციების “გათანამედროვება” რომ საინტერესოდ შეიძლება, ამაში არაერთხელ დავრწმუნდით.. ყველაფერი ხომ რაღაც დონეზე ტრანსფორმაციას განიცდის.. 2 თვის წინ ცნობილი გახდა, რომ თელავში სასტუმრო “ქვევრი” აშენდება, ქვევრის ფორმის კოტეჯებითურთ. სულ ახლახან კი ქვევრის აუდიოსისტემა – Qvevri Sound System შეიქმნა, რომლის იდეის ავტორიც ვლადიმერ ჩიკვილაძეა. აჟღერებული ქვევრის, სამომავლო გეგმებისა და ზოგადი კონცეფციის შესახებ Marketer.ge ვლადიმერს გაესაუბრა:

M: როდის და საიდან გაჩნდა Qvevri Sound System-ის შექმნის იდეა?

რამდენიმე წლის წინ მეგობრის მარანს ვსტუმრობდი. პირღია ქვევრის ხილვისას მისი მუსიკალურად აჟღერების იდეა გამიჩნდა. მას შემდეგ ეს აზრი არ მასვენებდა, სხვადასხვა ზომის ქვერიც კი შევიძინე შროშაში, თუმცა, არც თუ ისე იოლი აღმოჩნდა შესაბამისი ზომისა და ერთნაირი წყვილი ქვევრის შერჩევა. მათი აჟღერების იდეა ფიქრებსა და წარმოდგენაში თანდათან დაიხვეწა და უკვე შემიძლია Qvevri Sound System წარვადგინო, როგორც საბოლოო პროდუქტი. 

M: რითია ეს მოწყობილობა ინოვაციური და მნიშვნელოვანი?

ცოდნასა და გამოცდილებაზე დამყარებული სწორი გამოთვლებისა და შესაბამისი მომზადების შემდეგ ყველა მოცულობის აჟღერება შეიძლება. რაც შეეხება პროდუქტის ინოვაციურობას, იგი წარმოადგენს უძველესი ქართული ტრადიციული დიზაინის მქონე ღვინის ჭურჭლისა და თანამდროვე ტექნოლოგიების სინთეზს, რაც მას  არამარტო საინტერესოს და ვიზუალურ-ესთეტიურად მიმზიდველს ხდის, არამედ ბგერასაც ბუნებრივ და სასიამოვნო ჟღერადობას ანიჭებს.  მსგავსი პროდუქტის, მაშასადამე, ქვევრის აკუსტიკური სისტემისათვის გამოყენების შესახებ არასდროს მსმენია. ყოველ შემთხვევაში, მსგავსი ინფორმაცა არ მოიპოვება. 

M: თუკი ფლობთ ინფორმაციას, საქართველოში აუდიოსისტემები იწარმოება სადმე?

აუდიოსისტემების ოფიციალური წარმოება საქართველოში არ არსებობს. გასული საუკუნის 90-იან წლებში მიმდინარე პოლიტიკური კოლიზიების ფონზე ქართული მუსიკისა და აკუსტიკის მოყვარულებს მხოლოდ იმ პროდუქციით დაკმაყოფილება გვიწევდა, რაც ოჯახებსა თუ პირად კოლექციებში მოიპოვებოდა. აღნიშნული კი იძულებულს გვხდიდა, საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების ფარგლებში შეგვექმნა სხვადასხვა ხარისხის აუდიო სისტემები. მეც ერთ-ერთ მათგანს წარმოვადგენ – მრავალწლიანი გამოცდილების, სამეცნიერო ლიტერატურისა და ცნობილი აუდიო სისტემების მწარმოებელთა პროდუქციის, წარმოების ტექნოლოგიების გაცნობის, პროფესიონალებთან უშუალო კონტაქტებისა და მუდმივი ექსპერიმენტების შედეგად, ჩემი ჰობი დავხვეწე და შესაბამის დონემდე მივიყვანე. Qvevri Sound System სწორედ ერთ-ერთი წარმატებული ექსპერიმენტის ნაყოფია. ქვევრის, როგორც სპეციფიკური აკუსტიკის მქონე ჭურჭლის სწორად აჟღერება საკუთარ თავს გამოწვევად დავუსახე. შედეგი კი მნახველმა და მსმენელმა განსაჯოს.

M: რატომ შეარჩიეთ ქვევრის ფორმა – რით კავშირდება თქვენთვის ჟღერადობა და ქვევრი?

როგორც აღვნიშნე, ქვევრის სწორად და ყურისთვის სასიამოვნოდ აჟღერება ერთგვარ გამოწვევად მივიღე. საყვარელ საქმეზე უზომოდ შეყვარებულთათვის ეს გრძნობა უცხო არ უნდა იყოს. ექსპერიმენტმა წარმატებით ჩაიარა, რასაც დიდი მოწონება ხვდა წილად აუდიო და ზოგადად, ხარისხიანი მუსიკის მოყვარულთა მხრიდან. თუმცა, ჯერჯერობით Qvevri Sound System-ის “წარდგენა” მოხოლოდ არაოფიციალურ, სახლის პირობებში ხდება. სისტემაში გამოყენებულია მაღალი ხარისხის დინამიკები. რაც შეეხება დიზაინს, იგი შექმნილია ნატურალური  მასალების (ტყვი, ხე, კანაფის თოკები) გამოყენებით, ჩადებულია დიდი შრომა და სიყვარული.

M: თუ აპირებთ მსოფლიო ბაზარზე გასვლას და რა არის მთავარი მესიჯები, რომელთა გაჟღერებაც გინდათ ამ პროდუქტით?

ჩემი მხრიდან, შესაძლოა, თამამად ჟღერდეს, მაგრამ ვთვლი, რომ Qvevri Sound System-ს ნამდვილად შეუძლია, თავისი ადგილი დაიმკვიდროს როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. მართალია, ჯერ-ჯერობით მხოლოდ ერთი ეგზემპლარი მაქვს შექმნილი, მაგრამ ბევრი დიზაინი და მათი კონსტრუირების გზები ნათლად მაქვს წარმოდგენილი. არ დავმალავ, ხშირად მიფიქრია ჩემ მიერ შექმნილი აუდიო სისტემების ქვეყნის გარეთ გატანაზე, რასაც სამწუხაროდ, მხოლოდ ოცნების ელფერი დაკრვდა. მომხმარებლის მრავალფეროვანი ინტერესების დაკმაყოფილებაზე ორიენტირებული შეკვეთების განსახორციელებლად მზად ვარ, თუმცა როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიო ბაზარზე გასვლას პროფესიონალ დამხმარე ძალასთან ერთად, მთელი რიგი საორგანიზაციო საკითხების მოგვარება და შესაბამისი ბიუჯეტი ესაჭიროება. 

Qvevri Sound System-ის უმთავრესი მესიჯი არის ის, რომ ღვინის სამშობლოში, რითაც ესოდენ ამაყობს ჩვენი ქვეყანა, იქმნება მის უძველეს ტრადიციებთან მჭიდროდ დაკავშირებული კიდევ ერთი პროდუქტი. გარდა პირდაპირი დანიშნულებისა (ვგულისხმობ მუსიკას), იგი წარმოადგენს ჩვენი ფესვებით ტკბობისა და უცხოელთათვის ქართული ტრადიციების განსხვავებული კუთხით წარდგენის კიდევ ერთ ორიგინალურ საშუალებას.  

M: რისთვის შეიძლება გამოვიყენოთ ეს სისტემა/ტექნიკურად რა შესაძლებლობას იძლევა?

ვფიქრობ, Qvevri Sound System-ის საკონცერტო და საკლუბო მიზნებით შექმნა და გამოყენება არ არის მიზანშეწონილი. მე მას ვხედავ საცხოვრებელ სახლებში, ფოლკლორულ დარბაზებში (შოუ-რუმებში), კერძო თუ ღვინის მწარმოებელი ქარხნების მარნებში, ტრადიციული ქართული დიზაინის სასტუმროების რესტორნებში, ქართული ღვინის სადეგუსტაციო ღონისძიებებზე. ვფიქრობ, იგი ასევე დაამშვენებს საზღვარგარეთ ქართული კულტურის დღეებს, საელჩოებსა და საკონსულოებს – ყველა იმ ადგილსა და ღონისძიებას, სადაც ქართული სული და ტრადიციები ტრიალებს. შესაძლებელია მცირე ზომის სისტემების შექმნა კომპიუტერებისათვისაც. 

M: მთლიანად საქართველოში შეიქმნა თუ დეტალები საზღვარგარეთიდან ჩამოიტანეთ?

საქართველოში მხოლოდ ქვევრებია წარმოებული. სამწუხაროდ, სხვა დანარჩენი მასალა თუ დეტალები საზღვარგარეთ არის წარმოებული და ზოგიერთი მათგანი შეძენილია ონლაინ მაღაზიების საშუალებით. 

M: სანამ შექმნიდით, რა გამოცდილება/კომპეტენცია გქონდათ ამ კუთხით?

დავიბადე და გავიზარდე უმაღლესი განათლებისა და კომპეტენციის მქონე ელექტროინჟინრების ოჯახში და მეც შესაბამისი განათლება მივიღე. თუმცა, ჩემი მუსიკისადმი სიყვარული ღრმა ბავშვობიდან გააღვივა ისეთი ოჯახების სტუმრობამ, სადაც მსოფლიო კლასიკად ქცეული უცხოელი არტისტებისა და ბენდების შედევრებს იმ დროისათვის მაღალი ხარისხის აკუსტიკური სისტემებით უსმენდნენ. აქედან დაიწყო ჩემსა და აკუსტიკურ სისტემებს შორის სასიამოვნო და ინეტერსით სავსე ურთიერთობა. 90-იანი წლებიდან მოყოლებული, უამრავი სხვადასხვა სახისა და სპეციფიკის მქონე როგორც პირად, ასევე მომხმარებლის მოთხოვნაზე მორგებული აკუსტიკური სისტემა შევქმენი. ყოველთვის დიდი სიამოვნება იყო და არის ჩემი ნახელავით კამყოფილი და აღფრთოვანებული ადამიანების ხილვა. მრავალწლიანმა პრაქტიკამ, ექსპერიმენტების სიყვარულმა, იდეების მოზღვავებამ ჩემი კომპეტენცია ამ სფეროში დღითი დღე გაზარდა და მოვედი დღემდე. 

M: როგორი სამომავლო გეგმები გაქვთ?

ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, ხარისხიანი აკუსტიკური სისტემებისა და მუდმივი ექსპერიმენტების მიმართ ჩემი სიყვარული არ განელდება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი კიდევ უფრო გაღრმავდება და ახალი და ახალი იდეების კორიანტელში, ჩვეულ დინამიურ რიტმში გავაგრძელებ ცხოვრებას. ყოველთვის რეალისტი ვიყავი და შესაბამისად, არასოდეს მიფიქრია აკუსტიკური სისტემების სერიული წარმოების შექმნაზე საქართველოში, რაც უდავოდ უამრავ პრობლემასთანაა დაკავშირებული. მიუხედავად იმისა, რომ აკუსტიკური სისტემების შექმნა ჩემი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვან და საყვარელ საქმიანობას წარმოადგენს, ვმუშაობ ერთ-ერთ სერიოზულ კომპანიაში, რასაც დროის სერიოზული ნაწილი მიაქვს. თუმცა, შეუძლებელი არაფერია. ვთვლი, რომ ქვევრის აჟღერების იდეას აქვს საიმისო პოტენციალი, რომ ღირსეული ადგილი დაიკავოს ბაზარზე და დაიმსახუროს როგორც მოყვარულების, ასევე პროფესიონალი მუსიკოსების დაინტერესება. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ ამ წამოწყებას ოფიციალური პროექტის სახე მივცე. უმაღლესი ხარისხის უზრუნველსაყოფად მოლაპარაკებები მიმდინარეობს ხმის სისტემის მწარმოებელ (დინამიკების) წამყვან კომპანიებთან. მზად ვარ, ვითანამშრომლო იდეით დაინტერესებულ პირებთან როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთაც. ბაზრის გამოწვევები და მომხმარებელთა უპირატესობები საუკეთესო გზამკვლევი იქნება სამომავლო განვითარებისათვის.

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

განხილვა