in

ჩემპიონის ტიტული საერთაშორისო დაჯილდოებაზე – „ვაზისუბნის მამულის” ღვინის წარმატება

International Wine Challenge ღვინის საერთაშორისო დაჯილდოებაა. ის ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი, მიუკერძოებელი და მკაცრად შემფასებელი კონკურსი, სადაც მხოლოდ საუკეთესოთა შორის საუკეთესო ღვინის ბრენდები ხვდება. 

ამ მოცემულობის გათვალისწინებით, სასიამოვნოა იმ სიახლის გაგება, რომ IWC 2024-ზე გამარჯვებულის ტიტული ქართულმა ღვინომ მიიღო. მაღალი კონკურენციის პირობებში, საერთაშორისო წარმატება „ვაზისუბნის მამულმა” მოიპოვა ღვინით – „ქვევრის ქისი 2021″. ეს არის პირველი ქართული, ქარვისფერი ღვინო, რომელმაც ოქრო, ტროფი და ბოლოს ჩემპიონობა დაიმსახურა.

შეგახსენებთ, რომ ვაზისუბნის მამული საქართველოში 2013 წლიდან ოპერირებს ორი მიმართულებით: მეღვინეობა და სტუმარმასპინძლობა. ამას გარდა, მის დაფუძნებას საინტერესო ისტორია უდევს საფუძვლად.

ისტორია 1891 წელს დაიწყო, როდესაც ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ და ინოვატორმა – სულხან ჭავჭავაძემ სოფელ ვაზისუბანში განსაკუთრებული კონცეფციის მქონე ღვინის მამულის შექმნა გადაწყვიტა.

მრავალი წლის განმავლობაში ვაზისუბნის მამული უფუნქციოდ იყო მიტოვებული და აყვავებული მეურნეობა თავის ისტორიასთან ერთად განადგურების პირას დადგა. 

2013 წელს გადაწყდა ამ ადგილისთვის ახალი იდენტობის შექმნა და მისი ისტორიულ-კულტურულ კონტექსტის აღდგენა. ვენახები ხელახლა გაშენდა, გაუქმებულ, 140 წლის ღვინის მარანს ფუნქცია დაუბრუნდა; რესტავრაცია გაუკეთდა სასახლესაც, რომელიც დახვეწილ, ბუტიკის ტიპის სასტუმროდ გარდაიქმნა”, – ელენე ხაზარაძე, ვაზისუბნის მამულის მმართველი პარტნიორი.

M: ელენე, რომ მოგვიყვეთ: როგორ მოხვდა ვაზისუბნის მამულის ღვინო საერთაშორისო დაჯილდოებაზე?

ვაზისუბნის მამულის ღვინო ხშირად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენასა და დაჯილდოებაზე. ვამაყობთ, რომ გვაქვს მოპოვებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი აღიარება, მათ შორის Mundus Vini Summer Tasting 2023 – The Grand International Wine Award, სადაც ოქროს მედლით დაჯილდოვდა 2021 წლის მოსავლის ქვევრის საფერავი და 2020 წლის მოსავლის ქვევრის ქისი.   

თუმცა, განსაკუთრებით ვამაყობთ იმით, რომ 2024 International Wine Challenge-ის ფარგლებში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული მოვლენაა ღვინის სფეროში, მოვიპოვეთ ოქროს მედალი, შემდეგ ტროფი და ბოლოს ჩემპიონი ღვინის სტატუსი. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართული ტრადიციული ქვევრის ტექნოლოგიით დამზადებული ღვინო ჩემპიონის კატეგორიის გამარჯვებული გახდა. ვფიქრობთ, ეს მიღწევა არა მხოლოდ ჩვენი კომპანიისთვის, არამედ ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანია. 

M: რამდენად მაღალი კონკურენციის პირობებში მოუწია ქართულ ღვინოს გავლა, რა კრიტერიუმებით შეფასდა ის და ვინ იყო ჟიური?

International Wine Challenge-ში ყოველწლიურად იღებენ მონაწილეობას ისეთი ქვეყნის მწარმოებლები, როგორებიც არის საფრანგეთი, ესპანეთი, პორტუგალია, იტალია, ახალი ზელანდია, ავსტრალია. 

კონკურსი სამ საფეხურად მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე ხდება ღვინის პირველადი შეფასება და ირჩევა ის დასახელებები, რომლებიც პოტენციურად მოიპოვებენ ბრინჯაოს, ვეცხლის ან ოქროს მედლებს. მეორე ეტაპზე, ქულების მინიჭების სისტემით, ნაწილდება ჯილდოები. მესამე ეტაპზე კი ხდება ოქროს მედლის მქონე ღვინის ხელახალი შეფასება, რომლის შედეგადაც, შესაძლოა მოიპოვო ტროფი. ტროფის მქონე ღვინოებს, IWC-ის თანათავმჯდომარეები კიდევ ერთხელ აფასებენ და რჩეულ დასახელებებს ანიჭებენ ჩემპიონის წოდებას. 

 აუცილებელი პირობა კონფიდენციალურობაა, შესაბამისად, ჟიური ე.წ. Blind Tasting-ის მეთოდით აფასებს შერჩეულ დასახელებებს. 

ჟიური საერთაშორისო ექსპერტების პანელისგან და ICW-ის 6 თანათავმჯდომარესგან შედგება. თითოეულ მათგანს უდიდესი გამოცდილება და განსხვავებული პროფილი აქვს მეღვინეობის სფეროში. 

M: თავად პროდუქტი რომ აღვწეროთ: რა მახასიათებლები აქვს „ქვევრის ქისი 2021-ს”, როგორი გემოვნური თვისებები და ა.შ., რის გამოც, თქვენი აზრით, წარმატება დაიმსახურა?

ვაზისუბნის მამულის 2021 წლის მოსავლის ქისი გამოირჩევა გამომცხვარი ვაშლის, კარგად გამოხატული ცვილის და ატმის სურნელის ტონებით. სხეული ხავედროვანია. მდიდარი და დახვეწილი ფენოლური დაბოლოება კი უზრუნველყოფს მის დაძველების პოტენციალს. ქვევრის ღვინის პოპულარობა ყოველწლიურად იზრდება და გვიხარია, რომ 8000-წლიან ტრადიციას დღეს ახალი სიცოცხლე ეძლევა, რომელსაც მსოფლიო აღიარებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, ჩვენი მთავარი მეღვინის – ლადო უზუნაშვილის როლი თითოეული სახეობის შექმნაში. მისი დაუღალავი შრომის, შემოქმედობითობისა და უდიდესი გამოცდილების შედეგია ის წარმატება, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ.

M: რა მნიშვნელობა აქვს International Wine Challenge-ზე გამარჯვებას და როგორ აისახება ეს ბრენდის სამომავლო აქტივობებში?

პირველ რიგში, ეს წარმატება ჩვენი ქვეყნის წარმატებაა, რადგან კიდევ ერთხელ შევძელით და მოვნიშნეთ საქართველო ღვინის საერთაშორისო რუკაზე. ვაზისუბნის მამულისთვის კი, ეს არის უზარმაზარი მოტივაცია, რომ გავაგრძელოთ განვითარება და ზრდა, შევქმნათ ღვინის უნიკალური და დასამახსოვრებელი სახეობები და საუკეთესო გამოცდილება შევთავაზოთ როგორც ღვინის მოყვარულებს, ისე მამულის სტუმრებს, რადგან ჩვენი ბრენდის კონცეფცია ღვინისა და სტუმარმასპინძლობის გარშემო არის აგებული.

[R]

ოჯახური ბიზნესიდან 80 ქვეყნის მაღაზიის თაროებამდე – Ahmad Tea

თიბისი ტექსკოლა: სწავლობ და ქმნი მარტივად