in

„ჩვენ გვეამება თამამი პროექტები“ – Q&A – ქვლივიძე&ანთაძის დამოუკიდებელი დუეტი

„ყველა საინტერესო გამოწვევა იმსახურებს სათანადო პასუხს“

ფოტო: ლევან მაისურაძე, დიზაინი: ელდარ ხალიბაური

მას შემდეგ, რაც გიორგი ქვლივიძემ და ნიკა ანთაძემ პირველად იმუშავეს არტ დირექტორისა და ქოფირაითერის წყვილში, 13 წელი გავიდა. მაშინ სააგენტო Windfor’s-ის პროექტებს იყვნენ შეჭიდებულები. მოგვიანებით, 2015 წლიდან სააგენტო HOLMES&WATSON-ის შემოქმედებით გუნდს აგუგუნებდნენ – ამჯერად, კრეატივ დირექტორისა და სინიორ არტ დირექტორის როლები ჰქონდათ შეთავსებული. ერთად იდეების გენერირებაზეც უამრავჯერ უშრომიათ და გუნდისთვის მიმართულების მიცემასა და საბოლოო პროდუქტის ხარისხის კონტროლზეც.

საერთო პროექტების სათვალავი დიდი ხანია აერიათ, თუმცა ერთად ნამუშევარი საყვარელი კამპანიების გახსენებაზე უარი მაინც არ გვითხრეს.

„ჩვენი ხელით თუ ჩვენი ხელმძღვანელობით გაკეთებული საყვარელი კამპანიებიდან, გამოსარჩევია ცხონებული ჯეოსელის „მომავლის პლატფორმა“ (Windfor’s 2011), რომლის ერთ-ერთი TVC-ს სიუჟეტიც მაშინდელმა პრეზიდენტმა რეალურ სამყაროში განახორციელა და ჩვენი გამოგონილი ფუტურისტული საკლასო ოთახის მსგავსი „ჭკვიანი“ საკლასო ოთახები თითქმის მთელ საქართველოში გახსნა.

გამოსარჩევია TBC ბანკის „გამარჯობა“ (H&W 2015), რომელმაც საფუძვლიანად შეცვალა მომხმარებელთან ურთიერთობაგაციებული ბრენდის იმიჯი. TBC დაზღვევის „შეცდომები მოსულა“ (H&W 2018), რომლის საკომუნიკაციო გზავნილიც სარეკლამო ფარგლებს გასცდა და ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოსადეგ მანტრად შემორჩა ტვინებს. რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, 2022-ის ბოლოს გვქონდა ჩიტისმბრდღვნელი კოლაბორაცია – ისევ TBC დაზღვევის „სანერვიულო არაფერია“.“

ერთ დღესაც მიხვდნენ, რომ ერთად მუშაობა მოენატრათ და გადაწყვიტეს, 13-წლისწინანდელივით, ახლიდან დაეწყოთ ყველაფერი, ამჯერად, ფრენის განსხვავებულ სიმაღლეზე. ქვლივიძე-ანთაძის დამოუკიდებელი დუეტი Q&A-ს სახელით წარუდგა კრეატიულ ინდუსტრიას. თამასა მაღალია – თამამ და სტრატეგიულ პროექტებზე მუშაობა და თანაც მათთან, ვინც კრეატივის ფასი იცის. როგორც თავად ამბობენ, Every Q deserves an A. ერთობლივი ძალისხმევით, უკვე Q&A-ს სადებიუტო პროექტიც გაუშვეს დეკემბრის დასაწყისში –  Zoommer-ის “Brain Train”.

M: როგორ მიხვედით გადაწყვეტილებამდე, რომ ამჯერად, თქვენ ორნი, Q&A-ს სახელით უნდა გამოჩენილიყავით კრეატიულ სივრცეში?

ერთად მუშაობა მოგვენატრა – კერძოდ საერთო იდეების გენერირება და განხორციელება, მესამე გონების გააქტიურება. გადაწყვეტილებამდე მივედით Rooms-ში (მეგობრული ფლეისმენთია) და Q&A წარმოვიდგინეთ, როგორც ახლებური და ბაზრისთვის დროული სერვისი, რომელიც საკმაოდ ძვირი იქნება, თუმცა ასეც უნდა იყოს.

M: თქვენი შეფასებით, რას საჭიროებს დღეს ქართული შემოქმედებითი და მარკეტინგული ინდუსტრია, ყველაზე მეტად და ამის საპასუხოდ, რას სთავაზობთ თქვენ?

გვგონია, რომ დღეს სააგენტოებსა და კლიენტებს შორის დისტანციაა გაზრდილი. ხშირად ხდება აცდენა მოლოდინებში. შეიმჩნევა ნდობის დეფიციტებიც. არაერთი მარკეტერი სააგენტოს კონკრეტული პროფესიონალების გვარ-სახელების გამო აკითხავს, შემდეგ კი, პროცესში ექმნება შთაბეჭდილება, რომ სხვა კალიბრის გუნდი ემსახურება. მეორეს მხრივ, მარკეტერები ვერ თუ არ აცნობიერებენ, სააგენტოსთვის კარგად გადახდის აუცილებლობას, რაც შესაძლებელს გახდიდა სააგენტოს მოგებიან თუ არა, თავის შემნახველ ბიზნესად ჩამოყალიბებას და შესაბამისად, უზრუნველყოფდა მოლოდინების კონტროლს. Q&A მხოლოდ ისეთ პროექტებზე იმუშავებს, რომლის ანაზღაურებაც ადექვატური იქნება ბრენდის ამოცანასთან და კლიენტის ამბიციებთან, სამაგიეროდ ხელიდან არ გაუშვებს ხარისხს.

M: როგორია Q&A – როგორი იქნება თქვენი მუშაობის პრინციპი?

Q&A დამოუკიდებელი დუეტია (Qvlividze&Antadze), ანუ იდეებზე პირადად ჩვენ ვიმუშავებთ, როგორც არტ დირექტორ-ქოფირაითერის წყვილი. განხორციელების ნაწილში შემოვიერთებთ საჭირო პროფესიონალებს, ჩვენ კი კლიენტის მხარეს გადავალთ როგორც პროექტის ოუნერები. რადგან ეს კონფიგურაცია შეზღუდული არ არის შიდააგენტურული ადამიანური და მატერიალური რესურსით, იდეის  გამოხატვის ფორმებშიც არ შევიზღუდებით, რაც არაორდინალური გადაწყვეტების მოძებნაში დაგვეხმარება. „კლიპი და სოც.მედია გაშლა“ აღარ უნდა იყოს წარმატებული კამპანიის ერთადერთი ალგორითმი.

M: როგორია თქვენთვის სამიზნე პროექტები, რაზე მუშაობაზეც ხართ ორიენტირებულები?

ჩვენ გვეამება თამამი პროექტები, მუშაობა იმ მარკეტერებთან, ვინც სტრატეგიაზე დაშენებული კრეატივის ფასი იცის და ზუსტად აცნობიერებს რატომ და რისთვის უნდა დაიხარჯოს ფული.

პასუხისმგებლობას არ ავიღებთ „მოდირამეკაიგავაკეთოთ“ ბრიფებზე.

თუ მარკეტერმა მკაფიოდ იცის საკუთარი ბრენდის მიზანი, ჩვენ ვიცით როგორ მიაღწიოს ამ მიზანს. რა თქმა უნდა, ღია ვართ ახალი ბრენდების შექმნაში მონაწილეობისთვის, როგორც იდეური, ასევე ვიზუალური იდენტობის მხრივ. სარეკლამო პროდუქტის გარდა, გეგმაში გვაქვს დამოუკიდებელი პროექტებიც.

M: როგორ გეგმავთ Q&A-ს განვითარებას? 

ამ ეტაპზე საკუთარ თავს ღიად ვაცხადებთ და ველით საინტერესო კოლაბორაციებს.

გვჯერა, რომ ყველა საინტერესო გამოწვევა იმსახურებს სათანადო პასუხს. Every Q deserves an A.


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

„ბავარიის“ ბრენდმა Leavingstone-ის მიერ შექმნილი რეკლამა ევროპის ქვეყნებში გაიტანა

როგორი იყო 2023 წელი სააგენტო Clipart-ისთვის